LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიჭის აღზრდაში დაშვებული შეცდომები – რატომ უჭირთ მამაკაცებს ჯანსაღი პირადი ურთიერთობების ჩამოყალიბება

1271
132687875-201394608306186-5944113246052575793-n

თუ როგორი ურთიერთობა ექნება მამაკაცს მის პარტნიორთან ეს მეტწილად დამოკიდებულებია მისი აღზრდის სტილზე. რა პრობლემებს ვაწყდებით ამ მხრივ ქართულ რეალობაში – ამ თემაზე „ფორტუნა“ ფსიქოლოგ ნინო ნიბლაძეს ესაუბრა.

“ბიჭის აღზრდაში ყველაზე დიდი შეცდომა – ჰიპერმზრუნველობაა, რაც იწვევს ინფანტილურობის ჩამოყალიბებას. ეს არის მდგომარეობა, როცა მამაკაცი ,,გაჭედილია” ბავშვის როლში, მასზე დედამ უნდა იზრუნოს, თავად კი ,,დაისვენოს”. ასეთ დროს ზრდასრული კაცისთვის შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, კრიტიკულ სიტუაციებში აქვს უსუსურობის განცდა, არ იცნობს თავის საჭიროებებს,  შემდგომში ცოლისგან მოითხოვს დედობრივ ზრუნვასა და დამოკიდებულებას.

ასეთი მამაკაცი ხშირად არის ბუტია – ცოლმა უნდა გამოიცნოს, რა უნდა. წინააღმდეგ შემთხვევაში თვლის, რომ ცოლს არ უყვარს, რადგან მისთვის სიყვარულის გამოხატვა და დადასტურება ცოლისგან დედის ქცევების გამეორებაა, რაც ბუნებრივია შეუძლებელია და საქმე მიდის კონფლიქტამდე. ასეთი მამაკაცი ქალს ადანაშაულებს უყურადღებობაში, მის სიყვარულსაც კი ეჭვქვეშ აყენებს, შესაძლოა სიზარმაცეშიც დასდოს ბრალი.

პრობლემა იმაში, რომ მამაკაცს თავის დროზე არ ასწავლეს რა შედიოდა მის პასუხისმგებლობაში. ყველაფერს მის ნაცვლად აკეთებდა დედა (მშობელი) ან ის მზრუნველი გარემო, სადაც გაიზარდა. მეტაფორულად რომ ვთქვათ, მისი პასუხისმგებლობის ,,ჩანთადაბადებიდან მუდმივად სხვას ეჭირა. რის გამოც პრობლემები ექმნება პარტნიორთან.

ინფანტილურობის დაგროვება იწვევს არასრულფასოვნების კომპლექსს, შემდეგ პროტესტს. ხშირად მამაკაცი მიმართავს მოკლე გზას და არასრულფასოვნების კომპლექსიდან პირდაპირ აგრესიაში ,,გადახტება”.

ურთიერთობაში პრობლემას ქმნის ის, რომ ინფანტილურობაში ,,გაჭედილი” მამაკაცი არის კაცი – ბავშვის როლში და პარტნიორში ძირითადად ეძებს ქალ-დედას.

ასეთი კაცისთვის ჩამოყალიბებულ, საკუთარ სურვილებში გაცნობიერებულ ქალთან ურთიერთობა რთული და თითქმის შეუძლებელი, რადგან მის მოთხოვნებს უბრალოდ ვერ დააკმაყოფილებს. ასეთი ქალისთვის კი ის საინტერესო ვერ იქნება.

მამაკაცის ჩამოყალიბებაზე მოქმედებს აღზრდის სტილი:

1.ავტორიტარულით(დირექტიულით) – ყალიბდება უნდობლობა, აგრესია, დაბალი თვითშეფასება, დათრგუნული ემოციები.

2.ლიბერალურით – იზრდება ნარცისტული ხასიათის ტიპი და დამანგრეველია ურთიერთობაში პარტნიორისთვის. მისთვის ,,არა” არ არსებობს. დედა კი “ ყოვლის შემძლის” ფუნქციას ითავსებს. ცხადია, ასეთი მამაკაცი იმავეს მოითხოვს პარტნიორისგან.

3.ინდიფერენტული აღზრდის სტილი – ბავშვი ხდება მარტოსული, იზრდება ხშირად კრიმინალური მენტალიტეტის.
4.დემოკრატიული – აქ ზომიერია ყველაფერი. იზრდება თავდაჯერებული, მოსიყვარულე, პასუხისმგებლობის, სხვისი მოსმენის უნარის მქონე ადამიანი.

ბიჭის აღზრდაში დიდ როლს ასრულებს როგორც დედა, ასევე მამა. მამისგან სწავლობს თუ როგორ უნდა მოექცეს ქალს, როგორ უნდა მოუფრთხილდეს და სცეს პატივი. თუ ეს მოდელი ნანახი არ აქვს, ხშირად გაუგებრად იქცევა.

რაც შეეხება მამაკაცის პასუხისმგებლობას  ამაზე ხშირად საუბრობენ ცოლები, პარტნიორები. ეს არ იციან ჰიპერ მზრუნველი მშობლების ბიჭებმა. ისინი რომც გამოეყვნენ და დამოუკიდებლობისკენ წავიდნენ, მშობელი მაინც რჩება ამ ფაზაში და მუდმივად განაგრძობს მის საზღვრებში შეჭრას.

მამაკაცმა უნდა გააცნობიეროს ურთიერთობაში ვის როლში გრძნობს თავს და რა როლს ითხოვს პარტნიორისგან, რადგან ჯანსაღი კომუნიკაცია შედგება ზრდასრულის ზრდასრულთან ურთიერთობით.

მნიშვნელოვანია წყვილს შეეძლოს  ერთმანეთის მოსმენა, იცოდნენ რა არის  ერთმანეთის საკონტაქტო, გამომხატავი ენა და ამ ენაზე ესაუბრონ ერთმანეთს.

რაც შეეხება მშობელს – რეალიზებული, პირადი ურთიერთობის მქონე მშობელი არ ცდილობს იცხოვროს შვილის ცხოვრებით.  ის აძლევს და აჩვევს პირად სივრცეს ბიჭს. უცხადებს მეტ ნდობას და აჩვევს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებას. არ აიძულებს იყოს მისი “დაქვემდებარების” ქვეშ. მხოლოდ ასეთ მამაკაცი ახერხებს ჯანსაღი ურთიერთობების დამყარებას პარტნიორთან.

დღეს აუცილებელია ყველა ადამიანმა გაითავისოს თავისი როლი და არ მოხდეს ,,გაჭედვა” რომელიმე ეტაპზე. ჭიპლარი უნდა გადაიჭრას. ჰიპერ მზრუნველობას რეალურად დიდი ზიანის მოტანა შეუძლია, რადგან ინფანტილურობას აყალიბებს და მშობელზე დამოკიდებული ბიჭი რჩება ურთიერთობის ამ ფაზაში, ის დედას ჩაანაცვლებს ცოლით და მისგან ითხოვს ,,დედობას”. ამიტომ მამაკაცმა უნდა გააცნობიეროს თავისი როლი და რამდენად ჩახსნილია დედისგან (მშობლისგან) ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობით.

თუ ბავშვობაში არ ასწავლეს თვით დახმარება, ის მოექცევა ურთიერთობის ,,ჩიხში” და შესაძლოა გაუჭირდეს ოჯახის შენარჩუნება. განქორწინებაში მყოფი კი მუდმივად ცოლის დადანაშაულების სტადიაში იქნება. სწორედ ამ დროს დროულია ფსიქოთერაპევტის დახმარებით მოძებნოს საკუთარი რესურსები, შეივსოს დანაკლისები და მოძებნოს გამოსავალი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები