ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პენიტენციური დაწესებულებიდან მორიგ მიმართვას ავრცელებს.
სააკაშვილი ბათუმში მიმდინარე აქციას ეხმიანება და აცხადებს, რომ ბრძოლის დროშა, რომელსაც ახლა ბათუმი სწევს ზემოთ, აღარასდროს უნდა დაეშვას.
სააკაშვილი მიმართვაში ბათუმს “თავისუფლების კვარტალს” უწოდებს და აცხადებს, რომ ახლა მთავარია, თავისუფლების კვარტლად მთელი საქართველო აქციონ.
მისივე თქმით, ციხესთანაც თავისუფლების კვარტალმა უნდა გაუხსნას დილეგის კარი:
“მოგესალმებით გამარჯვებულ ბათუმს!
მოგესალმებით კოალიციურ ერთობას!
ახლა საქართველოს გადარჩენისთვის ბრძოლაში უკან დასახევი ყველა გზა ჩახერგილია და სამშობლოს გადარჩენას ალტერნატივა არ აქვს!
ამიტომ ყველა უნდა გაერთიანდეს, ისინიც კი, ვინც აქამდე მიმდინარე პროცესებს თვალს გვერდიდან ადევნებდნენ.
თქვენ ივანიშვილი დიდი უპირატესობით უკვე დაამარცხეთ, რაც მთელმა საქართველომ და ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა იცის.
ახლა ეს გამარჯვება ბოლომდე უნდა მივიყვანოთ!
თავისუფლების კვარტალი თქვენი მოგონილია, ესაა თქვენი ლამაზი, ამაყი თვითმყოფადი, დამოუკიდებელი განწყობის ქალაქი.
ახლა მთავარია, თავისუფლების კვარტლად მთელი საქართველო ვაქციოთ და ყველგან, სადაც თავისუფლებისთვის ვიბრძვით ისინი უნდა გავხსნათ!
აქაც, ციხესთან, თავისუფლების კვარტალმა უნდა გამიხსნას დილეგის კარი.
ღმერთი ისე ნამდვილად არ მომკლავს, რომ, ერთხელ, თავაწეულმა არ გავიარო გამარჯვებული ბათუმის ბულვარში!
ბრძოლის დროშა, რომელსაც ახლა მაღლა ბათუმი სწევს, აღარასდროს უნდა დაეშვას!” – წერს სააკაშვილი “ფეისბუქში”.
შეგახსენებთ, ამ წუთებში ბათუმსა და რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქციები მიმდინარეობს.
“მიშა, გამხნევდი მეგობარო, მთავარსარდალო” – სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია რუსთავის ციხესთან
