LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩამოუყალიბეთ შვილებს ღირებულებები: ასწავლეთ ზრუნვა, შრომისმოყვარეობა, სხვისი შრომის პატივისცემა – ლელი ყიფიანი

11104
lela-kipiani

როგორ ჩამოუყალიბოთ ბავშვებს სწორი ღირებულებები და რა უნდა ასწავლოთ მათ – ამ თემაზე “ფორტუნას” ფსიქოლოგი ლელი ყიფიანი ესაუბრა.

“ადრეული ბავშვობა არის პერიოდი, როდესააც ყალიბდება ბავშვის ფსიქიკა, მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ იმას, თუ როგორ იძენს ბავშვი ცოდნას, უნარებს და მორალურ ფასეულობებს, რაც შემდგომში ხელს უწყობს სრულფასოვანი პიროვნების ჩამოყალიბებას.

ზოგიერთი მშობელი უფრო მეტ ყურადღებას უთმობს  ბავშვის კოგნიტურ განვითარებას, მისთვის მნიშვნელოვანია მისცეს კარგი განათლება, დაჰყავს უამრავ წრეზე, რაც მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, თუმცა ბავშვის აღზრდის პროცესში პირველ რიგში გასათვალისწინებელია მისი მორალური ფასეულობების ჩამოყალიბება, რაც გულისხმობს სიყვარულის უნარს, მეგობრობას, თანადგომას, ემპათიის განვითარებას, მისწრაფებას აკეთოს კეთილი საქმეები, მოთმენისა და პატიების უნარს, გულწრფელობას, სამართლიანობას, სხვისი აზრის პატივისცემას და ზოგადად ადამიანთა სიყვარულს. რაც მეტად არის ეს უნარები განვითარებული, ინდივიდი უფო მეტად არის ჰარმონიაში როგორც საკუთარ თავთან, ასევე სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში.

პიროვნების ფორმირება პირველ რიგში იწყება ოჯახიდან, ის არის ფუნდამენტი, რაზეც აიგება პიროვნების შემდგომი ცხოვრება. ყველა ოჯახს აქვს თავისი ფასეულობები.სასურველია, რომ ოჯახის ფასეულობა იყოს სიყვარული. შვილებს უნდა ასწავლოთ საკუთარი თავის მიღება, რომელსაც სწავლობენ მშობლებისგან უპირობო სიყვარულით. ასევე, ურთიერთგაგება, ერთმანეთზე ზრუნვა, შრომისმოყვარეობა, სხვისი შრომის პატივისცემა და სხვ.

მორალური ფასეულობების  ჩამოყალიბება იწყება შეკითხვით: რა არის კარგი? რა ცუდი? როგორც წესი ბავშვის ქცევა ყოველთვის არ იწვევს შექებას, რა თქმა უნდა მშობელმა უნდა მისცეს შენიშვნა, გააკრიტიკოს, თუმცა შენიშვნის მიცემის დროს არ უნდა შეაფასოთ მისი პიროვნება, აუცილებელია აქცენტი გაკეთდეს ქცევაზე, რატომ არის ის „ცუდი“, აუხსნას, დაასაბუთოს და შესთავაზოს ალტერნატივა. ეს არ გამოიწვევს ბავშვებში ნეგატიურ ემოციებს, მათი მხრიდან წინააღმდეგობას, პირიქით, ის სასარგებლოა.

ბავშვები ასეთ დროს სწავლობენ რა არის კარგი და რა ცუდი. ასეთი მიდგომა არის სწორი კომუნიკაცია მშობელსა და შვილს შორის, რის შედეგადაც ბავშვი სწავლობს, ერთის მხრივ ჰქონდეს საკუთარი შეხედულება და მეორეს მხრივ, პატივი სცეს სხვის აზრსაც.

მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის მშობელი იყოს ემოციურად ხელმისაწვდომი. ესაუბრეთ მას თქვენს განცდებზე, რას გრძნობთ, რას ფიქრობთ, რაც მასში განავითარებებს ნდობას, ემპათიასა და თანაგანცდას.

ცხოვრებისეული ფასეულობები ყოველი  ადამიანისთვის არის ინდივიდუალური და ის ძირითადათ ყალიბდება  12 წლამდე ასაკში, რომელზეც გავლენას ახდენენ როგორც ოჯახიის წევრები, სკოლა-მასწავლებლები, მეგობრები, ასევე კულტურა. მიუხედავად განსხვავებული ფასეულობებისა, ადამიანთა უმეტესობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია – სიყვარული და თავისუფლება”.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები