LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ – საქართველოში ახალი პროექტი იწყება

52970872_2640226579325843_3036265200773758976_n

შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოში ახალი პროექტი – „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ (GEclose2EU) იწყება. პროექტს ახორციელებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), სააგენტო „აწარმოე საქართველოსთან“ თანამშრომლობით. პროექტის მიზანია, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა და მათი ევროპის ბაზარზე ცნობადობის გაზრდა.

პროექტის ჯამური ბიუჯეტი 2,3 მილიონი აშშ დოლარია და ის 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

როგორც შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოსა და სომხეთში, ულრიკ ტიდესტრომმა პროექტის პრეზენტაციაზე, ჟურნალისტებთან აღნიშნა, პროექტი ევროპის ბაზარზე ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს და მათ განვითარებაში დაეხმარება.

„დღეს იმ პროგრამის პრეზენტაცია შედგა, რომელიც ხორციელდება ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ „აწარმოე საქართველოსთან“ პარტნიორობით. ეს არის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას საქართველოში. პროექტის მიზანია, ასევე ახალი სექტორების იდენტიფიცირება ეკონომიკური განვითარებისთვის. ასევე, ეს არის გზა იმისა, რომ ქალი მეწარმეებიც წახალისდნენ,“ – აღნიშნა ულრიკ ტიდესტრომმა.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორის, ნინო ევგენიძის განცხადებით, პროექტი ითვალისწინებს ქართული მცირე და საშუალო ბიზნესების ინტერნაციონალიზაციას, რაც მათ საერთაშორისო ბაზრებზე გაყვანას და მათი ცნობადობის გაზრდას გულისხმობს.

„შერჩეული სექტორები გახლავთ სერვისების სფეროდან და ვფიქრობთ, რომ ჩვენს ქვეყანას ძალიან მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობა გააჩნია იმისთვის, რომ ეს სექტორები ძალიან წარმატებით გავიდეს საერთაშორისო ბაზრებზე.

ჩვენი დახმარება ითვალისწინებს ცოდნის, ფინანსური სახსრების მიწოდებას, ტექნიკურ დახმარებას, რაც კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს, ევროკავშირის გამოცხადებულ ტენდერებში მიიღონ მონაწილეობა, შექმნან ერთობლივი საწარმოები თავის ევროპელ პარტნიორებთან და ამით კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა და სარგებელი მიიღოს ქვეყანამ. ეს სექტორებიც იმიტომ არის შერჩეული, რომ მათ აქვთ მეტი ახალი სამუშაო ადგილების შექმნის და სიღარიბესთან ბრძოლის პოტენციალი,“  აღნიშნავს ნინო ევგენიძე.

პროექტზე მომუშავე გუნდი კვლევების და ანალიზის შედეგად, გამოავლენს საქართველოში მოქმედ მცირე და საშუალო ბიზნესის ახალ სექტორებს, პროდუქტებს და სერვისებს, რომლებსაც გააჩნიათ განვითარების, ზრდისა და ინტერნაციონალიზაციის შესაძლებლობები. ამ კომპანიებისთვის შეიქმნება ის სავალდებულო მოთხოვნები, რომელსაც ეს ორგანიზაციები უნდა აკმაყოფილებდნენ, სერთიფიცირებისა და ლიცენზიის მისაღებად. პროექტის ფარგლებში, შეირჩევა 100 კომპანია, რომელიც მიიღებს სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერას, მათ შორის, მცირე გრანტებს. პარალელურად, საქართველოში ამ კომპანიებისთვის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები ჩაატარებენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებასა და მასტერკლასებს. პროექტის ბენეფიციარი 100 კომპანიიდან, 60 შერჩეული ორგანიზაცია გაივლის სასწავლო კურსს შვედეთში.

ამასთან, “აწარმოე საქართველოს” 500 ბენეფიციარ კომპანიას (არა სასოფლო-სამეურნეო მცირე და საშუალო ბიზნეს კომპანიები), შესაძლებლობა მიეცემა, სპეციალური სასწავლო პროგრამის საშუალებით, გაიღრმავონ ცოდნა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების და ეფექტური მართვის საკითხებში.

„ძალიან სიმბილურია ზოგადად, პროექტის სახელი – ევროკავშირთან უფრო დაახლოებული საქართველო, რაც არის არა მარტო ჩვენი სააგენტოს, არამედ მთელი ქვეყნის მისწრაფება. დარწმუნებული ვართ, რომ ეს პროექტი გამოიღებს ხელშესახებ შედეგებს, რადგან იმასთან ერთად, რომ უკვე გამოყოფილია მნიშვნელოვანი სექტორები, ასევე მოხდება ჩვენი ბენეფიციარების ცნობადობის გაზრდა და ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების კიდევ უფრო მეტად გამოყენება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი, რომელიც ხორციელდება შვედეთის საელჩოსთან და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან ერტად, მოიტანს ხელშესახებ შედეგებს, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერიოდში,“ – აღნიშნავს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები