LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით მუჯირი: ,,პლეი-ოფის მატჩები სავარაუდოდ ოქტომბერში ან ნოემბერში გაიმართება“

122
97036591-247252619687491-5800743097235144704-n

მიუხედავად გადაცემის სახელწოდებისა, ,,სპორტსმენები კარანტინში” , დღეს არ ვისაუბრებთ კონკრეტულ სპორტსმენთან იმის შესახებ, თუ როგორ ატარებს ის კარანტინის პერიოდს. თუმცა ჩვენი დღევანდელი გადაცემა ძალიან საინტერესო საკითხებზე საუბარს დაეთმობა და პასუხებს მივიღებთ კითხვებზე, რომლებიც ზოგადად ქართული სპორტის და უფრო კონკრეტულად, ქართული ფეხბურთის ყველა გულშემატკივრისათვის ძალიან საინტერესოა. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი.

-ბატონო დავით, პირველ რიგში დიდ მადლობას გიხდით, რომ დრო დაგვითმეთ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრისათვის ძალიან საინტერესო საკითხებზე სასაუბროდ. პირველ რიგში საინტერესოა, თუ გაქვთ კონტაქტი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან და თუ შეგიძლიათ გვითხრათ, როგორ ატარებენ ისინი კარანტინის პერიოდს, როგორ ვარჯიშობენ და ა.შ.

დავით მუჯირი: რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, თუ როგორ ატარებენ კარანტინის პერიოდს ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები, რომლებიც უცხოეთში მოღვაწეობენ და ასევე ნაკრების კანდიდატები. რამოდნიმე ქვეყანაში უკვე დაიგეგმა საფეხბურთო ჩემპიონატების განახლება, რაც ძალიან სასიამოვნოა, სანაკრებო თამაშებთან დაკავშირებით კი ბუნებრივია არსებობს გარკვეული სცენარი. ყველა იმედს ვიტოვებთ, რომ სექტემბრიდან განახლდება სანაკრებო თამაშები, თუმცა იქამდე უნდა განახლდეს შოდაჩემპიონატები, დასრულდეს ევროტურნირები. როგორც მოგეხსენებათ, არიან ქვეყნები, რომლებმაც ოფიციალურად დაასრულეს სეზონები ვადაზე ადრე და ისინი უკვე ახალი სეზონის დაწყებას ეცდებიან აგვისტო-სექტემბერში, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია თუ რამდენად იქნება შესაძლებელი ქვეყნებს შორის გადაადგილება უკვე ივლისის ბოლოდან, როდესაც დაგეგმილია საერთაშორისო შეხვედრები საკლუბო დონეზე. შემდეგ გამოჩნდება რამდენად შესაძლებელი იქნება სექტემბრიდან სანაკრებო მატჩების გამართვა. როგორც მოგეხსენებათ, ევროტურნირებზე საქართველოს 4 კლუბი წარმოადგენს. დღევანდელი სცენარით 28 ივლისიდან მატ მოუწევთ ევროტურნირებში  ჩართვა, თუმცა ეს ყველაფერი სავარაუდოა. კიდევ ერთხელ მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ყველა მატჩის ჩატარება შესაძლებელი იქნება იმ ვადებში, როგორც ეს დღეს არის დაგეგმილი. როგორც იცით, უეფას რამოდენიმეჯერ მოუწია ვადების გადაწევა, თავიდან 26 მარტის შეხვედრა ივნისის დასაწყისში იქნა გადატანილი, შემდეგ უეფა იძულებული გახდა  სექტემბრისთვის გადაედო სანაკრებო მატჩები.  თუმცა საპლეიოფო შეხვედრა, რომლეიც ჩვენ გვაქვს, ნახევარფინალი – ის ან ოქტომბრის თვეში გაიმართება, ან ნოემბერში.

– ყველაზე აქტუალური საკითხი ალბათ მაინც საქართველო – ბელორუსის მატჩია. ჩვენი ნაკრები თავის ისტორიაში ასე ახლოს არასოდეს ყოფილა  ევროპის ჩემპიონატთან. მინდა  მსმენელს და მაყურებელს შევახსენო, რომ ფედერაციის გადაწყვეტილებით, მათ 26 მარტის მატჩზე დასასწრები ბილეთების გამოყენება შეეძლებათ აღნიშნულ მატჩზე დასასწრებად,  თუკი უეფა არ მიიღებს დარჩენილი სანაკრებო მატჩების და მათ შორის საქართველო-ბელორუსის მატჩის უმაყურებლოდ ჩატარების გადაწყვეტილებას.  ბოლო დღეებში ჩრდილოირლანდიურ მედიაში გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ უეფამ სწორედ ასეთი  გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ეს ცნობა ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამასთან დაკავშირებით?

დავით მუჯირი: ალბათ ამაზე ნაადრევია ოფიციალური დასტურის გაცემა „უეფას“ მხრიდანაც კი, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ქვეყანა ცდილობს იმოქმედოს იმ ვითარების შესაბამისად, რაც იმ დროს იქნება ქვეყანაში. ასე იყო 26 მარტის შემთხვევაშიც, როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა შეხვედრების ჩატარება, როგორც იცით საპლეიოფო შეხვედრები 8 ქვეყანაში ტარდება, ანუ 16 გუნდია ჩართული და იმ ეტაპზე, როდესაც ჩვენგან პასუხს ელოდებოდნენ, სრულად ვიყავით დამოკიდებული ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე. დანარჩენი 7 ქვეყნიდან მხოლოდ ორს ჰქონდა მზაობა გამოხატული, რომ მაყურებლის თანდასწრებით ჩაეტარებინა მატჩები და 5 ქვეყანაში მაყურებლის გარეშე უნდა ჩატარებული შეხვედრები, გამომდინარე იმ დროისათვის არსებული ეპიდსიტუაციიდან. თუმცა ეს უშუალოდ მატჩის ჩატარებამდე რამოდენიმე დღით ადრე წყდებოდა და შესაბამისად დღეს მსჯელობა იმაზე, თუ როგორი ვითარება იქნება შემოდგომაზე ამა თუ იმ ქვეყანაში და საერთოდ იქნება თუ არა სსუალება შემოდგომაზე მატჩების ჩატარების, ამის გარანტიას დღესდღეობით ვერც ჩვებნ და ვერც სხვა ქვეყანა ვერ გასცემს. რასაკვირველია ჩვენ ყველა ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და გვსურს, რომ შეხვედრები დადგენილ ვადებში ჩატარდეს. გარდა პლეიოფის მატჩებისა, საქართველოს ნაკრებს, როგორც იცით კიდევ 6 ოფიციალური შეხვედრა აქვს ჩასატარებელი ერთა ლიგის 2020/21 წლის გათამაშებაში, შესაბამისად ნაკრებს რვა თამაში აქვს შემოდგომაზე ჩასატარებელი. თუ როგორ გადანაწილდება და რა პირობებში ჩატარდება ეს მატჩები, დღეს ამაზე საუბარი ცოტა ნაადრევია.

https://www.facebook.com/266131756744994/videos/283153239375464

-კიდევ ერთი კითხვა ნაკრების მწვრთნელთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, მარტის ბოლოს ვლადიმირ ვაისს ხელშეკრულება ამოეწურა ფედერაციასთან, თუმცა როგორც ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა, ორივე მხარეს აქვს თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი და მოლაპარაკება მომდინარეობს.  თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რა ეტაპზეა ეს მოლაპარაკება? რამდენად მაღალია იმისი შანსი, რომ ბელორუსთან მატჩში საქართველოს ნაკრებს ვლადიმირ ვაისი  გაუძღვება?

დავით მუჯირი: ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ვერც მე დავამატებ, ეს ყველაფერი ბევრ გარემოებაზეა დამოკიდებული. როგორც იცით, ჯერჯერობით კვლავ მიმდინარეობს სანაკრებო თამაშების ვადების განხილვა, იყო რამოდენიმე სცენარი, თუ სად უნდა მოხვედრიყო ამ საპლეიოფო შეხვედრების დამატება. როგორც წესი, სანაკრებო პაუზაზე ორი სანაკრებო შეხვედრა არის ხოლმე, მაგრამ „უეფას“ 3 სანაკრებო პაუზაზე 8 შეხვედრის გამართვა აქვს დაგეგმილი, შესაბამისად ორი შეხვედრა დაემატება სამ სანაკრებო პაუზას. დღევანდელი სცენარით ორ სანაკრებო პაუზაზე 3-3 შეხვედრის გამართვა მოუწევთ ნაკრებებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ოპტიმისტური სცენარია და იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი ასეც იქნება და შეხვედრები მართლაც გაიმართება. დღევანდელი სცენარით სექტემბერში პლეიოფის შეხვედრა თითქმის გამორიცხულია. ეს ორი შეხვედრა იქნება გადანაწილებული ორ სანაკრებო პაუზაზე და ერთი სცენარით ნახევარფინალები ოქტომბერში, ფინალები კი ნოემბერში გაიმართება.  მეორე სცენარის თანახმად როგორც ნახევარფინალები, ასევე ფინალები ნოემბერში ჩატარდება. ამ სცენარებს „უეფა“ 27 მაისს გასამართ აღმასკომის სხდომაზე განიხილავს და ოპტიმალური ვარიანტიც წესით 27 მაისს იქნება არჩეული. რაც შეეხება ვლადიმირ ვაისს, შეხვედრები რომ მარტში ჩატარებულიყო. უფრო ნათელი იქნებოდა, თუ რას გადავწყვეტდით ორივე მხარე ამ შეხვედრების შემდეგ, მაგრამ ისე მოხდა, რომ შეხვედრები გადაიდო და ვაისს  კონტრაქტი ამოეწურა. იქიდან გამოდინარე, რომ სპეციფიური წელიწადია, ძალიან ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი მოლაპარაკებების დროს როგორც ჩვენი, ასევე მისი მხრიდან. შესაბამისად, უახლოეს მომავალში ჩვენ საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით ამ პროცესზე.

-და ბოლო კითხვა, რომლის პასუხიც ალბათ ქართული ფეხბურთის ყველა მოყვარულს ძალიან აინტერესებს. დაახლოებით როდისთვის ივარაუდება ეროვნული საფეხბურთო ლიგის სეზონის განახლება და რა შეზღუდვების ფონზე გაიმართება მატჩები სავარაუდოდ? რა სამოქმედო გეგმა აქვს ფედერაციას?

დავით მუჯირი: რა თქმა უნდა ჩვენი სურვილია რაც შეიძლება მალე, იმიტომ , რომ ძალიან ხანგრძლივი იძულებითი პაუზა გამოგვივიდა. თუმცა როგორც იცით, ბევრ ქვეყანაში საერთოდ გაუქმდა სეზონი, ბევრ ქვეყანაში სეზონის განახლებისათვის ემზადებიან და იმედია მათი დაგეგმილი სცენარით განვითარდება ყველაფერი და ფეხბურთი დაუბრუნდება მაყურებელს მსოფლიოსა და ევროპაში. თუმცა ის სცენარი რომელიც აქვს „უეფას“, რომელიც 28 ივლისიდან ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპების დაწყებას აპირებს, ეს არის ჩვენი ორიენტირი. როგორც იცით, ჩვენ ჩემპიონატის დასრულების ვალდებულება არ გვაქვს, რადგან უკვე გამოვლენილია იმ ოთხივე გუნდის ვინაობა, რომლებმაც საქართველო ევროტურნირებზე უნდა წარმოადგინონ. ამ გუნდების შესახებ „უეფას“ უკვე მივაწოდეთ ყველა ინფორმაცია. ასე რომ ის პრობლემა, რომელიც აქვს არაერთ ქვეყანას, თუ ვინ იქნებიან ჩემპიონები და პრიზიორები, ვინ წარმოადგენს ქვეყანას ჩემპიონთა ან ევროპის ლიგაზე, ჩვენთან არ დგას დღის წესრიგში. ამ ქვეყნებს უფრო აქვთ ჩემპიონატების დასრულების ვალდებულება. ჩვენ ჩემპიონატის დასრულებას 2020 წლის ბოლოსთვის ვგეგმავდით. არ გამოვირცხავთ, რომ ჩემპიონატის განახლების შემდეგ სხვა ფორმატით მივიდეთ წლის ბოლომდე, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე დავიწყოთ მატჩები და ევროტურნირებზე მოასპარეზე გუნდებს შიდა ჩემპიონატები უფრო ადრე განუახლდეთ, ვიდრე ევროტურნირების თამაშები და ვეცდებით, რომ ზაფხულში, ივნისში, ან უფრო სავარაუდოა რომ ივლისის დასაწყისში მოვახერხოთ ყველა იმ რეგულაციის და შეზღუდვის დაცვით რაც ქვეყანაში იმოქმედებს, განვაახლოთ ჩემპიონატი და ყველა გუნდს მივცეთ საშუალება გამართონ მატჩები. როგორც ვთქვი, განსაკუთრებით ეს იმ გუნდებს წაადგებათ,  რომლებსაც ევროტურნირები ელით წინ. ასე მათ მიეცემათ საშუალება რომ რამოდენიმე ოფიციალური მატჩი მაინც გამართონ ეროვნულ ლიგაში, ევროტურნირების მატჩებამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები