LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედამ ცეცხლმოკიდებული სახლის მეათე სართულიდან ჩვილი გადმოაგდო, ბავშვი გადარჩა (ფოტო)

206

ლონდონში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი ჯერ კიდევ იწვის, ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის 6 ადამიანია გარდაცვლილი, თუმცა სამართალდამცველები მსხვერპლის ზრდას ვარაუდობენ.

საინფორმაციო სააგენტოები წერენ, რომ მშობლები ფანჯრიდან შვილებს აგდებენ იმედით, რომ მაშველები მათ გადარჩენას შეძლებენ.

ერთ-ერთი სასწაულებრივად გადარჩენილი ბავშვის შესახებ ისტორიას „დეილი მეილი“ წერს.

გამოცემასთან თვითმხილველი სამირა ლამრანი ჰყვება, რომ ცეცხლმოკიდებული სახლის მეცხრე თუ მეათე სართულის ფანჯარაზე იდგა ქალი, ჩვილი ბავშვით ხელში.

„ხალხი ფანჯრებთან იდგა, კიოდნენ, გადარჩენას ითხოვდნენ… ერთ-ერთ ფანჯარასთან მდგომმა ქალმა კი დაბლა შეკრებილებს ჟესტებით ანიშნა, რომ ბავშვის გადმოგდებას აპირებდა და სთხოვა, ვინმეს დაეჭირა.

დედამ ჩვილი ფანჯრიდან გადმოაგდო და უეცრად, დაბლა შეკრებილი ხალხის ნაკადიდან მამაკაცი გაიჭრა წინ, მან შეძლო, მეათე სართულიდან გადმოგდებული ბავშვი ხელში დაეჭირა,“ – ამბობს ლამრანი.

თვითმხილველები უამრავ შემზარავ ამბავს ჰყვებიან, ისინი იხსენებენ მამაკაცს, რომელმაც სცადა, სახლში სახელდახელოდ გაკეთებული  პარაშუტით გადმომხტარიყო…

„სახლიდან ისმოდა განწირული ხმები, უმეტესად ბავშვების, მათი მაღალი ტემბრი მკაფიოდ ისმოდა, ისინი გადარჩენას ითხოვდნენ… ეს არასოდეს დამავიწყდება,“ – იხსენებს „დეილი მეილთან“ სამირა ლამრანი.

კიდევ ერთი თვითმხილველი, სახელად ზარა კი ჰყვება, რომ დაინახა ქალი, რომელმაც დაახლოებით ხუთი წლის ბავშვი გადმოაგდო მეხუთე სართულის ფანჯრიდან, რომ ხანძარს გადაერჩინა. ბავშვმა მოტეხილობები და სხეულის დაზიანებები მიიღო, თუმცა, ზარას თქმით, ის გადარჩა.

„ისინი ყვიროდნენ, ითხოვდნენ ჩვენს დახმარებას, რომ გადაგვერჩინა მათი შვილები, ჩვენ კი მხოლოდ მაღლა ვიყურებოდით და არაფრის, სრულიად არაფრის გაკეთება შეგვეძლო მათთვის…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები