„ეკონომიკის მინისტრი ამბობს ტყუილს“,- ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა “ლელო საქართველოსთვის” გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ „ფორტუნას“ ეთერში განაცხადა. ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა ახალი ტენდერის გამოცხადებას გეგმავს.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, იმ რთული ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, რაც საქართველოში ვირუსის გავრცელების შედეგად გვაქვს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ კიდევ ერთხელ გადადგა ნაბიჯი და მოუწოდა მთავრობას პარტნიორობისკენ და გამოთქვა მზადყოფნა გაეგრძელებინა სამუშაოები, თუმცა, მისი თქმით პასუხად „თვალსაჩინო ტყუილი“ მიიღეს.

„ასეთი რთული ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე ცხადია, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა გადადგა ნაბიჯი, კონსორციუმი არ წავა სადავო არბიტრაჟში ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენ შევთავაზეთ, მოდით შევეცადოთ განვაახლოთ პარტნიორობა, შევეცადოთ ეს პროექტი გაგრძელდეს იმიტომ, რომ არსებობს მსოფლიოს წამყვანი ინსტიტუტები, რომლებსაც ხელი აქვთ მოწერილი მანდატის წერილზე, ასევე არსებობენ ინვესტორები.

ნებისმიერი პასუხისმგებლიანი მთავრობა რომელსაც ქვეყნის ინტერესები აღელვებს ამ წინადადებას გამოიყენებდა და შევიდოდა დიალოგში კონსორციუმთან. ჩვენ რა მივიღეთ პასუხად? თვალსაჩინო ტყუილი, რომ ტენდერის გამოცხადებას აპირებენ. ეს აშკარად თვალში ნაცრის შეყრაა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

როგორც მან აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ ახალი ტენდერი გამოცხადდება “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” ყოველთვის აქვს შესაძლებლობა წავიდეს ჟენევის საერთაშორისო არბიტრაჟში, სადაც “ცალსახად აქვს გამოკვეთილი შანსები, რომ დააკმაყოფილოს სასარჩელო მოთხოვნა”.

დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა ახალი ტენდერის გამოცხადებას გეგმავს და საფინანსო ინსტიტუტებთან მხოლოდ ამის შემდეგ განაახლებს მუშაობას. მისი განმარტებით მთავრობას არ აქვს საფუძველი, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს კიდევ ერთხელ ენდოს.

თავის მხრივ, კონსორციუმმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ  ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს ეკონომიკის აღდგენის საუკეთესო ალტერნატივა იქნება. განცხადებაში, აღნიშნულია,  რომ გაწეული ინვესტიციები და ჩატარებული სამუშაოები იძლევა საშუალებას ითანამშრომლონ ხელისუფლებასთან და ამით მიაღწიონ საერთო მიზანს, შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი და ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან გამოვიდეს.

საქართველოს მთავრობამ 9 იანვარს განაცხადა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ 2016 წელს გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებას წყეტდა. მთავრობამ მრავალწლიანი თანამშრომლობის დასრულების მიზეზად კონსორციუმის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობა დაასახელა.

მსგავსი თემები