LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვის ისტერიკის არ უნდა გეშინოდეთ, ესა არის მისი კომუნიკაცია თქვეთან“ – თამარ გაგოშიძე

595
gagoshidzeisterika

ფსიქოლოგ თამარ გაგოშიძის საინტერესო ლექციას თემაზე „ჯიუტი ბავშვი“, კომპანია „ქანბებე“ სოციალურ ქსელში აქვეყნებს. „ფორტუნა“ გთავაზობთ ამონარიდს ამ ლექციიდან:

„ბავშვის პრობლემურ ქცევებზე ყველაზე მეტი შეკითხვა შემოდის. ყველა მშობლისთვის მნიშვნელოვანია მათი ქცევის, ისტერიკის მართვა. როდის ხდება ეს? როდესაც ჩვენ მას არ ვუსრულებთ რაღაცას, როდესაც ის ხვდება დაბრკოლებას და როდესაც მას რაღაცას ვუკრძალავთ. ზოგიერთი ამას მძაფრად გამოხატავს, ზოგი ნაკლებად და ეს დამოკიდებულია ბავშვის ტემპერამენტზე. ეს პირველივე დღეებიდან ჩანს, ზოგის ტემპერამენტი არის მკვეთრი, ზოგი ბევრად უფრო მშვიდია, მაგრამ აპროტესტებს ყველა. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი 3-4 წლის ასაკისთვის. სადღაც 2.5 წლის ასაკიდან იწყება ამ ტიპის ქცევა, ამ დროს ბავშვი აღარაა ისე მიჯაჭვული დედაზე, ის აქტიურად შეიმეცნებს სამყაროს, ამიტომ თვლის, რომ მას შეუძლია გარემოზე ზემოქმედება. ის უყურებს უფროსების რეაქციას და ამის მიხედვით იქცევა. ყველაზე მთავარი აქ მაინც არის მშობლის შიში, რომ არ ანერვიულოს ბავშვი. მშობლები ფიქრობენ, რომ თუ ბავშს არ შეუსრულებენ სურვილს, მას ნერვული სისტემა გაუფუჭდება. ამ ასაკის ბაშვები ვერ იკავებენ კარგად იმპულსს, იმიტომ რომ მათ ჯერ არ აქვთ ჩამოყალიბებული ნებელობა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ნებისყოფაზე, ის სადღაც 5-6 წლის ასაკისთვის ყალიბდება. ამ დროს ბავშვისთვის გარემო მოთხოვნა ხდება მნიშვნელოვანი. ჩნდება კითხვა, როგორ მოვახერხოთ ჩვენ ისე, რომ ბავშვს არც ნერვული სისტემა გავუფუჭოთ და ვასწავლოთ, რომ სხვა ადამიანს გაუწიოს ანგარიში. ეს არის ზუსტად ჩვენი საზოგადოების პრობლემა.

სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვახერხებთ ბავშვის ისე აღზრდას, რომ მან იზრუნოს სხვაზე, გარემოს გაუწოს ანგარიში. ყველა ფსიქოლოგი ურჩევს მშობელს, რომ არ ეჩხუბოს ბავშვს, არ უნდა უყვიროს, არ უნდა დაარტყას. არადა მშობელი ამბობს, თუ არ ვუყვირე, არ მოვწიწკნე, არ ესმის. ზოგი ამბობს, როგორ შეიძლება ბავშვს რამე დავუშავო, როცა მერეც ეყოფა ცხოვრებაში აკრძალვები. პირველი, ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს ბავშვის ტირილის. ტირილი ეს არის ბაშვის კომუნიკაციის საშუალება. ხშირად მშობლებს ეცოდებათ პატარა და წუხდებიან ამ ტირილის გამო და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ბავშვმა არ იტიროს, ჩაახშონ ისტერიკა. ჩვენ ამ ისტერიკის არ უნდა გვეშინოდეს, ესაა მისი კომუნიკაცია თქვენთან და იმის ყურება, შენ რა რეაქცია გექნება. ბავშვები ძალიან ეკონომიური და პრაგმატული არსებები არიან, მათ ზუსტად იციან, რამდენი დრო უნდა დახარჯონ სასურველის მისაღებად. ბავშვი ამით სწავლობს გარემოსთან ურთიერთობას, ხოლო როცა გარემო არაფერს აკეთებს, ეს ისტერიკა მატულობს და მატულობს.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები