კორონავირუსმა მსოფლიოს ცხოვრება თავდაყირა დააყენა. ძნელია, იფიქრო, რომ ყველაფერი მალე კარგად იქნება.

საგანგებო მდგომარეობა უკვე ევროპის რამდენიმე ქვეყანამ გამოაცხადა. დიდი ალბათობით, მათ რიცხვს ძალიან მალე საქართველოც შეუერთდება.

„ფორტუნა“ დაინტერესდა, არის თუ არა საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა?

ეს ღონისძიებები ჯერჯერობით საკმარისია

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „ფორტუნასთან“ საუბარში აცხადებს, რომ ვერ ხედავს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას.

„საქართველოს მთავრობამ ამ ეტაპზე რა ღონისძიებებიც გაატარა, შეიძლება ითქვას, რომ საკმარისია. ქვეყანაში კონტროლდება შემოსვლა და გასვლა, ყველას მოუწოდებენ, რომ თავშეყრის ადგილებში არ იყვნენ, დაიხურა ბევრი ორგანიზაცია და ონლაინრეჟიმზე გადავიდნენ სამუშაოდ. ჯერჯერობით იმ ეპიტსიტუაციით რაც გვაქვს, ეს ღონისძიებები საკმარისია. მეოთხეული შემთხვევების ბევრმა დადასტურებამ შეიძლება კიდევ უფრო გაამკაცროს სიტუაცია. საბედნიეროდ მეოთხეული შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა“, – აცხადებს ინფექციონისტი სააგენტოსთან საუბარში.

კითხვაზე, კორონავირუსით დაინფიცირების მეოთხეული შემთხვევა რამდენი უნდა დაფიქსირდეს, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადეს, ინფექციონისტი პასუხობს, რომ ეს ყველა ქვეყანაში ინდივიდუალურად ხდება და დამოკიდებულია მოსახლეობისა და დაავადებულთა რაოდენობაზე.

 

ნამდვილად არ ვიჩქარებდი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას

პროფესორი ლადო პაპავა აცხადებს, რომ მსოფლიოს ეკონომიკა განიცდის კრიზისს და გვინდა თუ არა, საქართველოს ეკონომიკასაც იგივე ემუქრება, თუმცა როგორც პროფესორი პაპავა აცხადებს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას სიფრთხილე სჭირდება, რადგან მას ბევრი უარყოფითი შედეგი მოჰყება.

„საგანგებო მდგომარეობა ეს არის განსაკუთრებული რეჟიმი, როდესაც შეზღუდულია ადამიანების უფლებები და მის შემოღებას გარკვეული სიფრთხილე სჭირდება.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მე ნამდვილად არ ვიჩქარებდი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას. მაგრამ თუ ეს აუცილებელი გახდება, მთავრობა იძულებული გახდება გადაწყვეტილება მიიღოს.

მთავარია, მთელმა საზოგადოებამ გააცნობიეროს, რომ დღეს ვართ არაორდინალურ მდგომარეობაში და რაიმე ნეგატიური საქციელი ყველას ავნებს.

კორონავირუსი არის პანდემია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკური კრიზისი. კრიზისული მდგომარეობა მთელს მსოფლიოში ჯერ არ ჩამოყალიბებულა, მაგრამ სიტუაცია დიდი ნაბიჯებით აქეთკენ მიდის. მოულოდნელობა არ იქნება, თუ საქართველოს ეკონომიკაც კრიზისში აღმოჩნდება.

ეს არის ადამიანების უკულტურობა, როდესაც ადამიანები პროდუქტებს იმარაგებენ. ასეთი საქციელით ადამიანები პირველ რიგში საკუთარ თავს აზიანებენ. არავინ იცის პანდემია რამდენ ხანს გასტანს. თუკი ჩვენ არ ვიცით დროში რამდენ ხანს გასტანს, რამდენი შეიძლება, რომ მოვიმარაგოთ? ადამიანების ასეთი საქციელით იქმნება სასურსათო დეფიციტი და ფასები იმატებს. გამოდის პირველ რიგში საკუთარ თავს ვნებთ“, – აცხადებს ჩვენთან საუბარში ლადო პაპავა.

 

საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებას, მე როგორც ექიმი, მხარს დავუჭერდი

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ლადო კახაძე „ფორტუნასთან“ საუბარში აცხადებს, რომ მიესალმება თუ მთავრობა საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს.

„მოდით, ვიყოთ რეალისტები და ობიექტურები. ის, რაც ყველაზე მთავარი იქნება უსაფრთხოებისათვის, ის უნდა გაკეთდეს. დღეს მთელი მსოფლიო შეიკრა ერთი აზრის გარშემო. ჩვენ დღეს ვიმყოფებით სამყაროში, სადაც საზღვრები ფაქტობრივად წაშლილია.

ბევრი რამ ჩვენმა ხელისუფლებამ ისეთი გააკეთა, განსაკუთრებით ჯანდაცვამ, რაღაცეებში მსოფლიოს კი არ ჩამოვრჩით, გავასწარით კიდეც. ამ სიტუაციაში თუ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს, მე როგორც ექიმი, მხარს დავუჭერდი.

საგანგებო მდგომარეობა ყველასთან ასოცირდება კომენდანტის საათთან, რომელიც 9 აპრილს იყო, მაგრამ საგანგებო მდგომარეობის დროს იქნება ერთმანეთზე კოორდინირებული აკრძალვები. რასაკვირველია, შეგნება თუ აქვს ადამიანს და შეგიძლია, შენი წვლილი შეიტანო შექმნილი მდგომარეობის გამოსწორებისთვის, ამისთვის საგანგებო მდგომარეობა საჭირო არაა. ანუ ადამიანებს სხვის სასარგებლოდ ბევრი რამის გაკეთება მოუწევს. ამ გართულებიდან გამოსავალს მხოლოდ ერთი კაცი და ერთი ოჯახი ვერ იპოვის, ყველამ უნდა ვიპოვოთ ერთმანეთის კონკურენციის ხარჯზე კი არა, ერთმანეთის შეხიდების ხარჯზე. საგანგებო მდგომარეობა ნიშნავს, ჩვენი ორგანიზებულობის ხარისხის ამაღლებას ერთმანეთის მიმართ“, – განაცხადა ლადო კახაძემ.

ინფიცირებულ ტურისტებთან კონტაქტში მყოფი 30 პირი იზოლირებულია, მათგან სამს გამოხატული სიმპტომები აქვს – ჯანდაცვის მინისტრი

 

შეზღუდვების დაწესება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შესაძლებელია

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ნაადრევია და თუ სახელმწიფო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს პანიკა კიდევ უფრო გაიზრდება.

„საგანგებო მდგომარეობა სამართლებრივი აქტია, რომელიც საკუთარ თავში გულისხმობს ისეთ ღონისძიებებს, რაც საერთოდ არ სცდება თვითიზოლაციასა და კარანტინის ფარგლებს. ვფიქრობ, შესაძლებელია, კონკრეტული შეზღუდვების დაწესება ყოველგვარი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც. მაგალითად, შესაძლებელია, პირველადი მოხმარების საგნების გარდა, სხვა სავაჭრო ცენტრები დაკეტილი იყოს.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ნაადრევია. იმიტომ რომ ის მოიცავს ბევრ ისეთ ღონისძიებას, რაც უფრო პანიკის საფუძველი შეიძლება გახდეს. მთავრობის ეს ნაბიჯი მოქალაქეებში სიტუაციას უფრო დაძაბავს, ვიდრე ეფექტს მოიტანს.

საგანგებო მდგომარეობის დროს ბევრი სამოქალაქო უფლებები იზღუდება, მათ შორის ისეთიც, რაც კორონავირუსთან ბრძოლასთან კავშირში არაა. მაგალითად, ინფორმაციის შეზღუდვა.

ჩემდა გასაკვირად ქართველებს აღმოგვაჩნდა მაღალი სოციალური იმუნიტეტი. სოციალური პასუხისმგებლობა საკმაოდ მაღალია. პანიკის დათესვის მცდელობები არის, მაგრამ ეს მინიმუმადეა დაყვანილი“, – აცხადებს ჩვენთან საუბარში ექსპერტი.

 

შეგახსენებთ,  საქართველომ 18 მარტის, 00:00 საათიდან, ორი კვირის განმავლობაში, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შემოსვლა აკრძალა. ასევე პრემიერმა განაცხადა, რომ სუიტუაციის მართვა გაუჭირდებათ, თუ რესტორნების, კაფეებისა და ბარების დახურვის გადაწყვეტილებას არ მიიღებენ.

კატეგორიები: ანალიტიკა

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05