LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკატერინე ტიკარაძე “ასტრაზენეკას” ვაქცინით აიცრა

190
ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

ეკატერინე ტიკარაძემ “ასტრაზენეკას” ვაქცინა პირდაპირ ეთერში, საჯაროდ გაიკეთა.

ვაქცინის გაკეთების შემდეგ, მინისტრმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და კითხვაზე, ხომ არ აქვს რაიმე უკუჩვენება ვაქცინას, უპასუხა:

“უკუჩვენება რომ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, მე ვაქცინაციას არ ჩავიტარებდი. სწორედ აქედან გამომდინარე იქნა შევსებული ის კითხვარი, რომელსაც გავეცი პასუხი. ამ ეტაპისთვის, თავს კარგად ვგრძნობ.”  – თქვა ტიკარაძემ.

მან “ასტრაზენეკას” ვაქცინა საჩხერის სამედიცინო ცენტრში გაიკეთა და ამის შესახებ განმარტებაც გააკეთა:

“გუშინ გაისმა საყვედური საჩხერის კლინიკის და მედპერსონალის მიმართებაში, რომ ისინი უარს აცხადებენ ვაქცინაციის პროცესზე. მე, რა თქმა უნდა, ვგრძნობ პასუხისმგებლობას კლინიკაზე, რომლის დირექტორიც რამდენიმე წელი ვიყავი და ვთვლი, რომ კლინიკის სამედიცინო პერსონალს, როგორც თვითონ კლინიკას, გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება, ტრადიცია სამედიცინო სფეროში მოღვაწეობის და რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ გრძნობენ მაღალ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას.

მე ვთვლი, რომ სამედიცინო პერსონალის გამჭვირვალე ჩართულობა ვაქცინაციის პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი და როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ექიმებისთვის და პირველ რიგში, იმ კლინიკისთვის, სადაც მე მაქვს გატარებული ძალიან ბევრი დადებითი წელი და ემოცია, ჩავთვალე საჭიროდ, რომ აქ ჩატარებული ჩემი ვაქცინაცია იქნებოდა გარკვეულწილად სიმბოლურიც და ასევე ძალიან დიდი მოტივის მიმცემი როგორც საჩხერის კლინიკის მედპერსონალისთვის, ასევე ამ რეგიონისთვის, სადაც მას ძალიან დიდი როლი აქვს საზოგადოებაში.” – აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, საყოველთაო ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტს დაიწყო.

პირველ ეტაპზე იცრებიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები.

ამ დროისთვის აცრილია 4 000-ზე მეტი ჯანდაცვის მუშაკი.

25 მარტიდან კი პროგრამა ფართოვდება და ვაქცინაციის პროცესში 65 წელს ზემოთ მოსახლეობაც ჩაერთვება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები