LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაავადებათა კონტროლის ცენტრი კომპანია „ალმას“ მოუწოდებს, დაუყოვნებლივ აღადგინოს ვაქცინაციის მხარდამჭერი შინაარსის შემცველი ბანერები

73
დაავადებათა-კონტროლის-ცენტრი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ცენტრმა კომპანია „ალმას“ თბილისში გამოკრულ სიძულვილის შემცველ ბანერებთან დაკავშირებით წერილობით მიმართა.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, წერილში ნათქვამია, რომ ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერის ნებისმიერი სხვა შინაარსის ბანერით ჩანაცვლებას საკმაოდ ნეგატიური შედეგი ექნება მაშინ, როდესაც კორონავირუსით ათასობით ადამიანი ავადდება და ათეულობით იღუპება.

გარდა ამისა, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა თქვა, წერილში კომპანიას მოუწოდებენ, გარე ბილბორდებზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერი შინაარსის შემცველი ბანერების დაუყოვნებლივ აღდგენა უზრუნველყონ.

გამყრელიძის თქმით, კომპანიას „ალმას“ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ოფიციალური წერილით დღეს მიმართა.

„მასმედიის საშუალებით მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ გარე ბილბორდებზე განთავსებულ ბანერებზე, რომელიც მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებდა, მოხდა სხვა შინაარსის ბანერების განთავსება. რასთან დაკავშირებითაც, ეროვნულმა ცენტრმა, იმავე დღეს სოციალური ქსელით გააკეთა სათანადო განცხადება.

მინდა შეგახსენოთ, რომ ეროვნული ცენტრი არის იმუნიზაციის მთავარი მხარდამჭერი ქვეყანაში, ამ მიზნით, იყენებს სხვადასხვა სახის საინფორმაციო და სოციალური მედიის საშუალებებს და მოუწოდებს მოსახლეობას აცრისკენ, რათა დაიცვან საკუთარი და მათი შვილების ჯანმრთელობა,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ამ ფონზე, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერ მოწოდებებს ქვეყნის მასშტაბით განსაკუთრებული როლი ენიჭება.

გამყრელიძის განცხადებით, სასიცოცხლოდ აუცილებელია, ქვეყნის მოსახლეობა რაც შეიძლება სწრაფად აიცრას, დაცული იყოს მათ სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ვინაიდან, კოვიდ პანდემიის დასრულების ერთადერთი გზა, გამყრელიძის თქმით, მხოლოდ საყოველთაო ვაქცინაციაზე გადის.

„კორონავირუსის პანდემიის პირობებში, როდესაც ყოველდღიურად, სამწუხაროდ, ათასობით ადამიანი ავადდება და ამ ვერაგი დაავადებით ათეულობით იღუპება, ასევე ამავდროულად, უკანასკნელი დღეების განმავლობაში, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს კლებადი ტენდენცია აქვს, ვაქცინაციის მხარდააჭერი ბანერის ნებისმიერი სხვა შინაარსის ბანერით ჩანაცვლებას საკმაოდ ნეგატიური შედეგი ექნება.

ამასთან, ჩვენ შორის არსებული სახელშეკრულებო პრაქტიკის მიხედვითაც, ბანერების განთავსების ლოკაციის ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა წინასწარი შეთანხმებით, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ მომხდარა,“ – განმარტა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ბანერების შეცვლის თაობაზე, ინფორმაციის წინასწარ ქონის შემთხვევაში, ეროვნული ცენტრი ყველა შესაძლო საშუალებას გამოიყენებდა, რათა ბანერების განთავსების ყველა საჭირო ღონისძიება უპირობოდ გაგრძელებულიყო და მოსახლეობის სიცოცხლის გადასარჩენად ვაქცინაციის პოპულარიზაცია მომხდარიყო.

„მოგიწოდებთ, უზრუნველყოთ გარე ბილბორდებზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერი შინაარსის შემცველი ბანერების დაუყოვნებლივ აღდგენა, ვინაიდან პანდემიის პერიოდში, მისი დასრულების საშუალება სწორედ იმუნიზაციაა“,- დასძინა გამყრელიძემ.

ჩვენთვის სარეკლამო ბანერების „კონტენტი“ ცალსახად მიუღებელია – კომპანია „ალმა“ განცხადებას ავრცელებს

პოპულალურები