LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენს რწმენასა და სამოქალაქო ცნობიერებას დიდი გამოცდა ელის – მეუფე გრიგოლი

107
გრიგოლი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის თქმით, რწმენასა და სამოქალაქო ცნობიერებას უახლოეს მომავალში დიდი გამოცდა ელის. მისივე განცხადებით, მთელი ქვეყანა გარკვეულწილად მღელვარებამ მოიცვა და პირველ რიგში, სიმშვიდეა საჭირო. აღნიშნული მეუფე გრიგოლმა ფოთის საკათედრო ტაძარში ღამისთევის მსახურების დროს განაცხადა, მის სიტყვებს კი საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

„ცხოვრება თავისი დინებით მიმდინარეობს. საპატრიარქო კი არა, დღეს ხედავთ, რომ მთელი ქვეყანა გარკვეულწილად მღელვარებამ მოიცვა და პირველ რიგში, სიმშვიდეა საჭირო და ამის შემდგომ უკვე საუბარი იმ პრობლემებზე, რომლის წინაშეც დგას ეკლესია იქნება, ქვეყანა, თუ თითოეული ადამიანი

დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება საღი აზრი, რაც შექმნილ ვითარებას გარკვეულწილად დაამშვიდებს და თანდათანობით დააბრუნებს განვითარების პერსპექტივაზე ორიენტირებულ კალაპოტში, იმ მძლავრ საყრდენზე, რაც საუკუნეთა განმავლობაში ქარიშხალთა პირობებში ეკლესიის მდგრადობას განაპირობებდა. არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ წინ გველოდება არანაკლებ რთული გზა. ჩვენს სახარებისეულ რწმენას წინ ელოდება დიდი გამოცდა. დიდი გამოცდა ელის ჩვენს სამოქალაქო ცნობიერებასაც. რასაკვირველია, ეს არის ქრისტიანული ცხოვრების, თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე ორიენტირებული ერის არსებობის თანმდევი პროცესი.

ნუთუ ეჭვი გვეპარება იმაში, რომ სადაც ქრისტეა, იქ გამარჯვებაცაა?!…და სადაც ქრისტიანულ ღირებულებთან ადამიანის ნების თანხვედრაა, იქ არის ქრისტე, ვითარცა მხსნელი. ცოდვის, უკეთურებისა და ბოროტების წინააღმდეგ დაპირისპირების უალტერნატივო საშუალებაა სარწმუნოება, სასოება და სიყვარული! შეშინებული და დამფრთხალი საზოგადოება, შეშინებული ქრისტიანი, ბევრად უფრო საშიში და სახიფათოა, ვიდრე ის, რისიც მას ეშინია“, – აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

არსებულ ვითარებაში უნდა შეიკრიბოს თუ არა სინოდი, მეუფე გრიგოლს მიაჩნია, რომ ამას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გადაწყვეტს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები