LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვის სიყვარული არ ნიშნავს მათი ყველა სურვილის შესრულებას – პატრიარქი

181

ქრისტიანული ოჯახი სიყვარულით უნდა შეიქმნას, უსიყვარულოდ ეს კავშირი არ იარსებებს, ან დამახინჯებულ სახეს მიიღებს და შეიძლება საერთოდაც დაიშალოს – ამის შესახებ ნათქვამია ილია მეორეს მიერ დაწერილ წინასიტყვაობაში, რომელიც ჟურნალში ჟურნალში “ბედნიერი ოჯახი” დაიბეჭდა. ჟურნალი სამების საკათედრო ტაძარში მრევლს საჩუქრად დაურიგდა.

“სიყვარული რომ არ განქარდეს და ოჯახმა ბედნიერება შეინარჩუნოს, მისმა წევრებმა ერთმანეთისთვის ცხოვრება უნდა ისწვალონ და თავისი გარემო მცირე ეკლესიად აქციონ.

რას ნიშნავს ეს?

ოჯახში იერარქია (უფროს-უმცროსობა) უნდა იყოს დაცული და მისი თავი უნდა იყოს ქმარი, როგორც ამას უფალი ბრძანებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი რაიმეთია უპირატესი, არამედ მას მეტი პასუხისმგებლობა აქვს და ევალება მზრუნველობა და დაცვა ოჯახისა. ზრუნვა კი გულისხმობს არა მარტო მატერიალურ უზრუნველყოფას, არამედ ღვთის წინაშე მეოხებასაც,” – აღნიშნავს პატრიარქი.

მისივე თქმით, მეუღლეები უნდა ზრუნავდნენ თავიანთი როგორც სულიერი, ისე ინტელექტუალური განვითარებისათვის.

„თითოეული თავის თავში და თავის მეუღლეში უნდა ცდილობდეს ახალი გრძნობების, ახალი სიმაღლეების აღმოჩენას. ამის მიღწევა კი, მითუმეტეს სულიერი განვითარების გარეშე, შეუძლებელი იქნება; უამისოდ წყვილი ადვილად ამოწურავს ერთმანეთს და ერთიმეორისადმი ინტერესიც დაეკარგებათ; ურთიერთობა აღმოჩნდება ხანმოკლე, ზედაპირული და ხორციელ კავშირზე აგებული. და თუ ურთიერთობა მხოლოდ მიწიერი ვიწრო ინეტრესებით შემოიფარგლება, რა თქმა უნდა, მჯობნის მჯობნი არ დაილევა და გულაცრუების მიზეზიც ადვილად გამოჩნდება; სულიერი ერთობა კი მტკიცეა და ხანიერი,” – აღნიშნავს ილია მეორე.

პატრიარქი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, ცოლ-ქმარს შორის შენარჩუნდეს გარკვეული დისტანცია, ამასთან, მეუღლესთან ყოველი შეხვედრა ორივესთვის ზეიმი უნდა იყოს.

“იცოდეთ, მიუხედავად დიდი სიყვარულისა, ბოლომდე არ უნდა გაუშინაურდეთ ერთმანეთს. ეს უნდა ემჩნეოდეს თქვენს საუბარს, ჩაცმას, გარეგნობას, ქცევას… თქვენში მუდამ უნდა იყოს რაღაც მიუწვდომელი. ამასთან, მეუღლესთან ყოველი შეხვედრა ორივესთვის ზეიმი უნდა იყოს. ერთმანეთის მონატრების გრძნობა არ უნდა დაკარგოთ (ძველ დროს, საერთოდაც, ცოლ-ქმარს ცალ-ცალკე ოთახებში ეძინათ და მათი კავშირი იყო დიდი სიხარული), თუმცა ხანგრძლივი განშორებაც არ შეიძლება და ყველაფერში ოქროს შუალედია დასაცავი”.

პატრიარქი ბავშვების აღზრდის საკითხსაც ეხება. ილია მეორე წერს, რომ წყვილმა არ უნდა იჩხუბოს, მითუმეტეს – ბავშვების თანდასწრებით.

„არ იჩხუბოთ, მით უმეტეს, ბავშვების თანდასწრებით, ეს მათზე მეტად მტკივნეულად მომქდებს. თუ უსიამოვნება მაინც მოგივათ, ეცადეთ, დაძინებამდე შერიგდეთ. წმინდა მამები გვარიგებენ, რომ მზე ისე არ უნდა ჩავიდეს, რომ შენს მიერ განაწყენებულ ახლობელთან ურთიერთობა არ აღადგინოო. მით უმეტეს, – მეუღლესთან”.

ამასთან,ილია მეორე წერს, რომ შვილებზე ზრუნვა ორივე მშობლის მოვალეობაა და თანაბრად ვალდებულები არიან, ბავშვებს დრო დაუთმონ.

“მშობლისგან ბავშვის სიყვარული არ ნიშნავს მათი ყველა სურვილის შესრულებას. პირიქით, ეს არასწორი ქმედებაა. თქვენ ყოველთვის სიყვარულით უნდა მიუთითოთ შეცდომაზე და თან აუხსნათ შვილს, რატომ არის ესა თუ ის ქმედება მიუღებელი. თქვენი სიყვარული მათდამი უნდა გამოხატოს იმაშიც, რომ ბავშები ცხოვრებისათვის მომაზადოთ. ამიტომაც ნუ მოგერიდებათ მათი დასაქმება, შეასწავლეთ საქმე, რითაც თქვენც შეგეწევიან და მომავალში მისი ცოდნა თვითონაც გამოადგებათ.

შესაძლებლობებისამებრ ბავშვები ატრეთ ისეთ წრეებზე, რაც მათ სულიერ, ინტელექტუალურ და ფიზიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს; ასწავლეთ საქართველოს ისტორია, ქართული სიმღერა-გალობა, ცეკვა, ატარეთ სპორტზე, – აღმოაჩინეთ მათში ესა თუ ის ნიჭი და მიდრეკილება და წაახალისეთ; ჩაუნერგეთ, რომ ისინი არინ ნიჭიერნი, რათა ბავშვებმა მონდომებითა და სიყვარულით გააკეთონ ყველაფერი. სასურველ გარემოში ყოფნა კი მათ შესძენს გულითად მეგობრებს და გარკვეულწილად დაცულნიც იქნებიან მავნე ზეგავლენებისგან.

მოუწონეთ სხვისი დახმარება, განსაკუთრებით განსაცდელში მყოფის თანადგომა, ასწავლეთ ღვთის სიყვარული, ასწავლეთ წესრიგი, მადლიერების გამოხატვა, სისუფთავის სიყვარული, დროის სწორი გამოყენება… და მომავალში ისინი თქვენი დიდი მოსიყვარულენი და დამფასებელნი იქნებიან”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები