LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნულ მუზეუმში უშგულელი გენიოსი მხატვრის ფრიდონ ნიჟარაძის პირველი გამოფენა გაიმართა – ექსკლუზიური ფოტოები

4481
BeFunky-collage (2)

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში უშგულელი მხატვრის, ფრიდონ ნიჟარაძის პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა. გამოფენას პირველივე დღეს უამრავი ადამიანი დაესწრო. 75 წლის გენიოსი მხატვრის შედევრების ნახვისას დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებას ვერ მალავდა.

ღონისძიებისთვის, მხატვრის 42 რჩეული ნახატი შეირჩა, თუმცა მთლიანობაში მას 300-ზე მეტი ნამუშევარი აქვს.

ჯანმრთელობის მდგომაროების გამო, გამოფენას ვერ ესწრებოდა თავად მხატვარი. მაგრამ „ფორტუნა“ მის ძმას ბატონ თემრაზ ნიჟარაძეს ესაუბრა.

„ფროდონი ახლა სვანეთშია, ძალიან სამწუხაროა, რომ მისი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ ესწრება გამოფენას. ეს ნახატები ოჯახის წევრებმა ერთად შევარჩიეთ, თვითონ ფრიდონს ცოლ-შვილი არ ჰყავს, ჩვენ ვართ მისი ოჯახი. ფრიდონი, მე, ჩემი მეუღლე და ორი შვილი, თავად ფრიდონის აშენებულ სახლში ვცხოვრობთ, მან ის საკუთარი ხელით ააშენა.“-გვითხრა თემრაზ ნიჟარაძემ.

გამოფენის ორგანიზატორი და კურატორი, თავად ხელოვანი ნატალია კლდიაშვილი ამბობს, რომ ფრიდონ ნიჟარაძის ნამუშევრებით უკვე დაინტერესდნენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. მაგალითად, სანქტ-პეტერბურგის ხელოვნების აკადემია დაინტერესებულია მოაწყოს მხატვრის გამოფენა. ამერიკიდან, ცნობილმა მხატვარმა დეივიდ დათუნამ უკვე დაარეზერვა რამდენიმე ნამუშევარი.

„ამ ნამუშევრებს ერთ მთლიანობაში ვერ მოვაქცევთ, აქ არის კლასიკიდან დაწყებული, ეგზისტენციალიზმით დამთავრებული, სიურეალიზმი და ა.შ სწორედ ამითია ეს მხატვარი უნიკალური, რომელიც მთაში მარტო გამოკეტილი, ამ ყველაფერს გრძნობს და გადმოაქვს ფურცელზე. თუ დაუკვირდებით, ყველა ნამუშევარში არის რაღაც მესიჯი, რომელიც უნდა ამოიკითხო, თითქოს გასაღებია, რომელიც უნდა გახსნა, თითქოს ამ კაცს სამყარო კარნახობს რაღაცას, რომ ჩვენამდე მოიტანოს და ეს ძალიან კარგად იკითხება ნამუშევრებში.”

ნატალია კლდიაშვილმა ისიც გვითხრა, რომ ნახატები იყიდება, გარდა ფრიდონის ავტოპორტრეტისა, რომელიც მხატვრის ერთ-ერთი ფავორიტი ქმნილებაა. ფასები 2000-3000 დოლარიდან იწყება.

„ფორტუნამ“ გამოფენაზე ფრიდონ ნიჟარაძის მოსწავლეც აღმოაჩინა. თურმე მხატვარი მას 35 წლის წინ ხატვას ასწავლიდა. როგორც ლუარა ნიჟარაძემ გვითხრა, ფრიდონი იყო არაჩვეულებრივი მასწავლებელი, რომელიც ბავშვებს ძალიან უყვარდათ. ის მოსწავლეებს არამარტო ხატვას, არამედ სულიერებასაც ასწავლიდა.

ასევე მორალს, სამშობლოსა და ბუნების სიყვარულს. მან აღნიშნა, რომ ფრიდონის ბევრი ნამუშევარი წინასწარმეტყველურია, მან 10 წლით ადრე იწინასწარმეტყველა საბჭოთა კავშირის დაშლა და ეს ნახატზე გადმოიტანა.

ხატვის განსაკუთრებულ ნიჭთან ერთად, თურმე ფრიდონ ნიჟარაძე ხეზე კვეთის სპეციალისტია, ასევე წერს ლექსებსაც.

ფრიდონ ნიჟარაძის უნიკალური მხატვრობის სტილი დაგარწმუნებთ, რომ მისი სამყარო ჩვეულებრივი ადამიანის სამყაროსგან განსხვავებულია.

გამოფენა ეროვნულ მუზეუმში 15 ნოემბრამდე გაგრძელდება.

„ფორტუნა“ ფრიდონ ნიჟარაძის გამოფენიდან ექსკლუზიურ ფოტოებს გთავაზობთ.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები