დასავლეთმა საქართველოში ძალიან სწრაფად უნდა იმოქმედოს, ცოტა ხანში შეიძლება დაგვიანებული იყოს: დაწყებულია დიდი გადანაწილების პროცესი

235
FORTUNA.GE (46)

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს ეწვევა. აშშ-ის პირველი დიპლომატის ვიზიტი 17-18 ნოემბერსაა დაგეგმილი. ის შეხვედრებს გამართავს გიორგი გახარიასთან, სალომე ზურაბიშვილთან და დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო თბილისში, ასევე შეხვდება კათოლიკოს-პატრიარქს.

ამერიკის შეერტებული შტატების სახელმწიფო მდივანს სამხრეთ კავკასიაში ყარაბაღის მოვლენების შედეგად გაძლიერებული რუსული პოზიციები, საქართველოში კი ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ხვდება, რომელსაც მასში მონაწილე ერთი პოლიტიკური პარტიის გარდა, არც ერთი აღიარებს.

რას დატვირთვა აქვს თეთრი სახლის წარმომადგენლის ვიზიტს ახლა საქართველოსთვის, ჩვენს ქვეყანასა და ზოგადად რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე… რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემა „დღის თემის“ სტუმარი  ექსპერტი გია ხუხაშვილი იყო.

 

რა პროგნოზების გაკეთება შეიძლება 9-პუნქტიანი შეთანხმების შემდეგ და რამდენად შესრულებადია ეს შეთანხმება, მაშინ როდესაც შუამავალი არის რუსეთი?

ჯერჯერობით დაწყებულია დიდი გადანაწილების პროცესი. ასეთ მომენტში, ბევრ მოთამაშეს აქვს ამბიცია, რომ გაიფართოვოს საკუთარი ამბიცია. ასეთი მოთამაშე კი მარტო რუსეთი არ არის, აქ ასევე თურქეთის, ირანის, ევროპის და აშშ-ს ინტერესებია. ტურბუნენტულ პერიოდში შევედით. ჯერჯერობით რთულია იმის თქმა თუ როგორ დასრულდება მოვლენები. ვინ დარჩება მოგებული და ვინ წაგებული, ეს ჯერ კიდევ სანახავია. პირველ ეტაპზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთმა მოიპოვა ტაქტიკური გამარჯვება, რაზეც დამოკიდებულია ორივე ქვეყანა. ის ლეგალურად განათავსებს თავის შეიარაღებულ ძალებს როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ეს რა თქმა უნდა მისი მუდმივი ინტერესებიდან გამომდინარე, შეიძლება სერიოზულ ტაქტიკურ გამარჯვებად ჩაითვალოს. თურქეთიც ამ თამაშშია, ჩვენ ვხედავთ ის მუდმივ კომუნიკაციაშია რუსეთთან. მას აშკარად გამოკვეთილი პოზიცია ქონდა, პრინციპში ის, ვისაც მხარს უჭერდა უკვე გაიმარჯვა ამ ომში. პლუს ამას ფაშინიანი მუდმივად იყო რუსეთის ორბიტაზე და მის კონტროლქვეშ. ფაშინიანის მოსვლის შემდეგ მან დაიწყო ვექტორის ცვლილება, უფრო დასავლეთისკენ გადახრა და ბუნებრივია ამას მოყვა ეს ტურბულენტობა. ფაქტობრივად, ერთერთი განზომილება არის ის, რომ რუსეთმა დასაჯა სომხეთის ხელისუფლება  და გარკვეული რევერანსი გაუკეთა აზერბაიჯანსაც და გაიძლიერა პოზიციები. ყველაზე პრობლემატური ახლა დასავლეთის ინტერესებია, რომელიც ადრე არსებულ სტატუსქვეშ ნელა, მაგრამ მეთოდურად ატარებდა საკუთარ ინტერესებს. ეს იყო გარკვეული პროექტები როგორც საქართველოში, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანში. ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშე დადგა. დღეს ერთადერთი კოზირი დასავლეთს საქართველოს სახით აქვს, რადგან იქით უკვე ყველა ხაზი და ყველა ძაფი გაწყვეტილია. ფაშინიანის ხელისუფლება ვეღარ გადაურჩება ამ ყველაფერს. მაღალი ალბათობით სომხეთის სათავეში პრორუსული ხელისუფლება დაბრუნდება. ამის გამო დასავლეთმა უნდა იმოქმედოს საქართველოში ძალიან სწრაფად, რადგან ცოტა ხანში შეიძლება ესეც დაგვიანებული იყოს.

საინტერესოა თქვენი აზრი შეთანხმების იმ ნაწილზე, რომელიც ეხება კომუნიკაციის ნაწილს აზერბაიჯანისთვის ნახინჩევანთან. შეეხება თუ არა ეს საქართველოს?

რა თქმა უნდა, შეეხება, პირველ რიგში უფრო ეკონომიკურად. მოგეხსენებათ, საქართველო გეოპოლიტიკურად სატრანზიტო ფუნქციის მატარებელია. ევროპისკენ ტრანზიტს თავი რომ დავანებოთ, თვითონ თურქეთ-აზერბაიჯანის ინტეგრაციის ხარისხი ძალიან მაღალია. ჩვენ ვიყავით ამ ინტეგრაციის უალტერნატივო კომუნიკაციის წყარო. თუ ნახიჩევანის გავლით თურქეთზე პირდაპირი გზა გაიჭრა, ჩვენ თამაშგარე მდგომარეობაში დავრჩებით. ბუნებრივია, ეს საგრძნობლად დააკნინებს ჩვენს გეოპოლიტიკურ ფუნქციას.

ზურაბ აბაშიძემ დაადასტურა, რომ რუსი სამშვიდობოები ყარაბაღში, საქართველოს საჰაერო გავლით გადაჰყავთ. ამ საკითხზე ექსპერტები ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ პრაქტიკულად რუსული სამხედრო ბაზების რკალში ვიმყოფებით. რუსული პოზიციების ცალსახა გამყარებამ, კონკრეტულად რა ზეგავლენა შეიძლება იქონიოს საქართველოზე, რა იცვლება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით?

მარტო რუსეთს ნუ ვიტყვით – რეგიონულ ქვეყნებსაც აქვთ ინტერესი. ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ პოლიტიკა ძალიან მკაცრი თემაა, ანუ გავლენების არეალია. პატარა ქვეყნებთან ყოველთვის აქვთ დიდ ქვეყნებს გავლენები. ხვალ და ზეგ რას მოილაპარაკებენ, ეს ჩვენ არ ვიცით, მით უმეტეს თუ დასავლეთი სუსტად იქნება წარმოდგენილი. ამის გამო საფრთხე ბევრნაირი შეიძლება იყოს. ეს ძალიან ფაქიზი თემებია, ამიტომ დეტალებში ბოლომდე არ შევიდოდი. არ მინდა რაღაც სკანდალური განცხადებები ვაკეთო, თუმცა რისკები დამერწმუნეთ ძალიან მაღალია სხვადასხვა სცენარებიდან გამომდინარე. რომ გითხრათ რომელიმე სცენარი ჩვენთვის კარგია-მეთქი, ამის ალბათობას ვერ ვხედავ. ამიტომ ვფიქრობ არა მხოლოდ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ აშშ-საც წესით უნდა ესმოდეს, რომ შტატები და საერთოდ დასავლეთი შესაძლოა დარჩეს თამაშგარედ. იმ შემთხვევაში თუ არ იქნება საქართველოს უსაფრთხოება გარანტირებული. ამით მათი ინტერესი შესაძლოა განიდევნოს საქართველოდან. მე ვვარაუდობ, რომ პომპეოს ერთ-ერთი წინადადება სწორედ  ამ თემაზე იქნება. პოლიტიკური ლოგიკა კარნახობს აშშ-ს, რომ მაქსიმალურად დააჩქაროს საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში და უკვე ოპერატიული ნაბიჯი გადაიდგას, რომ აშშ-ს გარკვეული კონტიგენტი ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში უახლოეს პერიოდში საქართველოში განთავსდეს.

რას ფიქრობთ, რით არის ნაკარნახები და გამოწვეული ეს ვიზიტი? თქვენ როგორ კონტექტში ხედავთ ამ ვიზიტს და რა ტიპის გზავნილებს ელოდებით?

გასაგებია, რომ შეხვედრაზე ერთ თემაზე არ ისაუბრებენ. მიმაჩნია, რომ მთავარი თემა აშშ-ს ინტერესებიდან გამომდინარე იქნება რეგიონში საკუთარი გავლენის შენარჩუნება. ბუნებრივია ორ ქვეყანას შორის იქნება განხილული შიდა პოლიტიკური დაძაბულობაც. თუმცა არ მგონია, რომ აქ გამართლდეს რომელიმე მხარის მოლოდინი. ვფიქრობ, რომ პომპეოს ტონი ამ შიდა პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით იქნება დაახლოებით იმ ტონალობის, რაც ჩვენ უკვე მოვისმინეთ. მგონია ისევ იქნება მოწოდება, რომ არჩევნები ჩატარდეს კონკურენტულ გარემოში და გამოსწორდეს ის ხარვეზები, რაც იყო.

რა ტიპის სიგნალი შეიძლება იყოს ოპოზიციისათვის, გაამყარებს ხელისუფლების პოზიციას?

საბოლოო ჯამში, აშშ აქ ასე აშკარად არ ჩაერევა. არც ლეგიტიმიზაციას მისცემს. აშშ-ში ამ პროცესს დაელოდებიან და მიადევნებენ თვალყურს. ამ ყველაფერზე კი სავარაუდოდ მოგვიანებით მოხდება რეაგირება. ბუნებრივია, რომ ხელისუფლება შეეცდება მის გამოყენებას თავის სასარგებლოდ. იტყვის, რომ მივიღეთ ლეგიტიმაცია. ოპოზიცია სათავისოდ გაიგებს და ამას იყვირებს. ისევ ორი მონოლოგი გვექნება, რომლებიც რეალობას აცდება. სინამდვილეში კი აშშ-ს ამჟამად სხვა პრობლემები აქვს, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი. თუმცა აქ მთავარი ინტრიგა ის არის, იქნება თუ არა შემოთავაზებული და დაჩქარებული  ჩვენი ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია.

 

 

ასევე წაიკითხეთ:

რუსეთმა აისრულა დიდი ხნის ოცნება: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების ერა დაიწყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები