LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ერთადერთი საფიცარი ჩემი 10 წლის შვილის საფლავია, იმ საფლავს ვფიცავარ, იარაღი არ მქონდა” – კობა კოშაძე

771
koba-2019-07-19-14-48-26-616195

“პატივცემულო მოსამართლე, ერთადერთი საფიცარი ჩემი 10 წლის შვილის საფლავია, რომელსაც 2-მეტრიანი ქვა ადევს, იმ საფლავს ვფიცავარ, მე იარაღი არ მქონდა”, – ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის ბრალდებულმა წევრმა კობა კოშაძემ სასამართლო პროცესზე, მის დაკითხვაზე განაცხადა.

როგორც კოშაძე აბობს, მისი მანქანის ჩხრეკას ხელი არ მოაწერა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ იარაღი ერთ-ერთმა პოლიციელმა ჩაუდო.

“დაკავების წინა დღეს სოფელში წავედი. მთელი ღამის განმავლობაში ჩემ ნაკვეთში ფიზიკურად ვმუშაობდი, საერთოდ არ მძინებია. შემდეგ ჩემს ავტონანქანაზე დავჯექი და შვილის საფლავზე ავედი, ღობე შევღებე, 19 აგვისტოს წლისთავს ველოდებოდი და მინდოდა მომეწესრიგებინა. მეუღლეს დავურეკე, რომ თბილისში შემხვედროდა და 100 ლარი მოეცა, ასევე დავურეკე ხელოსანს. საფლავიდან სახლში გამოვიარე, სოფლის ნობათი ჩავალაგე და თბილისში წავედი, დაახლოებით, 10-ის ნახევარი იქნებოდა. თბილისში შემოსული სამართალდამცავებმა გამაჩერეს და საბუთები მომთხოვეს. უცებ, მოძრაობა შეჩერდა, მომცვივდნენ, ჩხრეკა დამიწყეს. მანქანის კარები გააღეს, ირგვლივ 7-8 მანქანა მაინც იქნებოდა. გავიხედე და იარაღი ხელის მუხრუჭთან ეგდო, ეს ჩემი არაა-მეთქი ვთქვი. პოლიციელ ანდრო ნეფარიძეს ეკეთა მხოლოდ ხელთათმანი, ნახეთ, იარაღიო, დაიწყო ყვირილი. ჩემი არაა და რაც გინდათ გააკეთეთ-მეთქი, ვუთხარი. იარაღი პარკში ჩადეს, არ დაულუქიათ, სხვა მანქანაში პარკი გახსნეს და შიგნით იყურებოდნენ, ათვალიერებდნენ. მანქანის ჩხრეკას ხელი არ მოვაწერე. დარწმუნებული ვარ, იარაღი პოლიციელმა ნეფარიძემ ჩადო, რადგან ხელთათმანები მხოლოდ მას ეკეთა”, – აცხადებს კოშაძე.

კოშაძემ პროცესზე დეტალურად ისაუბრა პოლიციის სამმართველოში განვითარებულ მოვლენებზეც. როგორც იხსენებს, ერთ-ერთი ხელმძღვანელი დანაშაულის აღიარების სანაცვლოდ განრიდებას სთავაზობდა.

“რატომ დამიჭირეთ-მეთქი, ვკითხე ერთ-ერთ ხელმძღვანელს. გაეღიმა, რამდენი ხანია ირაკლი ოქრუაშვილთან მუშაობო, მკითხა. 20 ივნისს, მიტინგზე ხომ იყავიო, ესეც მკითხა. რა დავაშავე მერე რომ ვიდექი-მეთქი, ვუთხარი. კარგი, არ გინდა პოლიტიკაზე საუბარი, თუ აღიარებ, განრიდებას გაგიკეთებო, მითხრა. დავრწმუნდი, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და როგორც ამბობენ, მაღლიდან იყო ნაბრძანები. მე იარაღი არ მქონდა. ერთადერთი იმას ვნერვიულობ, ასე უსამართლოდ რომ მომექცნენ. მეგობრის და ოჯახის გამო აგერ ტყვიაც მივიღე. არავინ დამიჩაგრია ცხოვრებაში და მე რატომ უნდა დამჩაგრონ?”, – აღნიშნა კოშაძემ.

შეგახსენებთ,  თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრს, კობა კოშაძეს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა და ტარება ედება ბრალად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები