LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვთა მიმართ ძალადობა და საგანგაშო სტატისტიკა

ძალადობაააააააააააა

21-ე საუკუნის საქართველოში ხშირ შემთხვევაში, ბავშვთა მიმართ ძალადობა ჩვეულებრივ მოვლენად ითვლება, რაც გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებმაც აჩვენა. ყოველი მეორე ქართველი მიიჩნევს, რომ დასჯის ძალადობრივი ფორმები უფრო ქმედითია, ვიდრე არაძალადობრივი აღმზრდელობითი მეთოდები.

საგანგაშოა ძალადობაზე გაეროს ბავშვთა ფონდისა და სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებული კვლევის შედეგები.

“გამოკითხულთა 45% ბავშვთა მიმართ ფიზიკურ ძალადობას დასაშვებად მიიჩნევს, ხოლო 60%-სთვის ოჯახში აღზრდის მკაცრი მეთოდები შედეგიანია,” – ასეთია იმ კვლევის შედეგები, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF-მა) საქართველოში ჩაატარა.

ამავე კვლევის მიხედვით, ბავშვთა დაცვის სფეროში მომუშავე პროფესიონალთა (მასწავლებლების, მანდატურების და სოციალური მუშაკების) 60%-ის აზრით, ოჯახში არსებული ძალადობა მათი პირადი საქმე არ არის და სხვები არ უნდა ერეოდნენ, ასევე, 38%-მა არ იცის შესაბამის ორგანოებთან მიმართვის ფორმების შესახებ.

კვლევის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით 3284 ოჯახი და 61 პროფესიონალი, მათ შორის მასწავლებლები, მანდატურები და სოციალური მუშკები გამოიკითხნენ.

საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი, ბავშვის მიმართ ძალადობას დასაშვებად მიიჩნევს. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემი კი, შედეგს ნათლად აღწერს.

სკოლებიდან ძალადობის შესახებ სააგენტოში შემავალი შეტყობინებები ყოველ წელს იზრდება. თუ 2010 წელს ასეთი 40 შეტყობინება იყო, 2017 წლის დეკემბრამდე მათი რაოდენობა 700-მდე გაიზარდა, თუმცა ჯერ უცნობია 2018 წლის მონაცემი.

ბავშვთა მიმართ ძალადობა 21-ე საუკუნეშიც აქტუალურ თემად რჩება. ჩვენმა ქვეყანამ, ბოლო წლებში უამრავი ნაბიჯი გადადგა აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, მათ შორის ბოლო იყო 6 თვიანი კამპანია „დაასრულე ძალადობა,“ რომელიც 1 ივნისს ბავშვთა საერთაშორისო დღეს დაიწყო და 20 ნოემბერს, მსოფლიო ბავშვთა დღეს დასრულდა, რაც თავის მხრივ სიმბოლურია.

გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე რადიო „ფორტუნასთან“  ბავშვთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმასა და პრევენციის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრობს.

„პირველ რიგში გეტყვით, რომ ბავშვი არის 18 წლამდე პირი და ძალადობა შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი, მაგალითისთვის, მისი მიტოვება, უგულებელყოფა მისი ფიზიკური ან ემოციური საჭიროებების მიმართ, ასევე იძულება ან მკაცრი აღზრდა და ა.შ,” – აცხადებს მაია ქურციკიძე.

მისი განცხადებით, კამპანია “დაასრულე ძალადობა” მიმდინარეობდა 6 თვის მანძილზე და მიზნად ისახავდა ძალადობასთან დაკავშირებული სოციალური ნორმების ქცევის ცვლილებას საქართველოში.

“ეს კამპანია ევროკავშირის მიერ იყო დაფინანსებული და მთავარი მიზანი იყო, რომ საზოგადოებაში დაგვეწყო დიალოგი და დსიკუსია იმის შესახებ თუ რა არის ძალადობა, რადგანაც საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის შეთანხმებული იმაზე, თუ რა არის ძალადობა და შემდგომ ერთობლივად უნდა შევთანხმებულიყავით, რომ ეს უნდა შევცვალოთ და რომ ძალადობა ძალიან ცუდია. ასევე, ამ კამპანიის ფარგლებში ვცდილობდით, რომ მიგვეწოდებინა ინფორმაცია თუ რა არის ძალადობრივი ქცევის ალტერნატივა, მაგალითად, საქართველოში ძალიან გავრცელებულია ფიზიკური დასჯა და ჩვენ მშობლებთან თუ მასწავლებლებთან გვქონდა ამ თემებთან დაკავშირებით დისკუსია, თუ რა არის პოზიტიური მშობლობა, მასწავლებლებთან ვსაუბრობდით თუ რა არის პოზიტიური დისციპლინა და თუ როგორ მართონ კლასი,” – ყვება მაია ქურციკიძე რადიო “ფორტუნასთან”.

საკმარისია თუ არა 6 თვიანი კამპანია პრობლემის მოსაგვარებლად, მაია ქურციკიძე გვპასუხობს, რომ “ეს, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი და აუცილებელიც კია, გაგრძელდეს ეს დისკუსიები და ხმამაღლა საუბარი ამ თემაზე, რადგან სოციალური ქცევის ცვლილება არ ხდება 6 თვეში და არც 1 წელში,” – ამბობს გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის ხელძღვანელი.

მაია ქურციკიძის განცხადებით, მათ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდათ პედაგოგეგბთან და მშობლებთან და იმედოვნებს, რომ ეს კამპანიაც გარკვეულ ცვლილებებს შეიტანს საზოგადოებაში.

“მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებები დაიწყოს საგანმანათლებლო სფეროშიც, რათა არაძალადობრივი კომუნიკაციით და პოზიტიური დისციპლინით ვიურთიერთოთ, ასევე მათ უკვე აქვთ რეკომენდაციები, თუ როგორ დაეხმარონ ბავშვებს, რათა მათ მარტივად მოძებნონ  პრობლემის მოგვარების გზა. ასევე, მომზადდა სახელმძღვანელო პედაგოგებისთვის და ბროშურები ბაშვებისთვის, რათა ორივე მხარემ იცოდეს ურთიერთობის ნორმების და ქცევების შესახებ, აქ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ თავიდანვე მოხდეს მასწავლებლისთვის ამ ნორმების ცოდნა,” – განმარტავს მაია ქურციკიძე.

როგორი სიტუაცია ხვდებოდათ თბილისსა თუ სხვადასხვა რეგიონის სკოლებში ძალადობასთან დაკავშირებით კამპანიის პერიოდში – მისი განცხადებით, სიტუაცია ყველგან თითქმის, ერთი მეორის ანალოგიურია, თუმცა აღსანიშნია, რომ პოზიტიური მშობლების მაგალითები გასულ წლებთან შედარებით, გაზრდილია.

“სიტუაცია მეტ-ნაკლებად მსგავსია, თუმცა კარგია ის, რომ გასულ წლებთან შედარებით, პოზიტიური მშობლების რაოდენობა გაზრდილია და ასევე, ცნობადობაც ამაღლებულია ამ საკითხის მიმართ, საზოგადოება შედარებით უფრო ინფორმირებულია ახლა, მშობლები თუ მასწავლებლები აქტიურად უზიარებდნენ ერთმანეთს თავიანთ გამოცდილებას აღნიშნულ საკითხებზე,” – განაცხადა მაია ქურციკიძემ.

რა პრობლემებს აწყდებოდნენ სხვადასხვა რეგიონში, მაია ქურციკიძე გვპასუხობს, რომ “პრობლემა უფრო მეტად ის არის, რომ საზოგადოებას, განსაკუთრებით მოზარდებს არ ჰქონდათ ინფორმაცია იმაზე, რომ არსებობს ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი და მათ შეუძლიათ დარეკონ და მიიღონ კვალიფიციური დახმარება. როდესაც მოზარდი ძალადობის მსხვერპლი ხდება, უნდა დაუკავშირდეს ამ ცხელ ხაზს და მათ აუცილებლად დაეხმარებიან პროფესიონალები,” – განაცხადა მაია ქურციკიძემ.

ნუცა სალუქვაძე

პოპულალურები