LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაგვიცავს თუ არა კოვიდვაქცინები ახალი შტამებისგან – CDC-ის განცხადებით, მომავალში, შესაძლოა, ვაქცინები არაფექტიანი აღმოჩნდეს

240
1

“არსებული კოვიდვაქცინები, შესაძლოა ვირუსის ახალი ვარიანტების მიმართ არაეფექტიანი აღმოჩნდეს.” – არც თუ ისე დამაიმედებელ პროგნოზს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში აკეთებენ. 

CDC-ს ხელმძღვანელმა, როშელ ვალენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ შემდეგმა შტამმა, რომელიც ასევე შესაძლოა გაჩნდეს, შეიძლება ვაქცინების დაცვას გვერდი აუაროს:

“არსებული ვაქცინები მართლაც კარგად მოქმედებს მძიმე დაავადებებისა და სიკვდილისგან დასაცავად, მაგრამ დიდი საფიქრალია ის, რომ შემდეგმა ვარიანტმა, რომელიც შესაძლოა გაჩნდეს – არსებულ ვერსიებთან სულ რაღაც რამდენიმე მუტაციით დაშორებულმა – შეიძლება თავიდან აიცილოს ჩვენი ვაქცინები.”- თქვა როშელ ვალენსკიმ და აქვე აღნიშნა, რომ საბედნიეროდ, ახლა ამ მდგომარეობაში არ არიან.

 

 

უნდა ველოდოთ თუ არა კოვიდ-19-ის ახალ შტამებს – “ვირუსის მეტი გავრცელება უდრის მეტ მუტაციას”

 

ის ვინც კონსპირაციულ თეორიებს ემხრობა, ვირუსისა და მით უმეტეს, მისი ახალი ვარიანტების ბუნებრივად წარმოშობასაც არ იჯერებს.

მეცნიერები კი ამბობენ, რომ ახალი შტამების წარმოქმნა ვირუსის ევოლუციის პროცესში, ჩვეულებრივი მოვლენაა და არც ახალი ვერსიების გამოჩენას გამორიცხავენ. თუმცა მეორე საკითხია, რამდენად საშიში იქნება ახალი შტამები.

ენდრიუ რიდი, რომელიც პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინფექციური დაავადებების ევოლუციას შეისწავლის, ამბობს, რომ ამ დროისთვის ყველაზე დიდი საზრუნავი მხოლოდ ინფიცირებულ ადამიანთა სიმრავლეა და, შესაბამისად, წარმოქმნილი ვარიანტების სიმრავლეც.

რიდის განცხადებით, “ზოგიერთი მათგანი შეიძლება იყოს ჯეკპოტი, რომელიც დელტაზე უკეთესია”.

როგორც მეცნიერები განმარტავენ, დროთა განმავლობაში ყველა ვირუსი იცვლება, რადგან ისინი ინფიცირებულ ადამიანში ვითარდება. ასე ვრცელდება კორონავირუსის უთვალავი ვერსია და თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავდება მის გენეტიკურ კოდში მცირედი ცვლილებით. ბევრ მათგანს არ აქვს რეალური გავლენა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე, მაგრამ რაც უფრო მეტ ადამიანს აინფიცირებს ვირუსი, მით უფრო მეტი შანსი აქვს მას ახალ, საშიშ ვარიანტად გარდაიქმნას.

ვირუსი კი უფრო და უფრო მეტ ადამიანს აინფიცირებს, განსაკუთრებით ახალი ე.წ. “დელტა შტამი”, რომელიც მსოფლიოში უკვე დომინანტია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო ერთ კვირაში მსოფლიოში ინფიცირების მაჩვენებელი 8%-ით არის გაზრდილი, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ლეტალობის პროცენტული მაჩვენებელი და ის 21 %-ია, რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, აქ შვიდდღიანი საშუალო ყოველდღიური მაჩვენებელი ხუთჯერ გაიზარდა.