საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზების საქმეებს იძიებენ. სულ გამოძიება 53 პირის მიმართ 9 სისხლის სამართლის საქმეზეა დაწყებული. უწყების ცნობით, გახსნილი და მხილებულია ფართომასშტაბიანი დანაშაულებრივი სქემა.

“უწყებამ ამ ეტაპისათვის საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინა და თავიდან აიცილა 100 მილიონი ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების შესაძლებლობა და შესაბამისად, თავიდან იქნა აცილებული ამავე ოდენობის ზიანის მიყენების საფრთხე სახელმწიფო ბიუჯეტისათვის.

გამოძიებით დადგენილია, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღებისა და არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულებს საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში, რეგისტრირებული ჰქონდათ კომპანიები, რომელთა სახელითაც ახორციელებდნენ უსაქონლო ოპერაციებს, რა დროსაც ისინი აყალბებდნენ დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურებს. ასევე, საგადასახადო დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, იქმნიდნენ ყალბ აქტივს დამატებული ღირებულების გადასახადში”, — აღნიშნულია განცხადებაში.

“გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად, გამოყენებული აქტივის ოდენობა ათეულობით მილიონი ლარია. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების და ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, დაყადაღდა ბრალდებულების და მათთან დაკავშირებული პირების უძრავ-მოძრავ ქონება და საბანკო ანგარიშები. ამოღებული იქნა მილიონ ლარზე მეტი ნაღდი ფული და დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის ნაკეთობები.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3, 210-ე მუხლის მე-2, 218-ე მუხლის მე-2 და 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს ცნობით, 2019 წლის 25 ივნისიდან ამ საქმის ფარგლებში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების საქმეს იძიებენ.

უწყების გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არაკეთილსინდისიერი მეწარმეების მიერ ყალბი მონაცემების გამოყენებით ფულადი აქტივის შექმნით სახელმწიფოს ათეულობით მილიონი ლარის ზიანი მიადგა.

“ასევე დადგენილია, რომ შესაძლო დანაშაულის ნიშნები იდენტიფიცირებული იყო სწორედ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ”, —ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები