წამალი, რომლითაც პროსტატის ადენომას მკურნალობენ,  შესაძლოა პარკინსონის დაავადების განვითარებას აფერხებდეს, ამის შესახებ BBC წერს. აღნიშნულ დასკვნამდე მივიდნენ საერთაშორისო სამეცნიერო ჯგუფის წევრები, რომლებმაც ათასობით პაციენტზე აწარმოეს დაკვირვება. ყველა მათგანს აწუხებდა როგორც პარკინსონის დაავადება, ასევე პროსტატის ადენომა.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პრეპარატი ტერაზოსინი , რომელიც ალფა-ბლოკერია, ხელს უშლის ტვინის უჯრედების დაზიანებას და აფერხებს პარკინსონის დაავადების განვითარებას.

პარკინსონის დაავადება თავის ტვინის ქრონიკული სენია, რომლის წამალიც, ფაქტიურად არ არსებობს. მიუხედავად იმისა,რომ თანამედროვე მედიცინაში გამოიყენება გარკვეული პრეპარატები დაავადების სიმპტომების შესამსუბუქებლად, პარკინსონის დაავადება მაინც განუკურნებელთა რიცხვს განეკუთვნება.

მკვლევართა ჯგუფმა ტერაზოსინი ჯერ მღრღნელებზე გამოსცადა და დადებითი შედეგების მიღების შემდეგ მოიძია ცნობები იმ პაციენტებზე, რომლებსაც დაუსვეს როგორც პროსტატის ადენომის, ასევე პარკინსოსნის დაავადების დიაგნოზი.

სტატისტიკამ უჩვენა, რომ ის 2880 პაციენტი, რომლებიც მკურნალობისას ტერაზოსინს იყენებდნენ, გაცილებით უკეთ უმკლავდებოდნენ პარკინსონის დაავადებას , მათი სიმპტომები უფრო მსუბუქი იყო, დაავადება კი გაცილებით ნელა პროგრესირებდა.

მიუხედავად იმისა, რომ პარკინსონის დაავადების განკურნებაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია, მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელი დოქტორი მაიკლ უელში მიიჩნევს, რომ უამრავ ადამიანს, რომელიც ამ დაავადებით იტანჯება, ამ აღმოჩენის წყალობით უახლოეს მომავალში ცხოვრება საგრძნობლად გაუადვილდება.

 

მსგავსი თემები