დიახ, ჩემი ეშინოდა სააკაშვილს და ეშინია ივანიშვილს. რატომ? იმიტომ, რომ რაც არ უნდა დაგვაბრალონ, თავად ცილისმწამებლებმა ყველაზე კარგად იციან, რომ მე ვარ რეალურად პროქართული პოლიტიკოსი,-ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ის არის პოლიტიკოსი, რომელიც არასოდეს არ მოემსახურება არც დასავლეთის და არც ჩრდილოეთის ინტერესებს და ყოველთვის ემსახურება მხოლოდ საქართველოს.
როგორც ბურჯანაძე ამბობს, წლებია დემოკრატიულ მოძრაობას ათასგვარ კლიშეებს „აკერებენ“, პარტიამ ბევრი უსამართლობის და ცილისწამების ტალღა გადაიტანა, მაგრამ ამან მხოლოდ გააძლიერა.

„მათ იციან, რომ ვერ შემაშინებენ და ვერ მიყიდიან! მათ კარგად ესმოდათ და ესმით, რომ მე და ჩემი თანაგუნდელები ვართ ის ადამიანები, რომლებმაც დიახ, 26 მაისს დავამთავრეთ სააკაშვილი და ახლა აუცილებლად დავასრულებთ საქართველოში ერთპიროვნულ ფეოდალურ მმართველობას.ეს იცის იმ უამრავმა ადამიანმა, რომელიც ყოველთვის მიჭერდა მხარს და მომავალში კიდევ მეტი დაგვიდგება მხარში.

ჩვენ გვყავს ყველაზე სტაბილური ამომრჩეველი, რომელიც გონებით აკეთებს არჩევანს. რომელიც ხედავს, ვინ გააკეთებს რეალურად საქმეს და დაიცავს ქვეყნის ინტერესებს, სუვერენიტეტს, საზღვრებს, ერთიანობას და მორალურ, ზნეობრივ ღირებულებებს. დღეს პოლიტიკოსთა უმრავლესობა სხვა უცხო ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, უპირისპირდება მეორე უცხო ქვეყანას. საქართველოს ინტერესები კი უგულებელყოფილია. ჩვენ ამას აღარ დავუშვებთ“,-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ

შეგახსენებთ, შერატონ მეტეხი პალასში” ნინო ბურჯანაძის პარტიის რიგგარეშე ყრილობა გაიმართა. პარტიის სახელწოდებაში ცვლილებაა და მას დღეიდან “ერთიანი საქართველო, დემოკრატიული მოძრაობა” ჰქვია.

ცვლილებას 439-მა დამსწრე დელეგატმა დაუჭირა მხარი. ასევე პარტიის თავმჯდომარედ ნინო ბურჯანაძე აირჩიეს. პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობაში კი ნინო ბურჯანაძის შვილს ანზორ ბიწაძეს დაუჭირეს მხარი. მოგვიანებით განისაზღვრება პარტიის ახალი სიმბოლიკა და გერბიც.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05