LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიომეურნეობებისთვის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი დაწესდება

108

ხელისუფლება ბიომეურნეობის განვითარებას და ამ მიზნით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე, ნოდარ კერესელიძემ განაცხადა, ავსტრიის განვითარების სააგენტოსგან საქართველომ 4 მილიონ ევრომდე დაფინანსება მოიპოვა სწორედ იმისთვის, რომ დაიგეგმოს კონკრეტული ღონისძიებები ბიომეურნეობის განსავითარებლად.

მისივე შეფასებით, საქართველოს უნიკალური შესაძლებლობა აქვს იმისათვის, რომ ბიოწარმოება ბევრი მიმართულებით განავითაროს. ნოდარ კერესელიძის თქმით, ბიოწარმოების ხელშეწყობა „მწვანე ეკონომიკის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელსაც კომპლექსური მიდგომა სჭირდება.

„ბიოწარმოება „მწვანე ეკონომიკის“ პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის პირობებში. ჩვენ, მართლაც უნიკალური შესაძლებლობები გვაქვს იმისათვის, რომ ბევრი მიმართულებით ბიოწარმოება განვავითაროთ. სავაჭრო ხელშეკრულებების გათვალისწინებით, რაც გვაქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან, შეგვიძლია ეს გამოვიყენოთ და მაღალი ღირებულების ბაზრები მოვძებნოთ ამ პროდუქტებისათვის. სწორედ, ამიტომ ბიოწარმოება ამ კუთხით საინტერესოა. ჩვენ უკვე დავასრულეთ მოლაპარაკება ევროოკავშირთან და ავსტრიის განვითარების სააგენტოსთან. ავსტრიის განვითარების სააგენტო დაინტერესებულია ამ მიმართულებით იმიტომ, რომ ავსტრიაში საკმაოდ კარგად არის განვითარებული ბიოწარმოება. გვეხმარებიან ფინანსურად. 4 მილიონ ევრომდე მოვიძიეთ დაფინანსება იმისთვის, რომ ჩვენ დავგეგმოთ კონკრეტული ღონისძიებები და პროგრამები“, – განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

მისივე თქმით, ერთ-ერთი, რაც ამ მიმართულებით იგეგმება, საგადასახადო რეჟიმის ლიბერალიზაციაა. „მიმდინარეობს მუშაობა ეკონომიკის სამინისტროსთან და ფინანსთა სამინისტროსთან იმისთვის, თუ როგორ ფორმატს მიიღებს ბიომეურნეობებისთვის საშეღავათო, საგადასახადო რეჟიმი“ , – აღნიშნა კერესელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები