LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვების ნაწილი საქართველოში სამ ლარზე ნაკლები შემოსავლით ცხოვრობს

856

გაეროს ბავშვთა ფონდის მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის შედეგებიდან ირკვევა, რომ ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ყოველი მეექვსე კი საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარს. კვლევის თანახმად, ბავშვთა სიღარიბე ქვეყნის დანარჩენ მოსახლეობასთან შედარებით გაცილებით მაღალია. მათი სიღარიბის დონე სოფლებში, ქალაქებთან შედარებით, დაახლოებით 50%-ით მეტია.

აღნიშნული კვლევა ისეთი სოციალური მოვლენების გავრცელების არეალს მოიცავს, როგორიცაა სამომხმარებლო სიღარიბე, სოციალური გარიყულობა, ჯანდაცვა და ბავშვთა კეთილდღეობა.

საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი, ლაილა ომარ გადი ამბობს, რომ სიღარიბის მაჩვენებლები შემცირდა, მაგრამ ბავშვები ყველაზე დაუცველ ჯგუფებად მაინც რჩებიან. ის თვლის, რომ ასეთი ბავშვებისთვის ყველაზე მეტი ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.

f9d6efb8bbd98a5a464ed677fb1a1236

გაეროს ბავშვთა ფონდის გამოკითხვიდან ცნობილი ხდება, რომ სიღარიბის დონე ბავშვიან ოჯახებში  უფრო მაღალია. უბავშვო შინამეორნეობების სოციალური დახმარება ერთ ეკვივალენტურ ზრდასრულ პირზე საშუალოდ 98 ლარია, ხოლო ოჯახები, რომლებსაც ბავშვი ჰყავთ, სოციალური დახმარების სახით  თითო ადამიანზე 40 ლარს იღებენ.

კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ღარიბი ბავშვების განათლებაზე ხელმისაწვდომობა. მაგალითად, 3-5 წლის ბავშვების ბაღებში დასწრების მაჩვენებელი ქალაქებში უფრო მაღალია, ვიდრე სოფლებში ( საბავშვო ბაღი –  ქალაქიდან 67,6%  სოფლებიდან – 55,1%).

მსგავსი შემთხვევაა სკოლებში (ქალაქიდან 95,1%, სოფლებიდან  – 37,7%)  და უმაღლეს სასწავლებლებშიც.


”ყველა ბავშვს აქვს უფლება გაიზარდოს ჯანმრთელი და ძლიერი, იყოს განათლებული და დაცული, ჰქონდეს ისეთივე შესაძლებლობები ცხოვრებაში, როგორც სხბა ბავშვებს,”
– აცხადებს ლაილა ომარ გადი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში.

გაეროს ბავშვთა ფონდის კოორდინატორი, მაია ქურციკიძე “ფორტუნასთან“ ამბობს, რომ  ბავშვთა სიღარიბე საქართველოში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს მისი თქმით, არსებობენ ბავშვები, რომლებიც დღეში  სამ ლარზე ნაკლები შემოსავლით ცხოვრობენ. ამის გამო, მათ არ აქვთ ნორმალური განვითარების შესაძლებლობა, არ მიუწდებათ ხელი ჯანდაცვაზე, ხარისხიან განათლებაზე. ეს არის სხვადასხვა პრობლემების ერთობლიობა, რომლის გზა საბოლოოდ სიღარიბემდე მიდის. ქურციკიძის თქმით,  მსგავსი კვლევების ჩატარების ერთ-ერთი ძირითადი მიზანი, მთავრობისა და საზოგადოების ყურადღების გამახვილებაა. მისი განცხადებით, სოციალური დაცვის პროგარამა უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებთან ერთად სხვა დაუცველ ჯგუფებზეც უნდა მოქმედებდეს.

161UNICEF-ის კოორდინატორის ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ  საქართველოში სიღარიბე დინამიურია,  სახელმწიფომ მოსახლეობას სტაბილური განვითარების პირობები უნდა შესთავაზოს.

სოციალური დახმარების სისტემის სრულყოფა განათლების სისტემის ძირეული რეფორმა და დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობაზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება – ეს ის მთავარი საკითხებია, რომელზეც ჯანდაცვის კომიტეტის ახალი თავმჯდოამრე, აკაკი ზოიძე, ხელისუფლებასთან ერთად მუშაობას გეგმავს. ზოიძე მიიჩნევს, რომ ბავშვთა სიღარიბე მნიშვნელოვანი პრობლემაა და ის ”ქართული ოცნების” პროგრამაში ადეკვატურადაა ასახული. მისი თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ცვლილებები განხორციელდება და  უახლოეს მომავალში, სამასამდე პირველადი მოხმარების საბავშვო მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობა გაიზრდება.

მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა ოჯახების პანელური გამოკითხვაა, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ყველა რეგიონს მოიცავს. 2015 წლის კვლევის ფარგლებში შესაბამისი კითხვარები 4533- მა შინამეურნეობამ შეავსო.

 

ავტორი : ხატია ქირია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები