LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დიდი სპექტაკლის ნაწილია, რათა წინასაარჩევნოდ სასამართლო დარბაზში სიარულით დაგვასაქმონ” – ხაზარაძე მიმდინარე სასამართლო პროცესზე

26
1

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

მოწმის სახით პროცესზე აღნიშნულ საქმეში მონაწილე გამომძიებლები დაიკითხებიან.

როგორც ადვოკატმა, კახა წერეთლმა განაცხადა, პროცესზე განიხილავენ, თუ როგორ მოიპოვეს გამომძიებლებმა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მათგან განსაკუთრებული ჩვენების მოლოდინი არ აქვს:

“ცნობილია, რომ დაიკითხებიან გამომძიებლები, მათგან რაიმე განსაკუთრებულ ჩვენებას არ ველოდებით, საუბარი იქნება იმაზე თუ როგორ მოიპოვეს მათ მტკიცებულებები. დღეს ისევე, როგორც აქამდე, დაცვის მხარის საზიანო მტკიცებულება არ მოგვისმენია და არც დღეს ველოდებით რაიმე განსაკუთრებულს. ეს საქმე აუცილებლად უნდა დასრულდეს გამამართლებელი განაჩენით, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს აქვთ მოსაზრება, რომ ეს უკავშირდება მოახლოებულ არჩევნებს, თუმცა თავს შევიკავებ ამ შეფასებისგან.” – თქვა ადვოკატმა.

პროცესის მიმდინარეობა შეაფასა თავად მამუკა ხაზარაძემაც. 

“ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა საქალაქო სასამართლოში მისვლის შემდეგ განაცხადა, რომ აღნიშნული პროცესები დიდი სპექტაკლის ნაწილია, რათა ისინი წინასაარჩევნოდ დაასაქმონ სასამართლო დარბაზში სიარულით:

“ვინც ერთხელ მაინც დაესწრება ამ პროცესს, მიხვდება, რამხელა აბსურდთან არის საქმე. მაგრამ ეს დამთავრდება ჩვენი გამარჯვებით. ამ საქმეს არანაირი პერსპექტივა არ აქვს.

მოვითხოვ დაიწყოს გამოძიება გახარიას გადმოგზავნილ წერილზე.

უკვე 2 წელია ეს საქმე დევს, როდესაც განცხადება გააკეთა, რომ მისი თითის ანაბეჭდები არ არის ამ წერილზე, პრემიერ-მინისტრს დანარჩენ 20 ანაბეჭდზე კითხვა რომ არ გაქვს, ხარ თანამონაწილე, ამიტომ ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს, თუ გვინდა ნორმალური ქვეყნის აშენება. თუ ასეთ ადამიანებს, რომლებიც გუშინ დანაშაულს სჩადიოდნენ და დღეს პოლიტიკოსებად გვევლინებიან საზოგადოება მხარს დაუჭერს, ვიქნებით ყოველთვის გაუბედურებულ სიტუაციაში.” – განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარუდგინეს. მათ უწყება ედავება ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

ავთანდილ წერეთელს კი პროკურატურა ბიზნესმენ ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.