LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო ერთ წელში საქართველოში ფასები 12,8 პროცენტით გაიზარდა: რამ გამოიწვია მაღალი ინფლაცია და უნდა ველოდოთ თუ არა მის შემცირებას?

93
BeFunky-collage (12)

საქსტატმა 2022 წლის ივნისის თვის ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონე 12.8% იყო. მათ შორის ჯგუფების მიხედვით, ფასების ყველაზე მკვეთრი ზრდა სურსათზე დაფიქსირდა, რომლის ღირებულებაც წინა წელთან მიმართებით 21.8%-ით არის გაძვირებული. 19.4%-ით მეორე ადგილზეა ტრანსპორტის ჯგუფი, რაც საწვავის ფასების ზრდას უკავშირდება.

ივნისში არსებული 12.8%-იანი ინფლაცია მაისში არსებულ ინფლაციაზე 0.5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

რამ გამოიწვია მაღალი ინფლაცია და უნდა ველოდოთ თუ არა მის შემცირებას  – აღნიშნულ თემაზე რადიო “ფორტუნას” ეთერში გადაცემაში “დღის თემა” “საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემ ისაუბრა.

“საერთაშორისო ბაზარზე გაძვირდა პირველადი მოხმარების პროდუქტი, ნავთობი, ხორბალი, შაქარი, სურსათი ზოგადად, რაც ძირითადად გამოწვეულია რუსული აგრესიით უკრაინაში და იმით, რომ რუსეთი დღემდე ბლოკავს უკრაინიდან ხორბლის და სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოტანას.

ამან გამოიწვია ერთგვარი დეფიციტი ქვეყნებში და ასევე გამოიწვია პანიკა იმ მხრივ, რომ შეიძლება დეფიციტი შეიქმნას.

რაც თავისთავად ჩვენზე, როგორც იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყანაზე აისახა. როდესაც სამომხმარებლო კალათის 70% არის იმპორტირებული და ჩვენი მოხმარების ნახევარი მოდის პირველადი მოხმარების პროდუქციაზე როგორიც, არის სურსათი, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო მოხმარების საგანი, ჩვენთვის ეს განსაკუთრებით მტკივნეულია იმიტომ, რომ ამ პროდუქციაზე განსაკუთრებით ძვირდება ფასი. რასაც, სამწუხაროდ, ლარის მცირედი გამყარებაც ვერ ეხმარება იმიტომ, რომ ჩვენ მაინც იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ.

იმპორტზე დამოკიდებულება არ იქნებოდა საგანგაშო, რომ არა ის, თუ როგორ მუშაობს ადგილობრივი წარმოება. სოფლის მეურნეობაში დახარჯული მილიარდობით ლარი, სამწუხაროდ, შედეგს არ გვაძლევს, ძირითადად სოციალური დახმარება ხორციელდება სოფლად მცხოვრები ადამიანებისა და ინდუსტრიაში ფული არ იდება.

შესაბამისად, პრობლემები არის ზოგადად ქვეყნის ეკონომიკურ მოწყობაში და ამიტომაც ინფლაცია განსაკუთრებით გვტკივა და გვაწუხებს.

“ფორტუნას” კითხვაზე, რამდენად დამაიმედებელია სამომავლო პროგნოზი, ინფლაცია კვლავ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება, თუ როდის უნდა ველოდოთ მის შემცირებას გიორგი კეპულაძემ განმარტა:

მაშინ, როდესაც რეგიონში მიმდინარეობს ომი, ძალიან რთულია სამომავლო პროგნოზის განსაზღვრა, შესაბამისად, ეკონომიკური პროგნოზებიც საკმაოდ რთულია.

ეროვნული ბანკი დეკემბერში ვარაუდობდა, რომ მარტიდან ინფლაცია წამოვიდოდა ქვემოთ, ფასები არ შემცირდებოდა, მაგრამ მეტად აღარ გაიზრდებოდა. მაგრამ სახეზე გვაქვს ისევ ორნიშნა ინფლაცია.

თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ წლიურად გვექნება 9-10%-იანი ინფლაცია და იმედი ვიქონიოთ, რომ უკვე შემდეგი წლიდან, ნელ-ნელა ქვემოთ წამოვა ეს მაჩვენებელი, მაგრამ მინდა განვმარტო, ეს არ ნიშნავს, რომ ფასები რამეზე შემცირდება. ფასები უბრალოდ უფრო მეტად არ გაიზრდება, სამწუხაროდ, ამის იმედად შეიძლება ვიყოთ,” – აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები