ძლიერი ეკონომიკა, არაჩვეულებრივი არქიტექტურა და უნიკალური მეტრო, უამრავი ბუტიკი, ორიგინალური სამზარეულო და წვეულებები მთელი ღამე – სტოკჰოლმელებს მართლაც აქვთ მიზეზი დატკბნენ ცხოვრებით, მათ კი, ვისაც ნაკლებად გაუმართლა, შეუძლია იმოგზაუროს ჩრდილოეთის დედაქალაქში და რამდენიმე დღით ისიამოვნოს სტოკჰოლმის ყველა პრივილეგიით.

გალმა სტანი – უძველესი ნორდული დედაქალაქის ატმოსფეროს სრულად შეგრძნება სტოკჰოლმის უძველეს რაიიონში გალმა სტანში შეიძლება, სადაც აუცილებლად უნდა გაიაროთ სკანდინავიის ყველაზე ვიწრო ქუჩაზე, რომლის სიგანე სულ რაღაც 90 სანტიმეტრს შეადგენს, მოინახულოთ ბიჭუნას მინიტურული სტატუა, რომელიც ნაღვლიანად შეჰყურებს მთვარეს და დატკბეთ პომპეზური სამეფო სასახლის დიდებულებით, რომელიც მე-18 საუკუნეში აიგო და თავისი 608 ოთახით მსოფლიოს უდიდეს სამეფო სასახლედ ითვლება.

მეტროპოლიტენი – 110-კილომეტრიანი მეტროპოლიტენი 3 ხაზითა და 90 გაჩერებით უნიკალური არტ-გალერეაა, რომლის შექმნაზე 150-ზე მეტმა მხატვარმა იზრუნა და ქალაქის მიწისქვეშა სატრანსპორტო ქსელი სკულპტურებით, უზარმაზარი პანოებით და ორიგინალური ინსტალაციებით გააფორმა.

სამეფო ოპერა – გუსტავ III-ს დაკვეთით აგებულმა ოპერამ, რომელიც დიდებულებით სამეფო სასახლესაც არ ჩამოუვარდება, პირველი სტუმრებს 1773 წელს უმასპინძლა, დღეს კი,  სპეციალურ ტურებს აწყობს ტურისტებისთვის და თეატრის ისტორიის გაცნობით წარსულში მოგზაურობასაც სთავაზობს.

სედერმალმე – ამავე სახელწოდების კუნძულზე მდებარეობს, რომელიც ხიდით უკავშირდება სტოკჰოლმის ცენტრს, შემოქმედებითი ელიტის ცენტრად ითვლება, სადაც უამრავი სახელოსნო და ანტიკვარული მაღაზიაა, შენობების კედლები კი, გრაფიტითაა მოხატული. შებინდებისას ადგილობრივი ბომონდი კინოთეატრში BioRio იკრიბება, სადაც ევროპული არტ-ჰაუსის საუკეთესო ნამუშევრების რეტროსპექტივას აწყობს.

შოპინგი – სტოკჰოლმი ნამდვილი სამოთხეა შოპაგოლიკებისთვის, რადგან ცნობილი ბრენდების ბუტიკების გვერდით, ადგილობრივი დიზაინერების უამრავი პატარა მაღაზიის და რესპექტაბელური უნივერმაღიის სტიმრობას სთავაზობს მოდის მოყვარულებს.

Fotografiska– რა თქმა უნდა, ორიგინალური მუზეუმებითა და გალერეებით მდიდარ სტოკჰოლმში ყველა ექსპოზიცია საინტერსოა, მაგრამ თუ კულტურული ტურნეს მოწყობის დრო არ გაქვთ,  პირდაპირ თანამედროვე ფოტოგრაფიის ცენტრისკენ გაემართეთ, სადაც ყოველთვის საინტერესო გამოფენა გიმასპინძლებთ. მუზეუმს საკუთარი რესტორანი და კაფე აქვს, სადა ყოველთვის შეიძლება ფოტოალბომების დათვალიერება და უგემრიელესი ყავის დაგემოვნება.

ნორდული სამზარეულო – მართალია, სკანდინავიის გასტრონომიული დედაქალაქის ტიტულით კოპენჰაგენი სარგებლობს, მაგრამ სტოკჰოლმშიც შეიძლება კულინარიული შედევრების დაგემოვნება. ეწვიეთ ქალაქის მთვარ ბაზრებს – Östermalms Saluhall-ს, რომელიც 1888 წელს მოეწყო, გურმანებს კი, მეტწილად ადგილობრივ პროდუქტს, ორაგულის უგემრიელეს ბუტერბროტებს სთავაზობს და Stockholms Matmarknad-ს, რომელიც ეგზოტიკური კერძებით – კინოას სალათით და ინდური ჩატნით, მოთუშული ჭარხლისა და კამბოჯიური მდოგვის ბუტერბროტებით უმასპინძლდება.

 

მსგავსი თემები