LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ძალიან მეეჭვება აფხაზეთიდან გადმოსულები თვითიზოლაციაში ან კარანტინში იყვნენ”: სამეგრელოში საზღვრის გამკაცრებას ითხოვენ

178
91397902-2476478755787442-2059940042570203136-o

დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელის მიერ რეგიონში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ჩაიკეტა საზღვრები ჯერ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან, შემდეგ კი რუსეთთანაც. მიზეზი ახალი კორონავირუსის გავრცელების საშიშროებაა. ადგილობრივი მედიისა და მოსახლეობის ნაწილის ინფორმაციით, ე.წ. მთავრობის მიერ გატარებული ზომები შესაძლოა უკვე დაგვიანებული იყოს, ვინაიდან რეგიონში ე.წ. საზღვრის ჩაკეტვამდე შემოსული არის მოქალაქეთა დიდი ჯგუფი იმ ქვეყნებიდან, რომელიც ვირუსის გავრცელების მაღალ რისკად მიიჩნევა.

რამდენიმე დღის წინ სამეგრელოში საქართველოს მთავრობის მეთაური და რამდენიმე მინისტრი იმყოფებოდა, მათ პირადად დაათვალიერეს საზღვრისპირა სოფელ რუხში არსებული სამედიცინო დაწესებულება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მოემსახურება როგორც სამეგრელო ზემო-სვანეთის მოსახლეობას, ასევე აფხაზეთიდან გადმოსულ მოქალაქეებსაც.

“მეზობლები ვართ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს”: აფხაზეთიდან სამკურნალოდ ზუგდიდში მოდიან

ე.წ. საზღვრიდან მოქალაქეების ნაკადის ზრდაზე საუბრობენ რუხის ადგილობრივი მაცხოვრებლები. “ფორტუნასთან” საუბარში ერთ-ერთი მოქალაქე ამბობს, ბოლო კვირის განმავლობაში, ე.წ. საზღვარი ასობით მოქალაქემ გადმოკვეთა.

“მიწის დამუშავების სამუშაოები სოფელში უკვე დავიწყეთ. ჩემი ნაკვეთიდან კარგად ჩანს ენგურის ხიდი. ძალიან ბევრი ხალხი მოდის აფხაზეთიდან. უფრო ბავშვიანები მოდიან. სანამ შიდასაქალაქო ტრანსპორტი მოძრაობდა, მძღოლებს ვიცნობ და ისინი ამბობდნენ, რომ მიკროავტობუსი დღეში რამდენიმე დამატებით რეისს ასრულებდა, რადგან მგზავრების რაოდენობა ბოლო დროს ძალიან გაზრდილი იყო. ახლა მსუბუქი ავტომობილები დგანან ხიდთან ახლოს, ტაქსები. მათ გადაყავთ მოალაქეები, მაგრამ ზუსტად არ ვიცი საავადმყოფოში თუ სად მიდიან. სასწრაფო დახმარების მანქანაც დავინახე რამდენჯერმე. გუშინ საღამოს გავიგეთ, რომ ავადმყოფი გადმოუყვანიათ, ვირუსი აქვსო. დღეს იმდენი ხალხი არ შემიმჩნევია” – ვალერი ბ. სოფელი რუხის მკვიდრი.

ზუგდიდის ინფექციურმა აფხაზეთიდან პირველი პაციენტი მიიღო – ქალს კორონავირუსის სიმპტომები აღენიშნება

საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი განკარგულებით, ქვეყანაში შემოსული ნებისმიერი მოქალაქე სავალდებულო კარანტინს ან თვითიზოლაციას გადის, თუმცა აღნიშნული შეზღუდვა ჯერ არ შეხებია ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოსულ მოქალაქეებს. “ფორტუნას” ინფორმაციით, რეგიონიდან გადმოსული მოქალაქეების ნაწილი არც კარანტინს გადიან და არც თვითიზოლაციაში იმყოფებიან. გამკაცრებული ზომების მიუხედავად, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსული მოქალაქეები, თავისუფლად გადაადგილდებიან ქალაქ ზუგდიდში. ამის შესახებ საუბრობს ტაქსის მძღოლი, რომელიც პირადად ემსახურებოდა ოჯახს, რომელიც მან ენგურის ხიდიდან ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაიყვანა.

“რუხის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხით მოდიოდნენ, ოთხნი იყვნენ. მე მგზავრი დავტოვე და რომ გავთავისუფლდი გავუჩერე. ცოლ-ქმარი და ორი შვილი, გალის რაიონიდან იყვნენ. საუბარში მითხრეს, რომ უმცროსი ბავშვის სამკურნალოდ გადმოვიდნენ. პირბადე არავის არ ეკეთა. ხობში წავიყვანე და ყოფილი სპორტკომპლექსის ტერიტირიაზე დავტოვე.  მათ მითხრეს, რომ საზღვარზე მხოლოდ სიცხე გაუზომეს და გააფრთხილეს, რომ ვირუსის ნიშნების შემთხვევაში ექიმისთვის უნდა მიემართათ. მე არ დავდივარ ხშირად ენგურის ხიდთან, მაგრამ ნაცნობი ბიჭები მუშაობენ იმ ხაზზე და იმათგანაც ვიცი, რომ ამ დრომდე არაფერი განსაკუთრებული ზომები გადმოსულთა მიმართ არ ყოფილა. გადმოდიან, მიდიან ნათესავებთან და ვინ რა ვირუსს ჩამოიტანს ვინ იცის” – მამუკა მ. ზუგდიდელი ტაქსის მძღოლი.

სამეგრელოში კონტროლი მკაცრდება: რეგიონის შესასვლელებში ბლოკ-პოსტები მოეწყობა

 

მთავრობის მიერ სამეგრელოს კარანტინის ზონად გამოცხადების მომხრეა აფხაზეთიდან დევნილი მადონა ქ. ის აცხადებს, რომ ე.წ. საზღვარი მასთან ერთად გადმოკვეთეს ისეთმა ადამიანებმა, რომელთა უმრავლესობას, მისივე ვარაუდით, გრიპის ვირუსი ჰქონდათ, თან მძიმე ფორმაში. ქალბატონი ამბობს, რომ ის, რაც გალის საავადმყოფოში გრიპი გონიათ, შესაძლოა კორონავირუსი იყოს და ფართო გავრცელებაც სწორედ ასე მოხდეს.

“გუშინ გადმოვედი ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საზღვრიდან, ჩემთან ერთად სხვებიც მოდიოდნენ. უმრავლესობა იმ მიზეზით გადმოდიოდა, რომ გრიპი ჰქონდათ და უნდა ემკურნალათ. მივიდნენ თუ არა საავადმყოფოში, არ ვიცი. მე ზუგდიდში ბინა მაქვს, მთავრობამ მომცა. მარტო ვცხოვრობ და თვითიზოლაციაში ვიქნები. პროდუქტი მომარაგებული მაქვს, მაგრამ ძალიან მეეჭვება ის ხალხი, ვინც ჩემთან ერთად გადმოვიდნენ, ისინიც თვითიზოლაციაში იყვნენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენმა მთავრობამ საზღვარზე კონტროლი უნდა გაამკაცროს. არა მარტო ენგურზე და ხურჩაში, არამედ მთლიანად ზოლზე, რადგან ადვილი შესაძლებელია მდინარის ფონზე გადასვლაც” – მადონა ქ. დევნილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები