პოლიტსაბჭო როგორც აღმსარულებელი, ასევე საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებით დაკომპლექტდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ გადაწყვეტილებების მიღებისა და პირორიტეტების განხორციელების პროცესში, რომელიც ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგში დგას, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს ახალმა წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა “ფორტუნას” გადაცემა “დღის თემაში” განაცხადა.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით,  პოლიტსაბჭოს გუნდი უაღრესად მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილი ადამიანებით არის დაკომპლექტებული. მისივე თქმით, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ქვეყნის განვითარების სტრატეგიას ერთობლივად შეიმუშავებენ.

რაც შეეხება ძირითად მიზნებს, ქვრივიშვილის განმარტებით, მთავარი გამოწვევა კვლავ პანდემიასთან ბრძოლა და მისი გავრცელების პრევენცია რჩება. მეორე საკითხი კი, რაზეც გუნდი იზრუნებს ეკონომიკური მიმართულების გაძლიერებაა.

“პოლიტსაბჭოს წევრობა უაღრესად დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან საბჭოს მნიშვნელოვანი როლი ეკისრება და შეიძლება ვთქვათ, რომ შულედური რგოლია გადაწყვეტილების მიღების კუთხით. ერთმანეთთან ჰარმონიული და გუნდური მუშაობა იქნება საწინდარი ბევრი წარმატებული პროექტის, რომელიც იქნება ქვეყნისთვის სასიკეთო.

განახლებული საბჭოს წევრები ერთობლივად ვიზრუნებთ იმაზე, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება კიდევ უფრო დასტაბილურდეს. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მიღებული გადაწყვეტილებები საკმაოდ რთულია მეწარმეებისთვის, ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართული ადამიანებისთვის,თუმცა მეორე მხრივ ამან დადებითი ზეგავლენა მოახდინა ეპიდვითარების დასტაბილურების მიმართულებით.

ახლა გახსნის ეტაპებისთვის მზადება მიმდინარეობს. მთავარი გამოწვევა კვლავ პანდემიასთან ბრძოლა და მისი გავრცელების პრევენცია რჩება ჩვენს ქვეყანაში. მეორე კი ეკონომიკური მიმართულების გაძლიერება – ხელი შევუწყოთ ჩვენს მეწარმეებს და რა თქმა უნდა, ერთობლივი ძალებით შევინარჩუნოთ და შევქმნათ კიდევ უფრო მეტი დასაქმების ადგილი.”- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

უკვე რამდენიმე დღეა ბიძინა ივანიშვილი მმართველ გუნდს ოფიციალურად ჩამოშორდა. “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ირაკლი კობახიძემ შეცვალა, ის უმრავლესობის პარტიის ახალ თავმჯდომარედ ყრილობის დელეგატებმა ერთხმად აირჩია. განახლდა და გაფართოვდა პოლიტსაბჭოს შემადგენლობაც. მასში შედიან როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

პოლიტსაბჭოს შემადგენლობის ექვსი ახალი სახე გახდა: თორნიკე რიჟვაძე, მარიამ ქვრივიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, შალვა პაპუაშვილი, მარიამ ბოჭორიშვილი და ეკატერინე ტიკარაძე.

“ქართული ოცნების წევრებმა უნდა დაიჯერონ, რომ ივანიშვილი მართლა წავიდა” – როგორ განვითარდება მოვლენები ლიდერის გარეშე დარჩენილ პარტიაში

 

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები