LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიუროს სხდომაზე ხმაურია: ვის უნდა ქონდეს შეზღუდვების უფლება

125
94884279-2541809672587683-3572362494674468864-o

ბიუროს სხდომაზე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე მსჯელობენ.

აღნიშნული ცვლილებებით, შემზღუდავი ღონისძიებების გატარება მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. კანონპროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

მსჯელობა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ რომან გოცირიძის განცხადებით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც მოსახლეობისთვის ერთი თეთრი დახმარებაც არ მიუციათ.

„საგანგებო მდგომარეობა უნდა გაუქმდეს და შეზღუდვები ჩვენი ნებართვით უნდა დარჩეს. პარლამენტის გარეშე არ უნდა გქონდეთ ერთი ხელის მოსმით ეკონომიკის ჩაკეტვის საშუალება“, – აცხადებს რომან გოცირიძე. 

მისი განცხადებით, კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება, მთავრობის ხელში სერიოზული იარაღია, რომელიც, შესაძლოა, ბოროტად იქნეს გამოყენებული.

უმრავლესობის წარმომადგენელი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ასე იმ შემთხვევაში ცხარდება, როცა მისი მოწინააღმდეგე ცხრიანში მოარტყამს ხოლმე.

სოფიო ქაცარავას თქმით, „ნაციონალური მოძრაობას“ არანაირი უფლება არ აქვს პრეტენზიები გამოთქვას, რადგან სწორედ მათი წყალობით საქართველო ცხრა წლის განმავლობაში კარანტინის მდგომარეობაში იმყოფებოდა.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე  აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ უბრალოდ არ უნდა „ოცნების“ პანდემიასთან წარმატებული ბრძოლა დაინახოს.

„ფაქტია, რომ საგანგებო მდგომარეობამ შედეგი გამოიღო და თუ თქვენ თვლით, რომ ყველა შეზღუდვა უნდა მოიხსნას, მაშინ იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას დაავადებულთა რიცხვის გაზრდასთან დაკავშირებით“, – იკითხა თალაკვაძემ.

უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, მათ კარგად ესმით, რას ითხოვს ოპოზიცია, როდესაც მოსახლეობის დახმარებაზე საუბრობს, „მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეთ, რომ ჩვენ ფაქტობრივად ომის რეჟიმში ვართ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ბიუროს სხდომაზე მარიამ ჯაშის მიერ გაჟღერდა ინიციატივა, რომ განიხილონ არჩევნების გადადება. თუმცა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ საკითხში დღის წესრიგში ვერ დადგება, რადგან მსგავსი გადაწყვეტილება მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ მიუღიათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები