ცნობილი ასტროლოგი, დავით ბუტიკაშვილი კონკრეტულად ასახელებს პერიოდს, როდესაც კორონავირუსი უკან დაიხევს და მისი საბოლოო დამარცხების თარიღსაც ამბობს. ასტროლოგი ასევე შიდა პოლიტიკური პრობლემების შესახებაც გამოთქვამს მოსაზრებას და ასევე ყარაბაღის კონფლიქტზე და იქ საქართველოსა და რუსეთის ადგილზე.

თქვენ, როგორც ასტროლოგი, როგორ ფიქრობთ, როდის დასრულდება კორონავირუსის პანდემია?

დათო ბუტიკაშვილი:

საკმაოდ ზუსტად გეტყვით ამ პროგნოზს. კორონავირუსის დამარცხება, არა საბოლოოდ, მაგრამ მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში მის უკანდახევს ველოდები 2021 წლის 14 მაისიდან 28 ივლისამდე პერიოდში. ეს იქნება პირველი ეტაპი და საკმაოდ ეფექტური პერიოდი კორონავირუსთან საბრძოლეველად. 29 დეკემბრამდე შეიძლება, ცალკეულ ადგილებში, არა ჩვენთან, გაჩნდეს კერები, მაგრამ არა ამ მასშტაბით და არა გამწვავებულად. 2021 წლის 29 დეკემბრის შემდეგ უკვე საბოლოოდ დამარცხდება კორონავირუსი.

დამარცხებაში ვგულისხმობ იმას, რომ ვაქცინის გავრცელება 20 დეკემბრის მერე დაიწყება და ის იმუშავებს 14 მაისის შემდეგ და ამ დროისთვის ვაქცინაციას გაივლის მოსახლეობის უმეტესობა.

კორონავირუსთან დაკავშირებული შიშისგან გამოწვეული მითები თევზებში მყოფ ნეპტუნს უკავშირდება. ეს ფაქტორი ძალიან მოქმედებს. ზოგადად, პანიკაც არ უწყობს ხელს სიტუაციის დამშვიდებას. ეს პანიკა მოსალოდნელი ნამდვილად იყო 2020 წელს.

2020 წელი ნამდვილად არ გამოდგა საუკეთესო…

მსოფლიო წესრიგი ინგრევა. მე, როგორც ასტროლოგი, 2020 წლამდე ვამბობდი, რომ რაღაც მოხდებოდა, რაც მსოფლიო სისტემის ნგრევას დაიწყებდა, თუმცა ეს არ იქნებოდა ომი. რა არის კორონავირუსის შედეგი – ამ ვირუსის შემდეგ მსოფლიო აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო. მან ჩამოარღვია ეკონომიკური სისტემები. ამ პანდემიას მოჰყვება სოციალური აფეთქებები, მათ შორის, ყველაზე წარმატებულ ქვეყნებშიც. ახლა თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჯო ბაიდენის მოსვლის შემდეგ აშშ-ში დასრულდება შავკანიანების მღელვარება, მაგრამ არ დამთავრდება და უფრო მეტად რეაქციულ სახესაც მიიღებს. ყველაზე წარმატებულ ქვეყნებში იქნება სოციალური აფეთქებები, მათ შორის, ევროპაში. ბევრ ქვეყანაში გამეფდება ანარქია, თუმცა არ იქნება არანაირი პროგრამა, რა უნდა მოჰყვეს ამ ნგრევას. ეს ტენდენცია 14-15 წელს გასტანს, მსოფლიოს მასშტაბით.

რაც შეეხება საქართველოს – აქ რევოლუციები აღარ იქნება!.. რევოლუციური სცენარით ერთი ხელისუფლების შეცვლა მეორეთი არასდროს აღარ მოხდება, თუმცა იარსებებს სოციალური აფეთქებები. პირველი სოციალური უკმაყოფილება გაჩნდება 2021 წლის იანვარ-თებერვალში. თქვენ დამისვამთ კითხვას, ვინ იქნება ამ ტალღის სათავეში და გიპასუხებთ, რომ არავინ იმ პოლიტიკური სპექტრიდან, ვისაც დღეს ვუყურებთ. 2021 წელს საქართველოში ახალი სერიოზული ოპოზიცია სწორედ სოციალური თემების ნიადაგზე ჩამოყალიბდება. ახალი ოპოზიცია დაიწყებს თავგანწირულ ბრძოლას სოციალური თემების წინ წამოსაწევად. იმასაც არ გამოვრციხავ, რომ ხელისუფლება მოეგოს გონს და უფრო მეტი სოციალური პროგრამა შემოიტანოს. თუ ამას არ გააკეთებს, 2021 წელს ვადამდელ არჩევნებს არ გამოვრიცხავ, თუმცა ამას ვერ მიაღწევს ძველი ოპოზიცია. საზოგადოებას მისი არ სჯერა. იანვარ-თებერვალში ზუსტად მეცოდინება, სად არის ეს ახალი ოპოზიცია. ხელისუფლებამ ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს მცირე ბიზნესს, შეიძლება, მას დასჭირდეს მეტი ახალი ეკონომიკური რეფორმა იმისთვის, რომ ხალხს ფულის შოვნის შესაძლებლობა გაუჩნდეს და ბევრ რამეზე დახუჭოს თვალი.

ჩვენ ახლა გავდივართ ახალგაზრდობის პერიოდს, როგორც სახელმწიფო. ამიერკავკასიაში საქართველომ ეს პერიოდი ყველაზე კარგად გაიარა. ჩვენ გავცდით ომებისა და გადატრიალებების ფაზას, რაშიც ახლა ჩაებნენ სომხეთი და აზერბაიჯანი. ჩვენ ვართ ახალგაზრდობის პერიოდში, როდესაც უნდა ჩამოყალიბდეს ძლიერი საშუალო ფენა. გახსოვთ, შევარდნაძემ რომ რუსეთს სამშვიდობო ფუნქცია მიანიჭა, რა მივიღეთ? დასრულდა ტერიტორიების დროებითი დაკარგვით. იმავე პრობლემებს მიიღებენ სომხეთიც და აზერბაიჯანიც და ორივე უკმაყოფილი იქნება.

2020 წელს თითქოს მოხდა ყველაფერი ცუდი, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო…

2020 წლის 20 დეკემბერს სატურნი დაასრულებს მოძრაობას თხის რქის ზოდიაქოში და გადადის მერწყულში. ლოგიკას ასტროლოგები სწორედ ამ კუთხით ვაგებთ და არა საკუთარ ფანტაზიაზე. სატურნი ყველაფერს აწესრიგებს, უნდა თუ არა ეს ადამიანს. ადამიანებს აიძულებს, მეტი წესრიგი შეიტანონ იქ, სადაც იყო ქაოსი. სიტუაციას ურევს და ძაბავს. ახლა ვართ სწორედ ამ პროცესში, 20 დეკემბრამდე. ეს გამოიწვევს ჯანდაცვის სისტემის მოწესრიგებას საქართველოში და ასევე გააუმჯობესებს სამართალდამცველი ორგანოების მუშაობას. ახლა კი მღელვარებს ოპოზიცია, მაგრამ მათ უნდა იფიქრონ, რა შეცდომები დაუშვეს. ეს სიძნელეები, რაც 2020 წელს შეიქმნა, გვაიძულებს, მოვაწესრიგოთ ბევრი რამ.

რეგიონში დაძაბულობის შესახებაც უნდა ვისაუბროთ. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყარაბაღის თემის გადაწყვეტა რას მოუტანს საქართველოს?

გაძლიერდება საქართველოს მნიშვნელობა რეგიონში. ძირითადად აქცენტს სწორედ საქართველოზე გააკეთებენ, რომელიც უფრო მეტად სანდო პარტნიორი იქნება. 2021 წელს იუპიტერი მერწყულის ზოდიაქოში და საქართველოს ჰოროსკოპში ეს არის პარტნიორული ურთიერთობების სფერო. რუსეთი განწყობილი იქნება უფრო მეტად პარტნიორული ურთიერთობებისთვის და საქართველოს ექნება გარკვეული უპირატესობა. ახლა, როცა რუსეთი არ აქცევს ყურადღებას საქართველოს აზრს, 2021 წელს ის იძულებული იქნება, ყურადღება მიაქციოს საქართველოს ინტერესებსაც.

პუტინისთვის საკმაოდ რთული პერიოდი იწყება. მას წარმატების მომტანი პლანეტა იუპიტერი კუროს ზოდიაქოში აქვს. 22 ოქტომბრიდან კუროს ზოდიაქოში შევიდა შავი მთვარე და პუტინს დაეწყო ცხრათვიანი მძიმე პერიოდი, რომელიც შეიძლება, როგორც ლიდერმა, ვერც გადაიტანოს. ყველაფერი მისი წარმატების წინააღმდეგ იმუშავებს, ყველგან კედელი დახვდება. არ გამოვრციხავ, რომ ყარაბაღში აქტიურობაც პრობლემად გადაექცეს. რუსეთისა და თურქეთის მოკავშირეობა ნონსენსია, რომელიც დიდხანს არ გრძელდება და სულ მთავრდება კონფლიქტით. ეს ორივეს პრობლემად მოუბრუნდება. თუ პუტინს ასტროლოგები ჰყავს, მას ურჩევდნენ, რომ ამ ცხრათვიან პერიოდში ძალაუფლების გადაბარებაზე იზრუნოს, თუკი ის წაეპოტინება ძალაუფლებას ან მას ბოროტად გამოიყენებს, შესაძლოა, კიდევ უფრო ცუდად დასრულდეს მისთვის.

2021 წელი როგორი იქნება?

ეს იქნება მეცნიერული აღმოჩენების პერიოდი. დადებითი ტენდენცია იქნება ის, რომ მთელი წლის განმავლობაში უამრავი ახალი აღმოჩენა გაკეთდება. გაძლიერდება მემარცხენე მოძრაობა. ბევრ ქვეყანაში მოხდება რევოლუცია.

ნეგატიური შეიძლება ითქვას ის, რომ შავი მთვარე კუროს ზოდიაქოში ძალიან დიდ ფინანსურ პრობლემებს განაპირობებს.  2021 წელი მძიმე იქნება უკრაინისა და აზერბაიჯანისთვის, რომელთაც კუროს ზოდიაქო მართავს. საქართველოში რაც კი რამე მოხდება 2021 წელს, უნდა თუ არა, ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც მოუწევს ხალხის სოციალური საკითხების გადაწყვეტისთვის ბრძოლა. ხალხს არავინ უნდა შეუშალოს ხელი, რომ ფული გამოიმუშაოს. სახელმწიფომ კი არ უნდა შეუქმნას, არამედ უნდა მოუხსნას ადამიანებს პრობლემები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლების ძალაუფლებას საფრთხე დაემუქრება.

კიდევ ერთი რაღაცის თქმა მინდა, წელს, 21 დეკემბერს, მსოფლიოში რაღაც მოხდება, ამ დროს სატურნი და იუპიტერი მერწყულის ზოდიაქოში შეერთდება. შესაძლოა, ამ რაღაცას ყურადღება არ მივაქციოთ, მაგრამ ის გახდება საწინდარი მსოფლიო სისტემის ნგრევის და ახალი სისტემის ჩამოყალიბების წინაპირობა.

ზოგადად თუ ვიტყვით, კაცობრიობა მიდის გლობალიზაციისაკენ, შორეულ პერსპექტივაზე ვსაუბრობ. საბოლოოდ, დედამიწაზე ჩამოყალიბდება ერთიანი სახელმწიფო ერთიანი მთავრობით. დაახლოებით 15 წლის შემდეგ დაიწყება რელიგიური რეფორმაციის პერიოდიც, თუმცა ეს, ალბათ, შემდეგი ინტერვიუს თემა იქნება.

ნინო მურღულია

კატეგორიები: ინტერვიუ