LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი რუბრიკის მიზანია, დავანახვოთ მაყურებელს, რომ მაცივარში რაც აქვს, იმით განსხვავებული კერძების მომზადება შეუძლია…“

1193
likakvaracxelianews

ლიკა კვარაცხელია და თემო ქაქუჩაია „რუსთავი 2“-ის დილის გადაცემის ახალი ტელეწყვილია სამზარეულოში. ლიკას აქცენტი უფრო მეტად ჯანსაღ და მარტივად მოსამზადებელ რეცეპტებზე აქვს, თემოს კი უფრო მეტად კალორიულზე, მაგრამ ორივე წამყვანი ორიენტირებულია იმაზე, რომ მაყურებელი კულინარიით კიდევ უფრო მეტად დააინტერესოს და მათი დილა უფრო გემრიელი გახადოს.

ლიკა კვარაცხელია:

შეთავაზება „რუსთავი 2“-ის დილის გადაცემის პროდიუსერისგან მივიღე. ჩემთვის ეს შეთავაზება ძალიან მოულოდნელი იყო, არ ველოდი, რომ ამხელა პასუხისმგებლობას დამაკისრებდნენ. იყო ჩემს ცხოვრებაში პერიოდი, როდესაც საკუთარ კულინარიულ გადაცემაზე ვფიქრობდი, თუმცა ეს ცოტა სხვა ფორმატია. პირდაპირი ეთერია, რამდენჯერმე ვართ ეთერში და კერძის მზადების პროცესი სხვანაირად ჩანს. სინჯიდან ძალიან მალე, მეორე დღესვე გვქონდა პირდაპირი ეთერი და ძალიან ვღელავდი, მაგრამ წამყვანებმა შეგვიწყვეს ხელი. ცოტა დრო მჭირდება, რომ ახალი ამპლუა გავითავისო, თუმცა კულინარია ჩემთვის უცხო არ არის, რადგან ძალიან მიყვარს სამზარეულოში ტრიალი. დიდი სიამოვნებით გავდივარ ყოველ სამშაბათს ეთერში.

გემრიელი კერძების მომზადება როგორ ისწავლე ან ვისგან?

მგონი, ჩემით. ჩემი მიმართულებაა მარტივი და გემრიელი კერძების მომზადება. არც ვამზადებ ისეთ კერძებს, სამდღენახევარი რომ სჭირდება, მაქსიმუმ ნახევარი საათი. მაშინ არის სახალისო მზადების პროცესი, როცა არ გბეზრდება.

თემო ქაქუჩაიას შენგან განსხვავებული მიმართულება აქვს. როგორ შეეგუეთ თანაწამყვანობას?

ძალიან კარგად. თემო ძალიან გამოცდილი მზარეულია და მისგან ბევრ რამეს ვისწავლი, თანაც, განაწილებული გვაქვს ჩვენ-ჩვენი მიმართულება. ორი ეთერი არ არის საკმარისი, მაგრამ ვფიქრობ, რაღაც-რაღაცები უკვე კარგად გავიგე.

ბოლო დროს, განსაკუთრებით, პანდემიის კარჩაკეტილობისას ბევრმა დაიწყო კულინარიული ექსპერიმენტები.

რაც უფრო სწორად ვიკვებებით და შინ მოვუმზადებთ ჩვენს შვილებს კერძებს, რასაკვირველია, უფრო მეტად ჯანმრთელები იქნებიან. იმუნიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანემა მიირთვან საკვები, რომელიც დაბალანსებული იქნება ვიტამინებითა და მინერალებით. გარეთ შეძენილი საჭმელი, გარდა იმისა, რომ შინ არ არის მომზადებული, შეფუთულია ისეთი მასალით, რომელიც გარემოს აბინძურებს. თუკი თავად შევიძენთ პროდუქტს და მოვამზადებთ, ნაკლები ისეთი ნარჩენი გვექნება ქვეყანაში, რაც გარემოს აბინძურებს.

შენ სულ თავად ამზადებ შინ?

არის დღეები, როდესაც სამზარეულოში ტრიალისთვის საერთოდ არ მცალია, მაგრამ საღამოს, როდესაც შინ ვბრუნდები, სულ მაქვს გაუყინავი პროდუქტი, ქათმის ფილე იქნება თუ სხვა რამ, კვერცხს შეწვავ, წინა დღეს გამზადებულ სოუსს გამოიყენებ და ა.შ. მიყვარს, როცა ყველა ერთად ვიკრიბებით, უცებ რაღაცას მოვამზადებთ და მივირთმევთ. ეს უფრო მიყვარს, ვიდრე დილას სადილის გამზადება და სახლში დატოვება.

 თემო ქაქუჩაია:

„რუსთავი 2“-ის დილის გადაცემის შემოთავაზებამ მომხიბლა, რადგან ყოველდღე არ გთავაზობენ ტელევიზიაში მუშაობას, თან, შენი პროფესიული განხრით. მიყვარს კამერებთან მუშაობა, მაყურებელთან ურთიერთობა და საუბარი, ამიტომ ეს შანსი სიამოვნებით გამოვიყენე და დიდხანს არ მიფიქრია, დავთანხმებოდი თუ არა.

პროდიუსერების ჩანაფიქრია, რომ ლიკა კვარაცხელიამ მოამზადოს ჯანსაღი კერძები, მე – უფრო კალორიული.

კამერებთან ურთიერთობის სიყვარული კარგია, მაგრამ პირდაპირი ეთერი არ იყო სანერვიულო?

რაღაც მხრივ, კი, მაგრამ ძალიან დიდი ხანია, ბარმენად ვმუშაობ, მოსკოვშიც და შემდეგ თბილისშიც. სტუმართან პირდაპირ რომ გაქვს ურთიერთობა, არანაირი შეცდომის უფლება არ გაქვს. როცა პირდაპირ ეთერში ვმუშაობ, კამერას ვერ ვამჩნევ და ჩემს საქმეს ვაკეთებ. სტუმართან უფრო სანერვიულოა მუშაობა, ვიდრე პირდაპირ ეთერში.

ბოლო დროს კულინარია საქართველოში ძალიან პოპულარული გახდა…

საქართველოში ამას მივაწერ პირველ რიგში, „მასტერშეფის“ პროექტს. გარდა ამისა, სფეროს განვითარებისთვის „გოემიოს“ თუ „ბოკუზ დორის“ საქართველოში შემოსვლაც მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია მზარეულები, რომლებიც სწავლობენ. მთელ მსოფლიოში ვითარდება კულინარია და ეს დიდი მოტივაციაა, როცა ამ განვითარებას უყურებ, შენც გინდა, მას დაეწიო.

ეს მიზანი რამდენ ხანში იქნება მიღწეული?

მე პროფესიით ბარმენი ვარ და ჩემთვის ბარის განვითარებაა მნიშვნელოვანი. „მასტერშეფში“ მივედი, როგორც პირველ რიგში, ბარმენი, რომ ხალხისთვის ჩემი პროფესია გამეცნო და მეთქვა, რომ ბარმენი არ არის დამსხმელი, როგორც ადამიანი, რომელიც პომიდორს ჭრის კარგად, არ არის მზარეული. ჩვენს ქვეყანაში რესტორნის პრობლემა სამივე მიმართულებითაა – სამზარეულო, სერვისი და ბარი. სამწუხაროდ, რესტორნების 90%-ში სამივე მიმართულება არის განუვითარებელი, – არ მზადდება კარგი სასმელი, სერვისი ისეთია, რომ მიმტანისთვის გიწევს მისი მოვალეობების შეხსენება და ამის გამო თავს უხერხულად გრძნობ და კერძიც ისეთ შთაბეჭდილებას გიტოვებს, რომ მეორედ აღარ გინდება მისი გასინჯვა და იმ რესტორანში დაბრუნება. სამივე სფერო უნდა განვითარდეს თანაბრად, რადგან არის რესტორნები, სადაც უგემრიელესი კერძებია, მაგრამ ცუდი სერვისი და იქ მისვლა არ გინდა. ამის გამო სამზარეულო იჩაგრება.

თუ არის შესაძლებელი, რომ ადამიანმა ტელევიზიით ისწავლოს კულინარიის საფუძვლები მაინც?

ტელევიზიამ შეიძლება მოგცეს სურვილი, რომ უფრო მეტ ინფორმაციას გაეცნო, შეიძლება, ინტერნეტში ნახოს დამატებით, შემდეგ ნაცნობ მზარეულს ჰკითხოს და ა.შ. ეს შეიძლება, იყოს ინტერესის გამომწვევი.

თქვენი რუბრიკის მიზანი რა არის?

კულინარიით მაყურებლის დაინტერესება, კონკრეტული რეცეპტის სწავლა და დილის საინტერესოდ შევსებაც. დილას არა მხოლოდ შემწვარი კვერცხი შეიძლება მიირთვათ. პირველ ეთერში გავაკეთე ფანქეიქი თხის ყველით, მეორე გადაცემაში კი ფრანგული ტოსტები, განსხვავებულად. ჩვენი რუბრიკის მიზანია, დავანახვოთ მაყურებელს, რომ რაც მაცივარში მოეპოვება, იმით შეუძლია განსხვავებული კერძების მომზადება.

და ცხოვრებაც უფრო საინტერესო იქნება.

ცხოვრება უნდა იყოს გემრიელი და მრავალფეროვანი. ადამიანის ჰორიზონტი უნდა იყოს ფერადი ცისარტყელასავით და არა შავ-თეთრი.

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: ანა კოშაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები