LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიუნი“ – წლის კინომოვლენა უკვე ეკრანზეა – რა ვიცით ფილმის შესახებ?

422
diuni

კინომოყვარულები და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ერთგული მკითხველი უკვე კარგა ხანია ელოდნენ „დიუნის“, ერთ-ერთი ყველაზე საკულტო სამეცნიერო-ფანტასტიკური  ნაწარმოების ეკრანიზაციას. როგორც იქნა, დენი ვილნევის ფილმმა დღის სინათლე იხილა და მაყურებელთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა. დღეს ყველა „დიუნზე“ საუბრობს, ყველას აქვს კითხვები… მაშ, რა ვიცით „დიუნის“ შესახებ ამ დროისათვის?

ფრენკ ჰერბერტის ლეგენდარული რომანის, “დიუნის” პირველი ნაწილის ეკრანიზაცია მაყურებელმა როგორც იქნა იხილა. დენი ვილნევის ფილმს როგორც კინომოყვარულები, ისე სამეცნიერო ფანტასტიკის ერთგული მკითხველები ჯერ კიდევ 2020 წელს ელოდებოდნენ. ფილმის პრემიერა შარშან, 18 დეკემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა იმ მეგაპროექტების რიცხვში, რომელთა დროულად დასრულებასაც პანდემიამ ხელი შეუშალა, “დიუნიც” მოხვდა და შესაბამისად, პრემიერამაც ერთი წლით გადაიწია.

“დიუნი” ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფანტასტი მწერლის, ფრენკ ჰერბერტის რომანის მიხედვითაა გადაღებული. 1965 წელს გამოსული ბესტსელერი დღემდე ინარჩუნებს მეოცე საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო ფანტასტიკური ნაწარმოების სტატუსს. “დიუნი” ჰერბერტის მაგნუმ ოპუსია, რომელმაც “ჰუგოსა და “ნებულას” ლიტერატურული დაჯილდოებების მთავარი პრიზები დაიმსახურა.

ვილნევის ფილმი საკულტო ნაწარმოების პირველი წიგნის ეკრანიზაციაა. იგი ახალგაზრდა არისტოკრატის, პოლ ატრეიდესის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც გალაქტიკაში ყველაზე საშიშ პლანეტა არაკისზე მიდის, რათა თავისი ოჯახის და ხალხის მომავალი უზრუნველყოს. პლანეტაზე უნიკალური ნივთიერება – “მელანჟი” მოიპოვება, რომელიც ვარსკვლავთშორისი მოგზაურობისათვის აუცილებელია. ატრეიდესი და მისი ოჯახი იმპერატორის ბრძანებით პლანეტის მართვის უფლებას მიიღებენ, მაგრამ მალე კიდევ ერთი დიდგვაროვანი ოჯახის, ჰარკონენების ჯარების მიერ თავდასხმის შედეგად თითქმის ყველა იღუპება. გადარჩენას მხოლოდ პოლი და დედამისი შეძლებენ, რომლებიც უდაბნოში იმალებიან და იქ უდაბნოს ხალხს – ფრემენებს ხვდებიან. ფრემენებთანეხვედრა ახალგაზრდა ატრეიდესის სახიფათო გზის მხოლოდ დასაწყისია…

ფილმის ერთ-ერთი უდიდესი პლუსი შთამბეჭდავი ვარსკვლავური შემადგენლობაა. პოლ ატრეიდესის როლს “დიუნში” ტიმოთი შალამე ასრულებს, რომელსაც გვერდს უმშვენებენ ზენდაია, ჯეისონ აიზეკსი, ჯოშ ბროლინი, ჯეისონ მომოა, სტელან სკარსგარდი, დეივ ბაუტისტა და ხავიერ ბარდემი. “დიუნის” მუსიკაზე ჰანს ციმერმა იმუშავა და როგორც ყოველთვის, მისმა ნამუშევარმა ამჯერადაც საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. “დიუნს” უკვე აქებენ ძალიან კარგი ვიზუალური ეფექტებისათვის. რეჟისორ ქრისტოფერ ნოლანის განცხადებით, “დიუნის” ეფექტები ერთ-ერთი საუკეთესოა მათ შორის, რაც მას ოდესმე უნახავს…

ფრენკ ჰერბერტის “დიუნი” ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში. მან სხვა არაერთ ცნობილ ფრენშაიზზე მოახდინა გავლენა, მათ შორის “ვარსკვლავური ომებსა” და “სამეფო კარის თამაშებზე”.

აღსანიშნავია, რომ დენი ვილნევი პირველი რეჟისორი არ არის, ვინც “დიუნის” ეკრანიზაცია გადაიღო. რომანის ეკრანზე გადატანის პირველი მცდელობა 70-იანი წლების ავანგარდისტ რეჟისორს, ალეხანდრო ხოდოროვსკის ჰქონდა, თუმცა პროექტმა გადასაღებ მოედნამდე ვერ მიაღწია. არშემდგარი ეკრანიზაციის შესახებ 2014 წელს დოკუმენტური ფილმი, ხოდოროვსკის დიუნი“ გამოვიდა. ხოდოროვსკისგან განსხვავებით, “დიუნის” გადაღება შეძლო ლეგენდარულმა რეჟისორმა დევიდ ლინჩმა, თუმცა მისმა 1984 წელს გამოსულმა ფილმმა სრული ფიასკო განიცადა. “დიუნი” ლინჩის ფილმოგრაფიაში უდიდესი შავი ლაქა გახდა, რომელზე საუბარსაც რეჟისორი დღემდე თავს არიდებს. რაც შეეხება სატელევიზიო ადაპტაციებს, 2003 წელს გამოვიდა “დიუნის შვილები”, რომლებმაც იმდროინდელი სტანდარტებით არც თუ ისე ცუდი შეფასებები მიიღო.

დენი ვილნევის “დიუნი” ორი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი ამ დროისათვის ჯერ ისევ კინოთეატრებში გადის. ძალიან მალევე მას შემდეგ, რაც “დიუნმა” კინოგაქირავებაში ჩაშვებიდან რამდენიმე დღეში Warner Bros.-ს 220 მილიონი აშშ. დოლარის მოგება მოუტანა, ოფიციალურად დაანონსდა ფილმის მეორე ნაწილი და მისი პრემიერის მიახლოებითი თარიღიც. თუკი რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, “დიუნის” გაგრძელების ხილვას მაყურებელი 2023 წლის 20 ოქტომბერს შეძლებს.