LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის უპასუხისმგებლო ბიუჯეტი“ – ოპოზიცია ცვლილებებს მხარს არ უჭერს

158
72877105-561890581285646-8541059341640269824-n

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში შესატან ცვლილებებს ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა. საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 2.2 მლნ ლარით (37%-ით) იზრდება და წელს ადმინისტაცია ჯამში 8.2 მლნ ლარს დახარჯავს. 23 სექტემბრის მდგომარეობით, ადმინისტრაციას უკვე აქვს დახარჯული 6 მლნ ლარი, ხოლო დამატებით 800 ათასი ლარის ვალდებულებები აქვს დასაფარი. იზრდება ხარჯები განათლების და ჯანდაცვის სამინისტროში. ასევე იუსტიციის სამინისტროსა და საპენსიო სააგანტოში.

სამარლამენტო ოპოზიციის განმარტებით, 500 მილიონით ლარით გაზრდილი ქვეყნის შიდა ვალი, ეროვნულ ვალუტაზე ზეწოლას, ლარის მეტ გაუფასურებას და ინფლაციას გამოიწვევს.

„დარჩენილ 3 თვეში 400 მილიონ ლარზე მეტად იზრდება ქვეყნის შიდა ვალი. ეს არის უპასუხისმგებლო ბიუჯეტი. ეს არის ლარის გამაუფასურებელი და ინფლაციის წამახალისებელი ბიუჯეტი. უამრავი სხვადასხვა ხარჯი არის გაწერილი, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის“, – აცხადებს რომან გოცირიძე.

სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებს მხარს არც „ევროპული საქართველო“ დაუჭერს. ზურაბ ჭიაბერაშვილის განმარტებით, დაუსაბუთებელია მთავრობის მიერ წარდგენილი ბიუჯეტის ცვლილებები. მისივე თქმით, 500 მილიონი ლარით გაზრდილი ხარჯები არის პირდაპირ ზეწოლა ლარზე და ასეთ ნაბიჯს ისინი მხარს არ დაუჭერენ.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 12 729 700 000 ლარით იყო განსაზღვრული. ეს ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველადი ვარიანტი იყო.

საჯარო ინფორმაციის მიხედვით 2019 წლის ეკონომიკური პროგნოზი 4,5%-ით განისაზღვრა.

ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობიდან, 3 773.1 მლნ ლარი სოციალურ უზრუნველყოფა, 1 473.8 მლნ ლარი – შრომის ანაზღაურებაზე, 1 194.0 მლნ ლარი – საქონელსა და მომსახურებაზე და სხვა.2019 წელს სახელმწიფო არსებულ ვალდებულებებს 933.9 მლნ ლარით შეამცირებდა, საიდანაც 893.8 მლნ ლარი მიმართული იქნებოდა  საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების, ხოლო 40.1 მლნ ლარი – საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების და დავალიანების დაფარვა.

პრეზიდენტმა რეზიდენციისთვის ბიუჯეტის ფულით 1, 5 მილიონი ლარის ანტიკვარიატი შეიძინა

სპეციალური ჯგუფი კარდაკარ 1917 წლამდე გამოშვებულ ნივთებს ეძებს

რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციას, 2018 წელს  ის  13.5 მლნ ლარი იყო, რაც 2019 წლისთვის  შემცირდა, თუმცა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ცვლილებით, ადმინისტრაციის ხარჯები და შესაბამისად, საბიუჯეტო დაფინანსება ისევ იზრდება.

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, რომ მიმდინარე წლის დასრულებამდე გაიზრდება ხარჯები განათლების, ჯანდაცვის, იუსტიციის სამინისტროებში და ასევე საპენსიო სააგენტოში. მისივე განმარტებით მაკრო-ეკონომიკური პარამეტრები არ შეიცვლება.

„ეს იმას ნიშნავს, რომ 2019 წელს სახელმწიფო დახარჯავს 13 მილიარდ 300 მილიონ ლარს. უმრავლესობა ამას მხარს დაუჭერს და დამტკიცებული იქნება სესიაზე“, – აცხადებს ირაკლი კოვზანაძე.