LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვს თმის ცვენა დაეწყო, სისხლში ტყვია აღმოაჩნდა – სად არის ქარხანა, რომელიც მომწამვლელ კვამლს უშვებს

2560
page 7070

ეს ლუკაა, რომელიც ქუთაისში მეტალურგიული ქარხნის მახლობლად ცხოვრობს. ლუკა ყოველდღიურად ქარხნიდან ამოსულ შავ კვამლს სუნთქავს. ის პატარა იყო, როცა დედამ შეამჩნია, რომ თმის ბუდობრივი ცვენა დაეწყო. გამოკვლევები საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, ქუთაისში ვერაფერი გაიგეს, ბავშვი თბილისში გამოკვლევებზე ჩამოიყვანეს და დაადგინეს, რომ ლუკას სისხლში ტყვიის სიჭარბე ჰქონდა.

დარინა (ლუკას დედა): “ბავშვს ბუდობრივი ცვენა დაეწყო. თბილისში რომ ჩამოვიყვანეთ, ტყვია აღმოაჩდა დიდი რაოდენობით. გვკითხა ექიმმა, სად ვცხოვრობდით და დაასკვნეს, რომ ეს გამოწვეულია მეტალურგიული ქარხნის კვამლიდან. ეს მანამდე იყო, სანამ ქარხანა ხელახლა ამუშავდებოდა. ტყუპები მყავს და ახლა ტყუპისცალს ისევ შევამჩნიე ალაგ-ალაგ თმის ნაკლებობა. ბავშვებს ვმკურნალობ, მკურნალობის შემდეგ თმა ამოსდით, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ ისევ მეორდება. ყველა არის ძალიან შეწუხებული. შეიძლება ყველა ამ გამონაბოლქვთან ვერ აკავშირებს ჯანმრთელობის პრობლემებს. ქარხანა ხელახლა რამდენიმე თვეა ამოქმედდა.”

ხათუნა ტყეშელაშვილი, ქუთაისის მცხოვრები: ეს არის რკინის გადამამუშავებელი ქარხანა, რკინას ადნობენ და აწარმოებენ. ჩემი სახლიდანაც ჩანს, როგორ ამოდისხან თეთრი, ხან შავი კვამლი. ქარხნის ახლომახლო კერძო სახლებიცააა. ზოგჯერ გამოვიხედავთ ხოლმე და ყველაფერი კვამლშია გახვეული.  პრობლემები წლების წინ დაიწყო, შემდეგ ქარახხანა გაჩერებული და ახლა ისევ აამუშავეს. ჩვენ ვითხოვთ ფილტრების დაყენებას და არა გაჩერებას. კი ბატონო იმუშაოს, დასაქმებულია იქ ხალხი, მაგრამ ჯერ ფილტრები დააყენონ. ამ კვამლს რომ ვსუნთქავთ, პირდაპირ ვიწამლებით”. 

ადგილობრივები “ფორტუნასთან” საუბარში ყვებიან, რომ მათ გარემოს დაცვის სამინისტროსაც მიმართეს და მათ უთხრეს, რომ ქარხნიდან სინჯები უკვე აღებულია და პასუხს ელოდებიან.

რადიო “ფორტუნა” გარემოს დაცვის სამინისტროსაც დაუკავშირდა. უწყების პრესსამსახურმა სინჯების აღების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.

“გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე შპს “ამბიკონ სტილსის” ინსპექტირება განახორციელეს. ნორმებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, აღებულია ატმოსფერული ჰაერის სინჯები. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. თუ გამოვლინდება დარღვევა, საქმის მასალები გადაიგზავნება სასამართლოში. სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას. ზოგადად სანებართვო პირობების დარღვევა ითვალისწინებს 5000 ლარიან ჯარიმას“, – გვითხრეს სამინისტროში.

ჩვენ გარემოს დაცვის ექსპერტს ნინო ჩხობაძესაც დავუკავშირდით, რომელმაც გვითხრა, რომ სიმპტომები, როგორიცაა მაგ. თმის ცვენა, სწორედ ტყვიის სიჭარბეს უკავშირდება. 

“მოსახლეობა თავის დროზე თანახმა იყო, რომ ადგილზე ყოფილიყო ქარხანა. ახლა, როგორც ჩანს პროტესტი იმიტომაა, რომ ბოლავს ალბათ ქარხანა. ეს არის ჯართი, რომელსაც ბრიკეტებად აკეთებენ, რომ გაყიდონ. ეს არ არის სუფთა მეტალურგია. ეს კიდევ უარესია, ნამდვილი ქარხანა რომ იყოს, იქ ფილტრიც იქნებოდა. ეს პირდაპირ შეგვიძლია ჯანმრთელობის პრობლემებთან დავაკავშიროთ.

ეს დაბინძურება ძალიან დიდი პრობლემაა, განსაკუთრებით დიდი ჭვარტლი გამოდის. 

ეს უნდა დააკავშიროთ ჯანმრთელობის პრობლემებთან, განსაკუთრებით ბავშვების”, – აცხადებს ჩხობაძე. 

 

რადიო “ფორტუნა” შპს ამბინოკ სტილსის” წარმომადგენლებსაც დაუკავშირდა, რომლებმაც გვითხრეს, რომ კომენტარს უცხოელი დამფუძნებლებისგან ხვალ დილისთვის ელოდებიან.

შეგახსენებთ, ქარახანა ქართულ-ინდური ინვესტიციებითაა აშენებული.

კომპანიის კომენტარს რადიო “ფორტუნა” მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები