LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დიახ, რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა, ამას ამბობს მთელი ცივილიზებული სამყარო და ეს უნდა ვთქვათ ქართველმა ხალხმაც” – თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

61
BeFunky-collageყრყრ

რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარების მოთხოვნით თბილისში აქცია მიმდინარეობს.

შეკრება, რომლის ორგანიზატორებიც ქართველი და უკრაინელი აქტივისტები არიან, პარლამენტთან იმართება.

აქციის გამართვის მიზეზებსა და მიზნებზე რადიო “ფორტუნას” ეთერში გადაცემაში “დღის თემა” აქციის თანაორგანიზატორმა, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორის მოადგილემ ვასო მათითაიშვილმა ისაუბრა.

„აქციის მიზეზი, რა თქმა უნდა, გახდა პუტინის რუსეთის მიერ განხორციელებული ტერორისტული თავდასხმა უკრაინის წინააღმდეგ.

ჩვენ მოქალაქეებს ინსტრუმენტები გაგვაჩნია და ეს არის ის, რომ ვაჩვენოთ ჩვენი მკაფიო ნება, რომ ჩვენ ვართ ერთიანი უკრაინის მხარდაჭერის საკითხში და ჩვენ კარგად ვიაზრებთ, რომ უკრაინასაც და საქართველოსაც ჰყავს საერთო მტერი.

თქვენ ახსენეთ, უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი ედიშერ კვარაცხელია, რომელმაც საკუთრი სიცოცხლე გაიღო, იმის დასამტკიცებლად რომ ეთქვა, ეს ბრძოლა არ არის მხოლოდ უკრაინის ბრძოლა და ეს ბრძოლა არის საქართველოს ბრძოლა და რამდენიც არ უნდა ეცადოს, საქართველოს ხელისუფლება შიშზე დამყარებული მტრის პროპაგანდით საქართველოს მოქალაქეები შეაშინოს, რომ მათ ვერ გამოხატონ საკუთარი ნება და ვერ გაუწიონ წინააღმდეგობა, ვერ განაცხადონ ხმამაღლა, რას ფიქრობენ ისინი პუტინის რუსეთზე, სწორედ ამის საწინააღმდეგოდ დაიგეგმა დღეს პარლამენტთან აქცია.

აქციის ორგანიზატორები არიან თავად უკრაინელი აქტივისტები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ.

ცხადია, ყველა პარტია და ყველა პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს საერთო ბრძოლაა, ვუერთდებით აქციას.

აქციის მიზანი არის ის, რომ ის ადამიანები, რომლებიც ერთნაირად ვაფასებთ, ბოროტებას და ერთნაირად გვრცხვენია საქართველოს სახელმწიფოს დღევანდელი პოზიციონირების დავენახვოთ ერთმანეთს და იმ საკითხის შესახებ შევიკრიბოთ, რის გარშემოც საქართველოს საღად მოაზროვნე მოქალაქე ვერთიანდებით.

ცხადია, ხელისუფლების პოზიცია არის სამარცხვინო. ეს პოზიცია არის საქართველოს და ქართული იდენტობის საპირისპირო, ეს არის სამარცხვინო ჩვენი ისტორიული მოკავშირის მიმართაც, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისიდანვე, რაც დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ, ჩვენთან ერთად იბრძვის, რათა პოსტსაბჭოთა ჭაობიდან გააღწიოს.

საუკეთესო ლუსტრაცია არის, 90-იან წლებში, აფხაზეთში ომის დაწყების შედეგ, უკრაინელი მეომრების ჩართულობა საქართველოს მხარეს, ისინი აქ იბრძოდნენ, აქ იღუპებოდნენ…

მხოლოდ იმიტომ, რომ მათ მიაჩნდათ, ეს ბრძოლა იყო ჩვენი საერთო ბრძოლა.

ისინი ხვდებოდნენ, რომ თუ საქართველო დამარცხდებოდა აფხაზეთში, შემდეგი იქნებოდა უკრაინა.

სინამდვილეში ამ ბრძოლას აქვს ძალიან დიდი ისტორიული ფესვები. და დღეს მოვედით დღევანდელ დღემდე, ამ ისტორიულ კრიზისში, იმ ხელისუფლებით, რომელსაც ეს არ ესმის, უფრო სწორად ესმის, მაგრამ შიშით და მანიპულირებით, საკუთრი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, მზად არის, რომ ჩვენი ქვეყანა ასეთ ისტორიულ ბრძოლაში, შერცხვეს.მსოფლიოს დაამახსოვრდეს სამარცხვინო საქართველო, მაშინ როდესაც ჩვენი დახმარება ჩვენს მოკავშირეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა.

სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მოქალაქეებმა გამოხატონ მტკიცე ნება და თქვან, რომ ეს არის მათთვის პრინციპული საკითხი.

ამასაც ვხედავთ, მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო უკრაინაში, როცა საჭიროა საქართველოს მოქალაქეები ქუჩაში გამოდიან, მათ შორის სიგნალს უგზავნიან საქართველოს ხელისუფლებას, რომ ეს არ არის ის საკითხი, რომელსაც შიშით და მტრის პროპაგანდით ჩაახშობენ და გვაიძულებენ, რომ დავიჭიროთ სრულიად სამარცხვინო და უპრინციპო პოზიცია მაშინ, როდესაც ამდენად მნიშვნელოვან ბრძოლას ეხება საქმე.

როგორც ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორის მოადგილემ “ფორტუნასთან”საუბარში აღნიშნა, რუსეთი უკვე აღიარებულია ტერორისტულ სახელმწიფოდ და სწორედ ამ ფაქტის გასაზიარებლად იკრიბებიან აქტივისტები პარლამენტთან.

რუსეთი უკვე ტერორისტულ სახელმწიფოდ არის აღიარებული ცივილიზებული სამყაროს მიერ, ეს არ არის მიზანი, რისთვისაც ჩვენ შევიკრიბებით პარლამენტთან. ეს არის ჩვენი მყარი პოზიცია, რომლის გასაზიარებლადაც შევიკრიბებით პარლამენტთან.

ჩვენ გვინდა დავანახოთ საქართველოს ხელისუფლებას, მათ შორის მოქალაქეებს, რომ ჩვენი ქართველების ნება არ არის არავითარ კავშირში ხელისუფლების დღევანდელ პოზიციასთან.

მოგეხსენებათ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ყოველი შესაძლებლობისას უფრთხიან რუსეთის როლის აღნიშვნას, პუტინის ხსენებას, მაშინ, როდესაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს კომენტირებენ.

ჩვენ კი სწორედ ამის საპირისპიროდ გვსურს, რომ ჩვენ არ გვეშინია არაფრის, ჩვენ მართლები ვართ ამ ისტორიულ ბრძოლაში და სიმართლე დგას ჩვენს მხარეს.

დიახ, რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა, ამას ამბობს მთელი ცივილიზებული სამყარო და ეს უნდა ვთქვათ ქართველმა ხალხმაც,” – აღნიშნა ვასო მათითაიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები