LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვებში სიმსუქნის სიხშირე მატულობს – უახლესი კვლევის შედეგები

1290
5b987003e76a4

8 წლის დათუნა, რომელსაც თავის ასაკთან შედარებით ჭარბი წონა აქვს, საკვებზე ემოციურ დამოკიდებულებას არ უარყოფს, თუმცა წონის კონტროლს დღემდე მაღალკალორიული საკვების შეზღუდვითა და დედის დახმარებით ცდილობს.

34 წლის ია ამბობს, რომ შვილის კვებასთან დაკავშირებით საკუთარი მიდგომა აქვს, მაგრამ საერთო წესს ხშირად, ბებიები და ბაბუები არღვევენ. დათუნა, რომლის სუსტი წერტილი ფუნთუშებია, სწორედ მათთან პოულობს ე.წ. თავშესაფარს.

შესაბამისად, მას, როგორც მისი თანატოლების უმრავლესობას, ბებია-ბაბუების ოპტიმისტური განაცხადი „გაიზრდება და დაიკლებს” ხშირად სმენია.

საშიში ტენდენცია – რა ხდება საქართველოში

ჩაპუტკუნებულ-ჩამრგვალებული ფორმები, რაც განსაკუთრებით ბებია-ბაბუებს ახარებთ, ლამის ეპიდემიად იქცეს. ამის თქმის საფუძველს იძლევა 2017 წელს საქართველოში პირველად ჩატარებული კვლევა, რომელმაც ბავშვთა შორის სიმსუქნისა და ჭარბწონიანობის გავრცელება, ფიზიკური აქტივობებში ჩართულობა და კვებითი ჩვევები შეისწავლა.

კვლევაში, როგორც სახელმწიფო ისე კერძო სკოლებიდან, 4 000-ზე მეტმა 7 წლის მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

როგორც აღმოჩნდა, სიმსუქნის განვითარების წინაპირობა, ჭარბი წონა ამ ასაკში ბიჭების 26,1%-ს აწუხებს, გოგონებში კი ეს მაჩვენებელი 22,1%. საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ყველაზე ფართოდ პრობლემა სოფლებშია გავრცელებული.

რაც შეეხება 7 წლის ბავშვებს შორის სიმსუქნის გავრცელებას, აქაც ბიჭები ლიდერობენ, ოდნავ განსხვავებული მაჩვენებლით.

როგორ ვებრძოლოთ ჭარბი წონის ეპიდემიას – გამოსავალი

ბავშვთა ენდოკრინოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ირაკლი ფაღავა საკუთარ პრაქტიკაზე დაკვირვების შედეგად ამბობს, რომ ჭარბწონიანი ბავშვების რაოდენობის მატების ტენდენცია ნამდვილად შეიმჩნევა.

ირაკლი ფაღავა: „ბავშვებში სიმსუქნემ ეპიდემიის მასშტაბებს მიაღწია“

გადაცემას „სტუმრად ექიმთან” ბავშვთა ენდოკრინოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ირაკლი ფაღავა ესტუმრა. ექიმმა გადაცემაში ისეთ საინტერესო თემებზე ისაუბრა, როგორებიცაა: წონის დეფიციტი, ჭარბი წონა, დიაბეტი ბავშვებში და სქესობრივი მომწიფების ნორმები. ბატონო ირაკლი, დავიწყოთ წონის დეფიციტით, ვისაუბროთ იმ ბავშვებზე, რომლებიც უარს ამბობენ სასარგებლო საკვების მიღებაზე… აჯობებს, თავიდანვე გავმიჯნოთ ერთმანეთისგან რეალურად წონის დეფიციტი და სიტუაცია, როდესაც არ არის წონის […]

„პირადი დაკვირვებით, სიმსუქნის სიხშირე მატულობს. პრობლემა ძალიან ადრეული ასაკიდან იწყება, რადგან ბავშვებს არაჯანსაღად კვებავენ, მათ შორის სოფლადაც“ – ამბობს ირაკლი ფაღავა.

მკურნალობის მეთოდი ძირითადად ერთია. აუცილებელია ჯანსაღი კვება, ფიზიკური დატვირთვა და ზოგჯერ, სპეციალისტის დამხარებაც კი.

„ადრეული ასაკიდან ბოსტნეულის, ხილის ჭამას უნდა ვაჩვევდეთ ბავშვს და არა ტკბილეულის და ცომეულის ჭამას“ – ამბობს ენდოკრინოლოგი.

კითხვაზე როგორ მივაღწიოთ გონივრულ კომპრომისს, ირაკლი ფაღავა მარტივ გზას გთავაზობთ.

„ნუ უყიდით! სანამ ბავშვი პატარაა. მშობელი თუ არ მოუტანს, არ აჭმევს და ფულს არ გაატანს, ბავშვმა საიდან უნდა იშოვოს, ეგ არის და ეგ“.

ბავშვის ჯანსაღ კვებასთან შეგუების პროცესში მშობლის როლი რომ უმნიშვნელოვანესია, ამაზე ფსიქოლოგებიც საუბრობენ. ბავშვებს ადრეული ასაკიდან სჩვევიათ მიმბაძველობა, ამიტომ ცხოვრების ჯანსაღ წესს პროპაგანდა პირადი მაგალითით შეგიძლიათ გაუწიოთ.

საუკეთესო ვარიანტია დიასახლისმა არა მხოლოდ შვილებს, არამედ მთელი ოჯახისთვის მოამზადოს კერძები, რომელიც დაბალანსებულ კვებას გულისხმობს.

საქართველო „დიეტებით შეპყრობილი“ ქვეყნების ათეულში მოხვდა

და მაინც, როგორ უნდა გადავიდეს ბავშვი კვების ახალ რეჟიმზე, ისე რომ მას ფსიქოლოგიური დისკომფორტი არ შეექმნას, ამის უნივერსალური რეკომენდაცია არ არსებობს.

როგორც ფსიქოლოგი ნათია წერეთელი „ფორტუნასთან“ ამბობს, ბავშვს საკვების მიმართ დამოკიდებულება მშობლებმა უნდა შეუცვალონ.

„თავიდანვე როგორ კვებასაც მიაჩვევ ბავშვს, მოთხოვნილებაც შესაბამისი აქვს. შეიძლება მკაცრ დიეტაზე ვერ გადაიყვანო, რადგან საერთოდ აკრძალავამ შესაძლოა სტრესი გამოიწვიოს,მაგრამ მშობელს უნდა ესმოდეს, რომ ეს არის პრობლემა.

მისი დაძლევის ბევრი გზა არსებობს, მათ შორის ბალანსირებული კვება და ფიზიკური დატვირთვის არაერთი საშუალება. მნიშვნელოვანია, რომ კვება განვიხილოთ, როგორც უწყვეტი პროცესი“, – ამბობს ფსიქოლოგი ნათია წერეთელი.

რჩევები მშობლებს

  • ბალანსირებული კვება
  • ჯანსაღი საუზმე
  • ფიზიკური აქტივობა
  • წონისა და სიმაღლეში ზრდის დინამიკის მონიტორინგი

ფსიქოლოგი ასევე, განმარტავს, რომ ჭარბი წონა დეპრესიის რისკსაც შეიცავს. ბავშვი შეიძლება თანატოლების მხრიდან დაცინვის ობიექტი გახდეს.

„ამ ნიშნით ბავშვი შესაძლოა გახდეს სამიზნე ბულერის, რომელიც ნებისმიერ მიზეზებს ეძებს, გარეგნობასა თუ ჩაცმულობაში, მიმართავს დამცინავად „მსუქანა“, „პონჩიკა“ და ა.შ.ეს პრობლემა განსაკუთრებით სკოლებში იკვეთება. დღევანდელ რეალობაში წარმატების, სოციუმში დამკვიდრების ერთ-ერთ წინაპირობად მიჩნეულია თხელი აღნაგობა.აქედან გამომდინარე, ბავშვს შეიძლება თვითშეფასებაც დაუქვეითდეს, ჰქონდეს არასრულფასოვნების კომპლექსი, რაც ჩაკეტილობის საბაბი შეიძლება გახდეს“, – აცხადებს ფსიქოლოგი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჭარბი წონა და სიმსუქნე  5 წლამდე ასაკის 41 მილიონ ბავშვს აწუხებს.

2014 წელს 18 წლისა და უფროსი ასაკის 1,9 მილიარდი ადამიანი უჩიოდა ჭარბ წონას, მათგან 600 მილიონი − სიმსუქნეს.

სიმსუქნის პრევენცია შესაძლებელია

სიმსუქნისათვის, ისევე როგორც სხვა არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლისათვის, დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის სიცოცხლის მთელი ციკლის მოცვას.

  • დედის ჯანმრთელობა და სწორი კვება ორსულობის პერიოდში
  • ახალშობილთა ძუძუთი კვება
  • ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის პირობები სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და სხვა დაწესებულებებში
  • ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა მთელი სიცოცხლის მანძილზე

შეცვალეთ თანამედროვე ცხოვრების სტილი და შექმენით ისეთი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ჯანსაღ კვებას.