LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი ცხოვრება დაემსგავსება ევროპის საუკეთესო ქალაქების ცხოვრებას: პრემიერი აღმშენებლობის ოთხ წელიწადს აანონსებს

116
123082778-1835119496625946-6823454905505224685-o

„2021 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში, მთავრობა გააგრძელებს გაზიფიცირების სამთავრობო პროგრამას, რომლის შედეგიც იქნება დამატებით გაზიფიცირებული 211 სოფელი და დაახლოებით 33 000 ოჯახი, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობის 90% იქნება გაზიფიცირებული“, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წალენჯიხაში, გაზიფიცირების პროგრამაზე საუბრის დროს გააკეთა.

გიორგი გახარიამ საქართველოს მთავრობის მიერ 2019 წელს დაწყებული სამწლიანი გაზიფიცირების გეგმა განიხილა და აღნიშნა, რომ გეგმის ფარგლებში გაზიფიცირება დასრულდება საქართველოში 384 სოფელში.
მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის 90 % იქნება გაზიფიცირებული და ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო მონაცემი ევროპაში.
გახარიამ აღნიშნა, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მინიმუმამდე შემცირდეს სხვაობა ქალაქებს, სოფლებსა და დაბას შორის.
„მთავრობა ვალდებულია, მაქსიმალურად გაათანაბროს ცხოვრების ყოველდღიური პრაქტიკული პირობები, იმის მიუხედავად, თუ სად ვცხოვრობთ ჩვენ“, – თქვა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ 2012-2020 წლებში საქართველოში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და მათ ბიუჯეტზეც ისაუბრა. მისი თქმით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, მთავრობა სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, სულ მცირე, 20 მილიარდ ლარს დახარჯავს. ფინანსები მოხმარდება გზებს, გაზის გაყვანილობას, წყალს, სკოლებს და საბავშვო ბაღებს.
როგორც გახარიამ აღნიშნა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა სასმელ წყალსა და საირიგაციო სისტემებს უკავშირდება, რომელიც ასევე მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გადაიჭრება.

„2024 წლისთვის საქართველოს 2 800 000 მოქალაქეს ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრება დავამსგავსოთ ევროპის საუკეთესო ქალაქების ცხოვრებას და ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთად. ეს გეგმა უკვე არსებობს და არჩევნებიდან მეორე დღეს დაიწყება მისი განხორციელება. მინდა გითხრათ და დაგპირდეთ, რომ მომავალი ოთხი წელი იქნება სამეგრელოს და საქართველოს აღმშენებლობის ოთხი წელი. ეს იქნება ის ოთხი წელი, როდესაც ჩვენ საბოლოოდ გავუმკლავდებით სისტემური ინფრასტრუქტურის ხარვეზებს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ვიცხოვროთ ეკონომიკურად ძლიერ, თავისუფალ, სამართლიან და ევროპულ სახელმწიფოში“, – განაცხადა პრემიერმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები