საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, უკრაინასთან სტრატეგიული ურთიერთობა გადახედვას არ ექვემდებარება, თუმცა აღნიშნულმა სიტუაციამ ორმხრივ ურთიერთობებში სერიოზული პრობლემები შექმნა.

უკრაინიდან ელჩის გამოწვევაზე

მინიტრის ინფორმაციით, საქართველოს ელჩი უკრაინაში თეიმურაზ შარაშენიძე, რომელიც უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ კონსულტაციებისთვის გამოიწვიეს, საგარეო უწყებაში 25 მაისს არის დაბარებული.

„უკრაინაში საქართველოს ელჩს ორკვირიანი კარანტინი უსრულდება ორშაბათს. 25 მაისს ის საგარეო საქმეთა სამინისტროშია დაბარებული. ჩვენ გავივლით ყველა დეტალს, მათ შორის ყველა ძირითად საკითხზე, რაც არის დაკავშირებული არსებულ სიტუაციასთან და ჩვენს ურთიერთობებთან სტრატეგიულ პარტნიორ უკრაინასთან. მიუხედავად ამ პრობლემისა, ვაგრძელებთ უკრაინასთან სტრატეგიულ ურთიერთობას და ეს გადახედვას არ ექვემდებარება. თუმცა იმ სიტუაციამ ორმხრივ ურთიერთობებში სერიოზული პრობლემები შექმნა და გვჭირდება ანალიზი თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ორმხრივი ურთიერთობა,“ – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

 

კინზინგერის განცხადებაზე

მინისტრმა ასევე ისაუბრა ადამ კინზინგერის განცხადებაზე, რომლის მიხედვით კონგრესმენი აცხადებს, რომ 8 მარტის ხელშეკრულებაში მონაწილე ყველა მხარე პროგრესისკენ დგამს ნაბიჯებს.

„კინზინგერის შეფასება იყო უაღრესად კორექტური და მნიშვნელოვანი. ვიზიარებ ყველა იმ შეხედულებას, რომელიც კინზინგერმა საქართველოს შესახებ გააჟღერა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლება არის მზად იმისთვის, რომ შეთანხმება განხორციელდეს. აუცილებელია, რომ არჩევნები ჩატარდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. როგორც კი გამოცხადდება არჩევნების თარიღი, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასა და პარტნიორს გავუგზავნით ოფიციალურ მოწვევას, როგორც დამკვირვებლებს“, – განაცხადა მინისტრმა.

 

„ღია ცის შეთანხმების“ დარღვევაზე

ზალკალიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს განცხადების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომელიც რუსეთის მიერ „ღია ცის შეთანხმების“ დარღვევას ეხებოდა. ზალკალიანმა გაიხსენა დეტალები, თუ რატომ შეაჩერა საქართველომ 2012 წელს ღია ცის ხელშეკრულება რუსეთთან მიმართებაში.

„2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ ყველა საერთაშორისო შეთანხმების, მათ შორის, ღია ცის შეთანხმების განსხვავებული ინტერპრეტაცია დაიწყო, იგივე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. რუსეთმა 2010 წელს გარკვეული შემზღუდავი ზომები მიიღო ათი კილომეტრის რადიუსში ფრენებთან დაკავშირებით ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებით იმ მოტივით, რომ თითქოს ეს „ქვეყნები“ არ არიან ამ ხელშეკრულების მონაწილე და არიან დამოუკიდებელი სუბიექტები, რაც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფასა და ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრი გვახსენებს, რომ რუსეთის ამ ქმედებასთან დაკავშირებით, საჯაროდ არაერთი დამგმობი განცხადება გაკეთდა როგორც საქართველოს, ისე სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან.

„ღია ცის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით აშშ-ს მხრიდან გაკეთებულ განცხადებაში მიზეზებს შორის აღნიშნულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორისთვის საქართველოს საკითხი არის უმნიშვნელოვანესი და რომ ჩვენ გვაქვს ღრმა და საფუძვლიანი თანამშრომლობა საერთაშორისო უსაფრთხოების ყველა მნიშვნელოვან მიმართულებაზე“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05