LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟენევა – რჩევები შვეიცარიაში მოგზაურობის მსურველებს #ფორტუნაგიდი

111111

ჟენევა მრავალგვარია: ცნობილია, როგორც „მსოფლიოს დედაქალაქი“ – ეს სახელწოდება გაეროს შტაბ-ბინისა და წითელი ჯვრის გამო გაჩნდა; ცნობილია, როგორც სამეცნიერო ცენტრი – ბირთვული ფიზიკის ლაბორატორიის გამო; როგორც კურორტი ლემანის ტბის გარშემო.
შვეიცარიის სიდიდით მეორე ქალაქში 200 ათასზე ოდნავ ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, რომელთაგან 40% უცხოელია. ყველაზე პატარა მეგაპოლისის სიმბოლო 140-მეტრიანი შადრევანი ჟე დო გახლავთ, რომელიც პირდაპირ ტბიდან ამოხეთქავს. მოგზაურთა შორის ჟენევა ზედმეტად წესიერი და მშვიდის შთაბეჭდილებას ტოვებს, არადა აქაც არის საშუალო ევროპული ქალაქებისთვის დამახასიათებელი რამ: თანამედროვე და არქაული მუზეუმები, ძველი ქუჩები, ღამის კლუბები და სავაჭრო ცენტრები.

ჟენევის ტურისტული ოფისი გახსნილია Rue du Mont-Blanc მისამართზე და სტუმრებს ყოველდღე ელოდება 9:00 საათიდან.

 

აეროპორტიდან ქალაქში

აეროპორტს (Cointrin) ხელსაყრელი მდებარეობა აქვს: ის ცენტრიდან 4 კმ-შია, რაც საშუალებას აძლევს ტურისტს ქალაქი ხანმოკლე გადაჯდომის დროსაც მოინახულოს. ყველა რეგულარული რეისი ტერმინალ 1-ში იყრის თავს.
В ზონაშია მატარებლებთან გასასვლელი, საიდანაც ყოველ 12 წუთში სადგურ კორნავენში მიდიან. მისვლას 6 წუთი სჭირდება. ავტობუსების გაჩერება რეგისტრაციის დახლთან მოშორებით მდებარეობს. მარშრუტები №5 და №10 ქალაქის ისტორიული ცენტრის გავლით დადიან. სამუშაო საათები დილის 5:30 საათიდან შუაღამემდეა. ბილეთი ჩამოთვლილ ნებისმიერ ტრანსპორტზე 3.5 შვეიცარიული ფრანკია (CHF).

არის უფასო ტრანსფერის შესაძლებლობაც: ბილეთის აღება შეიძლება ბარგის აღების ავტომატში. მოქმედების ვადა 80 წუთია.

კომფორტულად მგზავრობას მიჩვეულებს შეუძლიათ ტაქსით ისარგებლონ და ცენტრამდე 40-50 ფრანკად იმგზავრონ.

 

CHF 1 შვეიცარიული ფრანკი 2.6787

ჟენევის რაიონები

ჟენევა 8 რაიონად არის დაყოფილი. შუასაუკუნეების ისტორიულ ცენტრს მდინარე რონა (ფრანგ. Rhône, ლათ. Rhodanus) ორ თანაბარ ნაწილად ყოფს: კვარტალი სენ-ჟერვე და სიტე. ამ უკანასკნელშია ნაცნობი რელიგიური ადგილი – წმინდა პეტრეს საკათედრო ტაძარი. ძველი ქალაქი ერთ-ერთ უძვირეს ადგილად მიიჩნევა. საცხოვრებლის ფასებისა და დახვეწილი რესტორნების მხრივ ანალოგიური ვითარებაა პაკის რაიონშიც, ასევე ჟენევის ტბის ნაპირებთან და მონბლანის სანაპიროზე.
აქ ისინი უნდა გაჩერდნენ, ვინც მზად არის მეტი გადაიხადოს, ახლოს იყოს ღირსშესანიშნაობებთან, ისეირნოს მწვანე სკვერებში და თავი უსაფრთხოდ იგრძნოს.
ისტორიული სენ-ჟერვედან ფეხით 15 წუთის სავალზეა კორნავენის სადგური. ეს რაიონი აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ემიგრანტებმა შეიყვარეს. ამიტომ მზად უნდა იყოთ ეთნიკური საზოგადოების წარმომადგენლებთან, ასევე მოსაწევის შეთავაზებასთან შესახვედრად. თუმცა უბრალოდ „არა“ სრულიად საკმარისია.

 

ტრანსპორტი

ჟენევაში მეტრო არ არის, სამაგიეროდ არის მოსახერხებელი მიწისზედა და საწყლოსნო სისტემა. უნივერსალური ბილეთი იყიდება გაჩერებებზე ავტომატებში, ღირებულება დამოკიდებულია რამდენი ზონის გადაკვეთას აპირებთ. თავად ჟენევის ტერიტორია ორ რაიონად მიიჩნევა, ამიტომ აქ ორმაგი ტარიფი მოქმედებს: ერთსაათიანი ბილეთი 3 ფრანკი დაგიჯდებათ, მოკლე მგზავრობა – 2 ფრანკი.
საფრანგეთის სასაზღვრო რეგიონებიც ჟენევის სატრანსპორტო სისტემის აგლომერაციას მიეკუთვნება. აქ მისვლა შეიძლება ჩვეულებრივი ავტობუსებით ან საგარეუბნო მატარებლით.
ბილეთის დაკომპოსტირება ასვლისას აუცილებელია. კონდუქტორების მხრიდან შემოწმება ხშირი არ არის, მაგრამ ჯარიმა დიდია – 120 ფრანკი, ხელმეორედ დარღვევა – 240 ფრანკი.

 

GenevaTransportCard

ყველა ტურისტს, ვინც ჟენევის ტერიტორიაზე ცხოვრობს, უფასოდ ეძლევა სატრანსპორტო ბარათი. ის მხოლოდ ქალაქის ფარგლებში მოქმედებს სასტუმროს ჯავშნის ბოლომდე. ბარათის ღირებულება შეყვანილია სასტუმროს ტარიფში. მისი მიღება სასტუმროში შესვლისას არის შესაძლებელი.

ველოსიპედი
ჟენევა შესანიშნავი ადგილია ველოგასეირნებისთვის. Geneveroule გაქირავებაში ბაიკის აღება ნახევარი დღით 8 ფრანკად შეიძლება. გაფორმებისას მოგთხოვენ პასპორტს და 20 ფრანკს თავდებად.

ტაქსი
წინასწარ შეკვეთაც შეიძლება და ქუჩაში გაჩერებაც. მძღოლები ნაღდ და უნაღდო ანგარიშსწორებას იღებენ ფრანკებში, დოლარებსა და ევროებში. ჩასხდომა 10 ფრანკი ღირს, ყოველი კმ – 5 ფრანკი.

Wi-Fi
თუ დიდი ხნით არ ხართ, სიმ-ბარათზე ფულის ხარჯვა არ ღირს. ჟენევაში უფასო Wi-Fi ასობით წერტილია ხელმისაწვდომი. მსოფლიო ქსელთან შეერთება შესაძლებელია აეროპორტში, კაფეებში, სასტუმროში, პარკებში, მუზეუმებსა და პლაჟებზეც კი.

 

ჟენევის პლაჟები

ჟენევის ტბა ან ტბა ლემანი – ევროპაში ყველაზე დიდია. მის ნაპირებზე 5 პლაჟია მოწყობილი, ყველაზე პოპულარულია „ბონ დე პაკი“. მოწყობილია საშხაპეებით, ტუალეტებით, გამოსაცვლელი კაბინებით. მაისიდან სექტემბრამდე 16 წელს გადაცილებულთათვის შესვლა 2 ფრანკია, ბავშვები ორჯერ იაფი. ყურადღებას იქცევს მთელი წლის განმავლობაში მოქმედი აბანო კომპლექსი, რომელიც მოიცავს საუნას, თურქულ აბანოს და მასაჟს.
ბილეთი 20 ფრანკი დაგიჯდებათ. ახლო-მახლოს არის „ბეიბი პლაჟი“.
ყველაზე დიდია ჟენევის პლაჟი. თუმცა აქ უფრო აუზში საცურაოდ დადიან. ერთჯერადი ვიზიტის ღირებულება 7 ფრანკია.
კიდევ ერთი უჩვეულო ადგილი საბანაოდ გახლავთ L’amarr@GE. ეს შვეცარიული დროშის ფორმის პლატფორმა-აუზია, რომელიც ტბაზე დაცურავს. ფასები დემოკრატიულია: 2 ფრანკი.

 

შოპინგი

მაღაზიების უმეტესობა თავმოყრილია რონის მარცხენა სანაპიროზე. Grand Rue ანტიკვარებისა და მხატვრების სამემკვიდრეო ადგილია. გახსნილია უამრავი დახლები და გალერეები. რამდენიმე ნაბიჯშია სავაჭრო კვარტალი. კონფედერაციის ქუჩაზე, Rue du Rive-ზე და მის პარალელურ Rue du Rone-ზე მდებარეობს ცნობილი ევროპული მარკების ბუტიკები და წიგნის მაღაზიები. ნახვად ღირს ხელოვნების შესახებ წიგნების მაღაზია.
„ადგილობრივ“ შენაძენს ეკუთვნის საიუველირო ნაკეთობები, საათები და შოკოლადი. სხვათა შორის, შვეიცარია ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანაა, რომელიც უფლებას იძლევა გაიტანო ოქროს ზოდი. ამიტომ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შვეიცარიული სუვენირია შოკოლადი, რომელიც ოქროს ქაღალდშია გახვეული.
ვინც მიიჩნევს, რომ შვეიცარიული საათი შვეიცარიაში უნდა შეიძინო, მაშინ უნდა შეიაროთ Cartier, Bucherer და Piaget დახლებზე, რომლებიც არაერთგან შეგხვდებათ. თითქმის ყველგან იყიდება Swatch-ის შედარებით იაფი საკოლექციო საათები.

 

რა გავსინჯოთ

ჟენევის სამზარეულო ფრანგულს გავს: იგივე პროდუქტები და სოუსები, ხოლო ადგილობრივებს უყვართ სადილსა და ვახშამზე ერთი ჭიქა ღვინოც მოწრუპონ. ცნობილი შვეიცარიული კერძებიდან აღსანიშნავია „რეშტი“. ის ფრანგულ „გრატენს“ გავს. ასი წლის წინ მიიჩნეოდა, რომ საუკეთესო საცოლე ის იყო, ვინც გემრიელ „რეშტის“ ამზადებდა. ოქტომბერ-ნოემბერში მთავარი ინგრედიენტი ხდება ესპანური არტიშოკი. გასინჯეთ „ლონჟოლი“ – თეთრ ღვინოში მომზადებული ღორის სოსისი.

ადგილობრივი სორტის ღვინოებიდან პოპულარობით სარგებლობს „შასლა“ და „გამე“. მასთან მოაქვთ ქორჭილა, რაც რეგიონის სიმბოლოდ მიიჩნევა. თევზს ლემანის ტბაში იჭერენ, ამიტომ ის ყოველთვის ახალია.
თავი შეგიძლიათ გაინებივროთ ყველი ფონდიუთი, დესერტზე კი შეუკვეთოთ „ხიუხლი“ და „კრეპფლი“ – ტკბილეული, რომელიც ჩიზქეიქს და ბლინურებს გავს.

კაფე და რესტორნები

რადგან ჟენევა მრავალეროვანი ქალაქია, რესტორნებიც ასეთივეა. ყველაზე დემოკრატიული ფასები კორნავენის სადგურზეა. უმეტესობა ეკუთვნით ინდოეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან წამოსულებს და ეროვნული სამზარეულოს კერძებს შემოგთავაზებენ.
რონის მარჯვენა სანაპიროზე, საქმიან კვარტალში ყოველ ფეხის ნაბიჯზეა ყავახანები, მცირე საცხობები, ბიზნეს-ლანჩის დაწესებულებები. კომპლექსური სადილი დაახლოებით 50 ფრანკი დაგიჯდებათ, ყავა ნამცხვრით – 15 ფრანკი.
ისტორიული ცენტრი იზიდავს ტრადიციული შვეიცარიული სამზარეულოს მოყვარულებს: სოსისები, დაბრაწული ქორჭილა და ფონდიუ. სადილის საშუალო ფასი ჭიქა ღვინოსთან ერთად 50-70 ფრანკია.
ფეშენებელური რესტორნები მონბლანის სანაპიროზე მდებარეობს.

 

გართობა და ღირსშესანიშნაობა

ჟენევის მთავარი სიმბოლო – შადრევანი ჟე დო – ფაქტობრივად ქალაქის ნებისმიერი წერტილიდან ჩანს. 140-მეტრიანი წყლის ნაკადი შთამბეჭდავია დღისითაც და ღამითაც, როდესაც ფერადი განათება ირთვება.


პეიზაჟებით დასატკბობად ტურისტები ძველ ქალაქში მიდიან, სადაც კომპაქტურად არის თავმოყრილი მთავარი ღირსშესანიშნაობები.
დამოუკიდებელი ექსკურსია იწყება ბურგ-დე-ფურის მოედნიდან, რომელიც ჯერ კიდევ ძველი რომის ეპოქაში არსებობდა. ცოტა დასვენება შეიძლება მსოფლიოში ყველაზე გრძელ სკამზე, რომელიც 120 მეტრზეა გაშლილი.

პარკ „ბასტიონიდან“ გზა პლენპალეს მოედნამდე მიდის, სადაც ხშირად შაპიტო ცირკი ჩერდება და სადაც ლუნა პარკია. ხოლო შაბათობით დილიდან სადილამდე მეორადების ბაზრობა იშლება.

სეირნობისას უნდა ნახოთ წმინდა პეტრეს ტაძარი, რომელსაც საფუძველი მე-12 საუკუნეში ჩაეყარა. ის რამდენჯერმე გადააკეთეს და ახლა გოთიკის, ბაროკოსა და კლასიციზმის ნაერთს წარმოადგენს.

გზას თუ გადახვალთ, შეგიძლიათ გაეცნოთ რეფორმაციის საერთაშორისო მუზეუმს.
კიდევ ერთი საკულტო ადგილია კათოლიკური ბაზილიკა ნოტრ-დამი, რომელიც რკინიგზის სადგურის რაიონში მდებარეობს. მთავარი სიწმინდეა თეთრი ქვის ღვთისმშობლის ქანდაკება.

მონბლანის ხიდის წინ მოგზაურების ყურადღებას იქცევს ყვავილების საათი. ზუსტ დროს აჩვენებს არა მარტო ისრები, არამედ თავად მცენარეები, რომლებიც იმის მიხედვითაა დარგული, როგორ იფურჩქნებიან.

რონის მარჯვენა ნაპირზე გადასვლით მოგზაურები ჟენევას გაიცნობენ, როგორც „მსოფლიოს დედქალაქს“. აქ მდებარეობს წითელი ჯვრის შტაბ-ბინა და გაეროს სასახლე.

ჟენევის ბოტანიკური ბაღი (Mon-Repos) მთელ მსოფლიოშია ცნობილი. მრავალნაირი ყვავილების გარდა, აქ არის ზოოპარკიც.

ჟენევის ხელოვნებისა და ისტორიის მუზეუმი (Rue Charles-Galland, 2) შვეიცარიაში უმსხვილესია. კოლექციაში 650 ათასზე მეტი ექსპონატია – სახელგანთქმული მხატვრების ტილოებით დაწყებული, მუსიკალური ინსტრუმენტებისა და არქეოლოგიური არტეფაქტებით დამთავრებული.

 

 

გარშემო

ქალაქიდან ახლოს, ჟენევის ტბის ნაპირზე, გაშენებულია „შვეიცარიული რივიერას მარგალიტი“ – მონტრე. ეს ქალაქი განთქმულია დახურული კერძო სკოლებითა და სილამაზის ინსტიტუტებით, ღამის კლუბებით, ბარებითა და კაზინოთი, ჯაზისა და კლასიკის ფესტივალებით. აქ ცხოვრობდა ბევრი ცნობილი მწერალი და მუსიკოსი. აქ დგას ფრედი მერკურის ძეგლი.
პატარა კლდოვან კუნძულზე მონტრეს სანაპიროზე დგას სახელგანთქმული შილიონის ციხესიმაგრე.

 

ამინდი

ჟენევაში ზომიერი კლიმატია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამინდი ტურისტებისთვის მთელი წელი მისაღებია. ზაფხული თბილია, მაგრამ არა ჩახუთული, ლემანის ტბის ტემპერატურა მთელი სეზონი ბანაობის საშუალებას იძლევა, რომელიც მაისიდან სექტემბრამდე გრძელდება. შემოდგომა წვიმიანია, მაგრამ მზიანი. ზამთარი ჟენევაში ყინვის გარეშეა, თოვლიც ყოველ წელს არ მოდის, აი მთებში სასრიალოდ კი საკმარისადაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები