LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვთა ნევროლოგი: ,,მოზარდებს უფრო უჭირთ პანდემიის შემდგომ სტრესთან გამკლავება, ვიდრე დიდებს…“

275
tamarediberidze2024

,,პირველი არხის” ეთერში, მარი მალაზონიას გადაცემაში მოზარდებთან დაკავშირებით პრობლემურ თემებზე ბავშვთა ნევროლოგმა, თამარ ედიბერიძე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით ბოლო პერიოდში ექიმებთან მიმართვიანობა გაიზარდა.

თამარ ედიბერიძე:

იმდენად მგრძნობიარე ასაკია, ძნელად წარმოსადგენი იქნებოდა, რომ ამას არ მოჰყოლოდა შედეგი. როგორც კი პირველმა ელდამ გადაიარა და ვაღიარეთ, რომ ვიყავით პანდემიის წინაშე, სპეციალისტებმა მაშინვე დაიწყეს იმაზე საუბარი, რა იქნებოდა მოსალოდნელი შედეგი. კოვიდი შეიძლება ახალი ეპიდემიაა, მაგრამ ჩვენ გვაქვს სხვა გამოცდილება ამ მიმართულებით. ეს არის, ფაქტობრივად, საომარ მდგომარეობასთან გათანაბრება და შემდგომში მოსალოდნელი იყო, რომ იმატებდა შფოთი, სტრესული აშლილობა და დეპრესიების რისკი მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფში და მათ შორის, აქცენტირებულად ბავშვებს შორის, რადგან ისინი მოზრდილებზე მეტად მოწყვლადები აღმოჩნდნენ და რისკი გაცილებით მაღალი აღმოჩნდა.

მოზრდილებს პასუხისმგებლობაც მეტი გვაქვს, თითქოს მიზეზიც მეტი შფოთვის, მაგრამ ცხოვრებისეული გამოცდილება და მექანიზმები უფრო მომწიფებულია და უკეთ ვართ შეიარაღებული სტრესის წინაშე, ვიდრე მოზარდები. მოზარდები სულ გვიმტკიცებენ, რომ ისინი არ არიან, ვინც გვგონია და რეალურად ასეა, ისე განსხვავებულად აღიქვამენ საკუთარ თავს შინაგანად, რომ სულ ამას გვიმტკიცებენ. მთელი ეს ჰორმონალური ცვლილებები, რომლებიც განაპირობებს მათ ახალ რელსებზე გადაყვანას, ეს ართულებს სტრესისადმი გამძლეობას. უფრო მეტია შეცდომის დაშვების ალბათობა. თუ ამ დროს რაღაც გაგვეპარა, ვერ მოვუსმინე და სწორად ვერ მივაწოდეთ ინფორმაცია, მათ კიდევ მეტი შფოთვა ემატებათ და დაუცველობის განცდა უჩნდებათ.

წამყვანის კითხვაზე, რას უნდა მიაქციონ ყურადღება მოზარდების შემთხვევაში, თამარ ედიბერიძემ ასე უპასუხა:

,,თუ ჩვენ ვატყობთ, რომ ბავშვი მეტისმეტად სწრაფად დისტანცირდება ჩვენგან. იმ თემებს, რაზეც ადრე აქტიურად განიხილავდით, პრინციპულად არიდებს თავს და რაც მთავარია, ამას აკეთებს უხალისოდ და უღიმღამოდ, აღარ სიამოვნებს ოჯახთან სადილი, სტუმრად წასვლა, გასეირნება თუ სხვა რამ, თუკი დაკარგა ინტერესი ძველი თემებისადმი, არამედ ერთად გატარებული დროის მიმართ, ჩვენს ჩაძიებაზე მეტისმეტად ღიზიანდება და კიდევ უფრო გვშორდება და დისტანცირდება, თუ ამას დაემატა სამეგობროს შეცვლა, ძველ მეგობრებთან დაშორება, გვარიდებს ახალ სამეგობრო წრეს პრინციპულად და პირიქით, ყველანაირად ცდილობს მათ დამალვას, ეს არის საგანგაშო ნიშნები. უნდა გქონდეთ გარკვეული წვდომა მათ მეგობრებთან, გაჯეტების ანგარიშებთან, გარკვეულ ფარგლებში, მაგრამ ჩვენს შვილთან უნდა შევინარჩუნოთ ისეთი ურთიერთობა, რომ ბავშვს არ ჰქონდეს თვალთვალის განცდა, არამედ მასზე ზრუნვისა და ინტერესის… თუ ბავშვს მუდმივად აქვს განცდა, რომ დედას აინტერესებს მისი პირადი ცხოვრება, ამ დროს უფრო ადვილია ამ ბარიერის გადალახვა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები