4 ნოემბერს, რუსთაველის თეატრში გაიმართა ენრი ლოლაშვილის შემოქმედებითი საღამო სახელწოდებით „ნოსტალგია“. კომპოზიტორის საღამო გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნა, რომელიც ძალიან აფასებდა ენრი ლოლაშვილის მუსიკას.

ენრი ლოლაშვილის შემოქმედებითი წარმატება ნანა ჯორჯაძის ფილმს „ჩემი ინგლისელი პაპა“ უკავშირდება. ფილმის წარმატების შემდეგ ის საფრანგეთში მიიწვიეს სამუშაოდ, სადაც კინომუსიკას ქმნიდა.

საღამოს შემდეგ ღონისძიების პროდიუსერმა, თეონა ჯორბენაძემ სოციალურ ქსელში მადლობის წერილი გამოაქვეყნა:

„დიდი მადლობა გუშინდელი საღამოსთვის ჩვენს დაჩაგრულ, მაგრამ მაინც ყველაზე ძლიერ და ძალიან მაგარ ეროვნულ სიმფონიურ ორკეტრს, რომელმაც კიდევ ერთი ეროვნული საქმე გააკეთა და ქართველი ავტორი წარუდგინა მსმენელს. მადლობა არაჩვეულებრივ მუსიკოსს პაატა ცეცხლაძეს, მიხარია, რომ დირიჟორის ამპლუაში მისი დებიუტი ჩვენთან ერთად შედგა და დიდ წარმატებას ვუსურვებ. მადლობა ჩვენს ძვირფას ია საკანდელიძეს შესანიშნავი ტექსტებისთვის; საოცარ მუსიკოსებს: სამებისა და აფხაზეთის გუნდებს, სანდრო ნებიერიძეს, პაპუნა შარიქაძეს, ოთო ნემსაძეს, ლიზა ბაგრატიონს, ლევან დეისაძეს, ზაზა ცერცვაძეს, დავით ჯაფარიძეს, ლევან კემულარიას, გულიკო ჭანტურიას, დავით მალაზონიას, “ირიაოს”. განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო გიორგი ცაგარელის მიმართ, რომელმაც განუმეორებელ და შთამბეჭდავ შესრულებას გვაზიარა. ვინც გუშინ დარბაზში იყო და გია ყანჩელისადმი მიძღვნილი Lament მოისმინა ან Nostalgie ან Fandorin, კიდევ ერთხელ გაიაზრებდა, რატომ არ იშურებდა საქებარ სიტყვებსა და შეფასებებს გიორგისთვის ჩვენი დიდი მაესტრო.

მოკლედ, დავალება შესრულებულია, ენრი ლოლაშვილის მუსიკის მიხედვით შექმნილი პროექტი NOSTALGIE შედგა – Giya Kancheli სიყვარულითა და უდიდესი პასუხისმგებლობით“.

მსგავსი თემები