დღითიდღე იზრდება იმ ავსტრიული კომპანიების რიცხვი, რომლებიც თავის საქმიანობას საქართველოში წარმართავენ – ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ და ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა, ბოლო ოთხწლიან პერიოდში, საქართველო-ავსტრიას შორის არსებული ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები და მათი განვითარების პოზიტიური დინამიკა განიხილეს.

ნათია თურნავამ არად ბენკოსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

როგორც შეხვედრის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, ავსტრიის ელჩმა დადებითად შეაფასა ბოლო პერიოდში საქართველოს გაზრდილი მიმზიდველობა როგორც ტურისტული, ასევე ბიზნესპოტენციალის თვალსაზრისით.

„ამაზე მეტყველებს სულ ბოლო ფაქტიც, რაც ახლა დაფიქსირდა – ავსტრიული გიგანტის „OMV ჯგუფის“ წევრი კომპანიის ნავთობის და გაზის მოპოვების სფეროში საქართველოში შემოსვლა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ საქართველო არის ძალიან მიმზიდველი ბიზნესპლატფორმა და ბაზარი ზოგადად ევროპული, მათ შორის ავსტრიული კომპანიებისთვის. სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი იქნება გასაკეთებელი, ჩვენ პრაქტიკულად, უფრო აგრესიულ, პროაქტიულ საინვესტიციო პოლიტიკას ვიწყებთ, რომ გამოვიყენოთ ყველა ის შესაძლებლობა, რაც პანდემიის შემდეგ გაუჩნდება გლობალურ ბიზნესებს და რა თქმა უნდა, ავსტრიული ბიზნესები ჩვენი ერთ-ერთი სამიზნეა“- განაცხადა ნათია თურნავამ.

თავად ელჩის განცხადებით კი, დიდია ავსტრიულ კომპანიებს შორის საქართველოში ინვესტირების ინტერესი. “მე ვფიქრობ, რომ ინვესტიციები გაიზრდება მომავალ წლებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კოვიდთან დაკავშირებული რისკები შემცირდება. ვფიქრობ, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, ავსტრიელ ინვესტორებთან პირდაპირი კომუნიკაციით, უმნიშვნელოვანეს სამუშაოს ეწევა ახალი ინვესტიციების მოსაზიდად“, – განაცხადა ავსტრიის ელჩმა საქართველოში.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები