LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დედაჩემმა გააქირავა ბინა რუსეთის მოქალაქეზე… ახლა ფულს აღარ იხდის, გამოვიძახე პატრული…” – რა შემთხვევაში შეიძლება დაკარგოთ გაქირავებული უძრავი ქონება

3910
-2-2022-05-05_10-22-00_903787

“დედაჩემმა გააქირავა ბინა რუსეთის მოქალაქეზე 26 თებერვალს და გადაიხადა მხოლოდ 7 დღის, დანარჩენს მერე გადავიხდიო. მას შემდეგ აღარ იხდის და გვატყუებს. სახლში ჰყავს მოხუცი ქალბატოი ჩამოყვანილი, საარაუდოდ დედაა მისი და მოკლედ ცხოვრობენ ასე უფასოდ. გამოვიძახე პატრული და პატრული მეუბნება, ხელშეკრულება აქვთ და უფლება არ გაქვთ არ შეუშვაო და ძალით გამაღებინა სხვა გასაღებით ჩაკეტილი კარი, დაგიჭერთო, რადგან ხელშეკრულება აქვს ე. ი. ბინა შენი კი აღარაა მისიაო. თუ ფულს არ იხდის, ეგ სასამართლო დავაა და სასამართლოს უნდა მიმართოთო” – ეს არის ერთ-ერთ ჯგუფში საქართველოს მოქალაქის მიერ დაწერილი სტატუსი, რომლის ვინაობას არ ვასაჯაროებთ, თუმცა ჯგუფში ის ღიად, საკუთარი სახელით და გვარით წერს. ის იურისტებს დახმარებას სთხოვს, თუმცა ათეულობით კომენტარიდან მხოლოდ ერთია, სადაც იურისტის ნომრით ეხმარებიან. კომენტარების დიდ ნაწილში სტატუსის ავტორს აკრიტიკებენ და ეუბნებიან, რომ მეტის ღირსია, რადგან “მან საქართველო გაყიდა”.

ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როცა საქართველოს მოქალაქეებს პრობლემები შეექმნათ, პრობლემები, რასაც, ალბათ, მანამდე ვერ წარმოიდგენდნენ. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, არაერთი გაფრთხილება იყო იურისტების, მედიის მხრიდან, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონება არ მიექირავებინათ, როგორც ჩანს, ბევრმა ამ გაფრთხილებას ყურადღება არ მიაქცია და შედეგიც სახეზეა. ახლა ისინი, ფაქტობრივად ბინის დაკარგვის საფრთხის წინაშე არიან. ამის საფუძველს კი იურისტებთან კონსულტაცია იძლევა, რომელთა რჩევებს და მოსაზრებებსაც სტატიაში შემოგთავაზებთ.

 

რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის გამო თბილისში ბინები გაძვირდა?!

 

თბილისში ბინების ქირის ფასმა რადიკალურად მას შემდეგ მოიმატა, რაც რუსეთი უკრაიანში შეიჭრა და ოკუპანტს დასავლეთმა სანქციები დაუწესეს. ეს კი პირდაპირ კავშირშია რუსეთიდან მოქალაქეების შემოსვლაზე, რომლებიც დროებით ან სამუდამოდ საქართველოში გადმობარგდნენ. გამქირავებლებმაც უძრავი ქონების ფასები ლამის გააორმაგეს.

ყიდვა-გაყიდვის საიტებს თუ გადავხედავთ, ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში ასეთი განცხადებები იყო განთავსებული:

„ქირავდება, ბინა გლდანის მასივში, 75 კვ.მ. ფასი: 3 740 ლარი თვეში“.

„ახალი აშენებული ბინა გლდანის მასივში, 55 კვ.მ. ფასი: 4 080 ლარი“.

„ახალაშენებული ბინა ნაძალადევში, ფასი: 3 060 ლარი“.

„ახალაშენებული ბინა ვაკეში, 120 კვ.მ. ფასი: 6 800 ლარი“.

უძრავი ქონების სააგენტოებში განმარტავენ, რომ ფასები ძირითადად რუსეთიდან და ბელარუსიდან მოქალაქეების შემოსვლის შემდეგ გაიზარდა, თუმცა მათ საჯაროდ და დეტალურად ამ საკითხზე საუბარი არ სურთ. მხოლოდ იმას აღნიშნავენ, რომ რუსეთის მოქალაქეებს, ძირითადად, დაქირავება სურთ და არა ბინების შეძენა.

ყიდვა, პრინციპში, რად უნდათ, თუ მაინც ერთი კვირით დაქირავებულ ბინაში იმდენ ხანს იცხოვრებენ, რამდენ ხანსაც უნდათ. ფაქტია, რომ ამის შანსები საკმაოდ დიდია. არც ის არის გამორიცხული, საქართველოს მოქალაქემ საკუთარი უძრავი ქონება საერთოდ ვეღარ დაიბრუნოს. 

შეგახსენებთ, რომ რამდენი ადამიანია შემოსული რუსეთის ფედერაციიდან, ამ თემაზე დაზუსტებული ინფორმაცია მაინც არ არსებობს. მარტის დასაწყისში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ მათი რაოდენობა დიდი არაა და რომ წელს საქართველოში 20 000-25 000 რუსი ვიზიტორი შემოვიდა.

 

 

რა შემთხვევაში შეიძლება დაკარგოთ ბინა – იურისტების რჩევები 

 

იურისტი თინათინ ჭიხორია გვეუბნება, რომ დაზარალებული მოქალაქეების მხრიდან მიმართვიანობა იზრდება. მისი თქმით, მათ მთელი რიგი პრობლემები ექმნებათ, რაც ძირითადად, თანხის გადაუხდელობას გულისხმობს.

“მნიშვნელოვანია, რომ ხელშეკრულების დადების დროსაც არსებობს რისკები, შეიძლება საერთოდ დავკარგოთ საცხოვრებელი ბინა. როცა კლიენტი თანხას არ იხდის, ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. მესაკუთრეს შეუძლია, თუ სამი თვის განმავლობაში მას თანხას არ უხდიან, მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტა და გამოსახლება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ  კანონმდებლობა შეიცვალა. დღეს პოლიციას აღარ აქვს ამის უფლება. (რა შემთხვევაც სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტის ავტორს ჰქონდა). მას სჭირდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ არსებობს ხელშეკრულების დარღვევა. ბერკეტი რჩება სასამართლო. ანუ მოქალაქემ უნდა მიმართოს სასამართლოს, შემდეგ მივა საქმე პოლიციამდე და მოითხოვენ გამოსახლებას, რაც დროში იწელება ხოლმე”, – ამბობს იურისტი. 

რა ბიზნესებს არეგისტირებენ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში და რა რისკები ჩნდება ქვეყანაში

რა დოკუმენტაცია სჭირდებათ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ბიზნესის დასარეგისტრირებლად

როგორც თინათინ ჭიხორია ამბობს, ჩვენი კანონმდებლობა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ხელშეკრულება დავდოთ წერილობით ან ზეპირი, თუმცა იურიდიული ძალა წერილობით ხელშეკრულებას აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მფლობელმა ბინა დაკარგოს.

“რისკი წარმოიშვება თუ ხელშეკრულება არ უდევთ წერილობით, ასევე თუ არ არსებობს თანხის გადახდის ქვითრები. გარდა ამისა, როცა დამქირავებლის მიმართ აღსრულებაშია საქმე, შესაძლოა დაქირავებულ ბინას ყადაღა დაედოს და აუქციონზე გავიდეს. შესაბამისად, ის ბინას დაკარგავს. სასამართლოში კი მესაკუთრის მიერ იმის მტკიცება, რომ ბინა ნამდვილად მისია, განსაკუთრებით რთულდება, რადგან მფლობელები ხშირად საგადასახადო ვალდებებულებებს არ იხდიან. არის შემთხვევები, როცა დამქირავებელს გამქირავებელი საცხოვრებელ მისამართზე არეგისტრირებს, ეს ნიშნავს, რომ ბინაში დროებით შესული მოქალაქე თანამესაკუთრე გამოდის და შესაძლოა, მან უძრავ ქონებაზე პრეტენზია გამოთქვას”, – აცხადებს თინათინ ჭიხორია.
პ.ს. როგორც იურისტმა გვითხრა, თუ კონკრეტულად ეროვნების გამო არ მივაქირავებთ ბინას მოქალაქეს, მან შეიძლება დისკრიმინაციის გამო გვიჩივლოს და მორალური ზიანისთვის კომპენსაცია მოითხოვოს, თუმცა ბინის მეპატრონეს შეუძლია სხვა ნებისმიერი მიზეზი დასახელოს, რის გამოც ბინას არ მიაქირავებს. რაც შეეხება დევნილის, ლტოლვილის სტატუსს, როგორც ირკვევა, რადგან ომი რუსეთის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს, რუსეთის მოქალაქეს ეს არგუმენტი ვერ ექნება.