LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დახურული სათხილამურო ტრასები და საშობაო ბაზრობები, აკრძალული ფოიერვერკები: გერმანია შეზღუდვებს ახანგრძლივებს

86
127243142-363796588250889-976587173627898533-n

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, გერმანია დაწესებულ შეზღუდვებს, სავარაუდოდ, იანვრის დასაწყისამდე კიდევ გაახანგრძლივებს.

როგორც ქვეყნის კანცლერმა განაცხადა, ეს ის შემთხვევაში მოხდება, თუ არ იკლებს ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი, რაც, სამწუხაროდ, მოსალოდნელი არ არის.

ამას ადასტურებს ბოლო ორი დღის მონაცემებიც. გუშინ ქვეყანაში გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – გამოვლინდა 20 825 ახალი შემთხვევა და გარდაიცვალა 416 პაციენტი.

რაც შეეხება სრულ სტატისტიკურ სურათს, ინფიცირების საერთო მაჩვენებლით გერმანია უკვე უახლოვდება მილიონს – სულ აღრიცხულია დაავადების 983 731 და გარდაცვალების 15 381 შემთხვევა.

ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ნოემბრის დასაწყისში შემოღებული ისეთი შეზღუდვები, როგორიცაა თავშეყრის შეზღუდვა, რესტორნებისა და ბარების, ასევე რეკრეაციული და კულტურული ობიექტების დახურვა, ვერ მოიხსნება არსებული ეპიდემიოლოგიური სურათის გათვალისწინებით.

ქვეყანაში შეზღუდვების თანდათან შემსუბუქებას 20 დეკემბრისთვის ფიქრობდნენ.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიუხედავად, არ დაიხურება სკოლები და მცირე ზომის სავაჭრო ობიექტები.

23 დეკემბრიდან, მოახლოებულ სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით, იგეგმება შეზღუდვების შემსუბუქება – შესაძლებელი იქნება 10 ადამიანის შეკრება, თუმცა, როგორც მთავრობაში აცხადებენ, ეს არ ნიშნავს დადგენილი წესებისგან გათავისუფლებას, პირიქით, მთავარ დევიზად კვლავ რჩება მოწოდება – დარჩი სახლში!

ცნობილი ხდება ასევე, რომ ფოიერვერკის გამოყენება აიკრძალება გარკვეულ საზოგადოებრივ მოედნებზე, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადამიანთა დიდ ჯგუფებად შეკრება.

გერმანია ასევე შეეცდება მიაღწიოს შეთანხმებას ევროპელ პარტნიორებთან, რათა სათხილამურო ტრასები დაიხუროს იანვრის დასაწყისამდე.

გადაწყვეტილების მიზანი კვლავ ვირუსის გავრცელების ჯაჭვის გაწყვეტაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები