LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის პირადი ტყვეობა.. მხოლოდ ერთი გზა არსებობს – შეწყალება“ – როგორ აფასებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გვარამიას განაჩენს

90
Untitled design

დღეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და მას პატიმრობა მიუსაჯა.

ნიკა გვარამიას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა აქამდე განსაზღვრული ვადით – 3 წლით და 6 თვით მოუწევს.

გვარამიას უფლებადამცველები, ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლები მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას აფასებენ და მას უსამართლოს და პოლიტიკურს უწოდებენ. 

განაჩენის გამოცხადების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ პრეზიდენტს მიმართა და მოუწოდა, აიღოს პასუხისმგებლობა და ნიკა გვარამია შეიწყალოს. 

პრეზიდენტის მიერ გვარამიას შეწყალებაზე საუბრობს „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძეც:

„ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვება და დღევანდელი სასამართლო გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, ქვეყანაში ერთი კაცის მმართველობას.

მიტაცებულია და შურისძიების იარაღადაა ქცეული სასამართლო. შინაარსობრივად კი დღევანდელი გადაწყვეტილება აბსურდულია, უკანონოა და სამაგალითოა სხვების დასაშინებლად, დამოუკიდებელი მედიის მოსახრჩობად.

ამ უსამართლობის დასაბალანსებლად მხოლოდ ერთი გზა არსებობს – პრეზიდენტის გადაწყვეტილება – ნიკა გვარამიას შეწყალება. ის უნდა დადგეს საკუთარ წყენაზე მაღლა და საზოგადოების ინტერესების გამო დაივიწყოს ის კრიტიკა, რაც მიუღია თუნდაც ნიკასგან“, – წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, იმისათვის, რომ ნიკა გვარამია, ასევე მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი იყოს – ერთიანობაა საჭირო:

„ჩვენ გვჭირდება საერთო ევროპული ერთობა ევროპულ ფლანგზე, რის შემდეგაც კანდიდატის სტატუსსაც მივიღებთ, გვარამიასაც გავათავისუფლებთ, როგორც პოლიტპატიმარს და სააკაშვილიც გათავისუფლდება, როგორც პოლიტიკური პატიმარი. ეს არის ერთადერთი გზა. ერთიანობის გარდა სხვა ალტერნატივა არ არსებობს! გვინდა გვარამია იყოს თავისუფალი? ერთიანობა. გვინდა სააკაშვილი იყოს თავისუფალი? ერთიანობა. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი გვინდა? ერთიანობა“, – განაცხადა ვაშაძემ სააპელაციო სასამართლოსთან.

გვარამიას პატიმრობაში დატოვებას აფასებს „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარიაც და ამბობს, რომ დღევანდელი რეჟიმისგან რაიმეს მოლოდინი, რომ სასამართლო სასამართლოს დაემსგავსება, არ არსებობს:

„ამ სასამართლომ არაფერი გვაჩვენა სამართლის, მართლმსაჯულების შესახებ და არ გვაჩვენა ჩვენი ქვეყნის პერსპექტივა. ერთადერთი გვაჩვენა, რომ ნიკა გვარამია აგრძელებს ბრძოლას და არის თავისუფლებაში მყოფ ძალიან ბევრ ადამიანზე უფრო ძლიერი. ამიტომ, მთავარი დასკვნები არის ჩვენი გამოსატანი. მთავარი დასკვნა არის ის, რომ ამ რეჟიმისგან რაიმეს მოლოდინი, რაღაც მომენტში მოლბებიან, სასამართლო სასამართლოს დაემსგავსება, რომ მათ მართლა აინტერესებთ საერთოდ რამის გარკვევა, არ არსებობს. ეს არის რუსული რეჟიმი. რუსული რეჟიმი ერთადერთი რასაც აკეთებს, ციხეში ამწყვდევს თავისუფალ ადამიანებს“, – ამბობს ხოშტარია.

როგორც „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აღნიშნავს, ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი სწორედ თავისუფალი მედიაგარემოა, ნიკა გვარამიას განაჩენი კი ადასტურებს, რომ ამ რეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტი არ სრულდება:

„თავი რომ დავანებოთ სხვა პუნქტებს, რომლებიც ასევე არ სრულდება. ეს კი ნიშნავს ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის სერიოზული პრობლემების შექმნას…

ჯერ არ არსებობს ოპოზიციის ერთობა, რომ ვინმემ საერთო გეგმაზე ისაუბროს და როდესაც ერთობა იქნება, შემდეგ ვილაპარაკებთ ამაზე. ვაპირებ იმ მიმართულებით მოძრაობას, რომ საბოლოო ჯამში მოხდეს დიდი ოპოზიციური გაერთიანება ყველასთან, მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობასთანაც“, ეს მგონია გამოსავალი“, – აცხადებს ჯაფარიძე.

სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ძალის დემონსტრირებას უწოდებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია:

„ეს იყო სწორედ იმის დემონსტრირება, რა კურსიც ივანიშვილის რეჟიმმა აიღო.

თუკი იყვნენ კიდევ წესიერი, პატიოსანი მოქალაქეები, რომლებსაც რაიმე ილუზია ჰქონდათ, რომ ამ რეჟიმის პირობებში შესაძლებელია ჩვენი ქვეყნის სწორ გზაზე დადგომა, თავისუფალ სამყაროში დაბრუნდება, დემოკრატიის ფუნდამენტური საკითხების მოგვარება, ეს ილუზია ყველამ უნდა მოისპოს“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

„ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოს, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს, ნიკა გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილება არ მიუღია და ისინი უბრალოდ აცხადებენ განაჩენს, რომელიც სხვაგან და უფრო ადრე დაიწერა:

„გვარამია იმ ბრალდებით, რასაც მას პროკურატურა უყენებს, არის უკანონო და პოლიტიკური მოტივით ციხეში ჩასმული. ასევე, ამ ქვეყნის მომავლისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის საფრთხეს და ზიანს წარმოადგენს არა ის, რასაც პროკურატურა ედავება გვარამიას, არამედ საფრთხეს წარმოადგენს პოლიტიზებული პროკურატურა და სასამართლო იმ მდგომარეობაში, რომელშიც არის“, – ამბობს ნაცვლიშვილი.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის შეფასებით, ნიკა გვარამიას საქმე პოლიტიკურია:

„ეს არის პოლიტიკური საქმე და დიახ, ოლიგარქის, ივანიშვილის ინტერესშია, რომ ადამიანი, რომელიც რეჟიმს ამხელს, პირად ტყვეობაში ჰყავდეს. ეს არის პირადი ტყვეობა.

ეს არის 100 პროცენტით პოლიტიკურად შეთითხნილი საქმე. გადაწყვიტეს, რომ მედიამენეჯერი, რომელიც ხელისუფლებას წარმატებით ამხელდა, იზოლაციაში ჰყავდეთ. სწორედ ამიტომ არის ნიკა გვარამია გამოკეტილი“, – თქვა მანჯგალაძემ.

როგორ ეხმიანებიან ნიკა გვარამიას გამამტყუნებელ განაჩენს, ვრცლად წაიკითხავთ აქ:

გვარამიას ადვოკატი: დარწმუნებული ვარ, მომავალში ამ გადაწყვეტილებას მძიმედ ინანებენ

დღეს ჩვენ ვნახეთ ე.წ. მოსამართლეები ე.წ. პროცესზე.. ისინი შვილებს თვალებში ვერ ჩახედავენ, ბრძოლა გრძელდება – სოფო ლილუაშვილი

ფოფხაძე: ყველას გთხოვთ, მიზანმიმართულად დავარღვიოთ ადმინისტრაციული კოდექსი და სასამართლოს ეზოში გავმართოთ მიტინგი.. უნდა ვიბრძოლოთ გვარამიას თავისუფლებისთვის

“ვინც თქვენს დუმილს “ბიზნესის უსაფრთხოებით” ხსნით, სწორედ მაგ ბიზნესზე დაგარტყამთ რეჟიმი” – უგულავას მიმართვა ბიზნესს

გიორგი გაბუნია: „რა უნდა ვთქვა? აღმოჩნდა, რომ ივანიშვილს ჯერ კიდევ სჭირდება, რომ ნიკა იყოს ციხეში“

ნანუკა ჟორჟოლიანი: ბატონო მოსამართლე, ვილოცებ ცხოვრება თქვენს მიმართ ისეთივე სამართლიანი იყოს, როგორც თქვენ იყავით დღეს ნიკას მიმართ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები