LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს არ იყო ტურისტული ვიზიტი: შტაინმაიერი ხელცარიელი არ ჩამოსულა”

293
71845099-1461671430637423-3274326081120763904-o

გერმანიის პრეზიდენტი საქართველოში ტურისტად რომ არ ჩამოსულა და 3000 კმ-ზე მეტი მხოლოდ ალავერდის სანახავად არ გამოუვლია, ეს ალბათ მარტივი მისახვედრია. მაშინ რა უნდოდა შტაინმაიერს – ეს იყო სტანდარტული ოფიციალური ვიზიტი თუ მან თბილისში კონკრეტული გეგმა ჩამოიტანა, როგორ მოვაგვაროთ კონფლიქტი რუსეთთან. 

საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა: შტაინმაიერისა და სალომე ზურაბიშვილის ერთობლივი ბრიფინგი

"ჩვენი შესაძლებლობები ჯერ კიდევ არ არის ამოწურული" - ფრანკ-ვოლტერ შტაინმაიერი.

შტაინმაიერის გვარი 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის დროსაც გვახსოვს, როცა მან სამეტაპიანი გეგმა შემოგვთავაზა. ის ითვალისწინებდა ძალის გამოუყენებლობას და დევნილების დაბრუნებას, ასევე დონორების ჩართულობით აფხაზეთის ეკონომიკურ რეაბილიტაციას და აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრას მოლაპარაკების გზით. აქ არ იყო დაკონკრეტებული, რა სტატუსის განსაზღვრას გულისხმობდა შტაინმაიერი.

სხვათაშორის, განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებაზე საუბრობს შტაინმაიერი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებისთვის საკუთარ ფორმულაში, რამაც უკრაინაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. მას ოპოზიციამ კაპიტულანტური გეგმა უწოდა. უკრაინაში თვლიან, რომ შტაინმაიერის ფორმულა კიევში დაიწერა.

სწორედ ამიტომ გაჩნდა ბევრი შეკითხვა გერმანიის პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ. მით უმეტეს, ილია მეორესთან შეხვედრაზე პატრიარქმა შტაინმაიერს რუსეთთან კონფლიქტის მოგვარების საკითხში გერმანიის ავტორიტეტის გამოყენება სთხოვა. 

"სამხედრო ბაზები უნდა აიღონ ოკუპირებული ტერიტორიებიდან, თქვენ არ გაგიჭირდებათ" - ილია მეორე გერმანიის პრეზიდენტს

მიგვაჩნია, რომ გერმანიას აქვს იმდენი ძალა და ავტორიტეტი, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში.

რა წინადადებები ან გეგმები ჩამოიტანა, რა იყო გერმანიის მთავარი გზავნილი ხელისუფლების მიმართ და ვინ როგორ უყურებს საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მოგვარების გერმანულ მეთოდებს, ამ საკითხებზე რადიო „ფორტუნა“ ექსპერტებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს ესაუბრა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „დღის თემაში“ განაცხადა, რომ ორი უკიდურესობაა, როცა ამბობენ, რომ ის კონკრეტული ფორმულით ჩამოვიდა ან სტანდარტული შეხვედრა იყო.

„შტაინმაიერის ჩამოსვლა არც ერთ შემთხვევაში სტანდარტული ვიზიტი არაა.  არასოდეს ჩავთვალოთ, არ დავდოთ სასწორზე მისი ჩამოსვლის მნიშვნელობა ფორმულით თუ უფორმულოდ.

პატარა ქვეყანა ამდენი გამოწვევით უნდა გადარჩეს. მართალია, იქ კანცლერია წამყვანი ფიგურა, მაგრამ ეს ერთი დიდი მძლავრი გუნდია. უნდა გვახსოვდეს ერთი რამ – ჩვენ გვყავს მოკავშირე, რომელსაც ესმის, რომ რუსეთი ჩვენ მიმართ სცოდავს და თან ძალიან ცუდად. რეალურად, ჩვენ გვაქვს რესურსი გერმანიის სახით, რომ რუსეთთან თუნდაც ერთი ერთში ურთიერთობაში , შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ რუსეთს მძლავრი ქვეყანა ელაპარაკება ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით“, – აცხადებს გია ვოლსკი.

ხელისუფლების წარმომადგენელი შტაინმაიერის ვიზიტის სხვა მიმართულებებსაც შეეხო, რომელიც ოკუპაციის თემის გარდა, ეკონომიკურ და კულტურულ თანამშრომლობას ითვალისწინებს.

საქართველო ეკონომიკური რეფორმების კუთხით ლიდერია - შტაინმაიერი გიორგი გახარიას შეხვდა

საქართველოს პრემიერმა გერმანიის პრეზიდენტს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.

„დღის თემაში“ ექსპერტმა საერთაშორისო საკითხებში, საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორმა გია ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ფაქტია, შტაინმაიერი თბილისში ტურისტული მიზეზით არ ჩამოსულა.

 

გია ჯაფარიძე: „არ მგონია, რომ მსგავსი ფორმულა ყოფილიყო შემოთავაზებული საქართველოსთვის, რაც უკრაინაში ჩაიტანა. რუსეთს საქართველოში უკეთესი პოზიცია აქვს, განსხვავებით უკრაინისგან. ჩვენს ტერიტორიაზე მას ორი ოკუპირებული ნაწილი აქვს და აღიარებული , როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები, მიმდინარეობს მათი დაჩქარებული ანექსიის პროცესი. უკრაინაში ჯერ ეს არ აქვს, ის პოზიციების გაუმჯობესებას ცდილობს. ამიტომ საქართველოსთვის ვერ იქნება „შტაინმაიერის ფორმულა“ შემოთავაზებული.

ცხადია, შტაინმაიერი ტურისტულად არ ჩამოსულა. მით უმეტეს, მანამდე თბილისში კანცლერი იმყოფებოდა.

შტაინმაიერის ვიზიტი, სწორედ რომ შეიძლება რუსეთს უკავშირდებოდეს. ის ხელცარიელი არ ჩამოვიდოდა“, – ამბობს ჯაფარიძე.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საოკუპაციო ზონას ესტუმრა 

ის ხაზს უსვამს, რომ ბოლო პერიოდში,რატომღაც მსოფლიო თითქოს რუსეთის საერთაშორისო რეაბილიტაციას ცდილობს. ჯაფარიძე იხსენებს რუსეთის დელეგაციის დააბრუნებას ევროსაბჭოში, ტრამპის მოსაზრებას, რომ დიდი შვიდიანი რვიანად ხომ არ გადაკეთდეს და ა. შ.

თუ ამ მოვლენებს გადავხედავთ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ყირიმის შემდეგ, როცა რუსეთი იზოლაციაში მოაქციეს, ახლა დამოკიდებულება შეარბილეს და მსოფლიო ლიდერები მუშაობენ კონფლიქტური სიტუაციების „დალაგებაზე“.

ამას ემსახურება შტაინმაიერის ფორმულა უკრაინაში, მისი ვიზიტი საქართველოში, მანამდე ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრა გაეროს ფორმატში და ა. შ. ექსპერტები ამბობენ, რომ დიალოგი კარგია, მაგრამ ჩვენ აუცილებლად ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა სურს რუსეთს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები