LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვები არ ვართ და მკაფიოდ განვაცხადეთ – ეს შეთანხმება ანულირებულია! ასეთი ტიპის დოკუმენტს ჩვენ ხელს აღარასდროს მოვაწერთ: ირაკლი კობახიძე

104
ირაკლი კობახიძე

„გამორიცხულია მმართველმა გუნდმა შარლ მიშელის შეთანხმების მსგავს დოკუმენტს ხელი მომავალში მოაწეროს, რაც არ უნდა პოლიტიკური კრიზისი შეიქმნას ქვეყანაში,“ – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“  თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან ერთად, მათ შორის, აღნიშნულ საკითხზეც ისაუბრეს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მას აინტერესებდა გუნდის პოზიცია და ეს გააცნეს.

„რაც შეეხება ამ შეთანხმებას, ამასთან დაკავშირებით, მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ამ შეთანხმებას აღარ დავუბრუნდებით. არათუ, ამ შეთანხმებას არ დავუბრუნდებით, გამორიცხულია, რომ მომავალში კიდევ ერთი მსგავსი ტიპის შეთანხმებას მოვაწეროთ ხელი, როგორი ხელოვნური კრიზისიც არ უნდა შექმნას რადიკალურმა ოპოზიციამ,“ – განაცხადა კობახიძემ და დაამატა – გამომდინარე იქიდან, რომ ეს ყველაფერი გულისხმობს თუნდაც დროებით, მაგრამ კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლას.

„ჩვენ ქვეყანას უნდა გავუფრთხილდეთ და არცერთ შემთხვევაში აღარ უნდა დავუშვათ ის, რომ ქვეყანა თუნდაც დროებით გავიდეს კონსტიტუციური ჩარჩოდან“, -აღნიშნა მან.

დასმულ შეკითხვაზე: ჰქონდა თუ არა პრეზიდენტს მმართველი გუნდის წევრების გადარწმუნების მცდელობა, კობახიძემ უპასუხა, რომ პრეზიდენტთან დახურული საუბრის დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

„მას აინტერესებდა ჩვენი მოსაზრებები პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით,“ – თქვა პარტიის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებს, მათ შორის, საქართველოში აშშ-ის ელჩის განცხადებას, რომ მხარეები უნდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს, ირაკლი კობახიძის თქმით, დოკუმენტის ფარგლებში დაბრუნება გამორიცხულია.

„ჩვენ არ მოგვისმენია მოწოდებები 100 დღის მანძილზე რადიკალური ოპოზიციის მიმართ. თქვენ იცით, რომ 4 პოლიტიკური პარტია, ამ დოკუმენტს ხელს არ აწერდა. გარდა ამისა, ოპოზიციური დეპუტატების ნახევარზე მეტს არ ჰქონდათ ხელი მოწერილი.

მეტი აქტიურობა რომ ყოფილიყო, მაშინ შეიძლება მოეწერა ხელი ამ დოკუმენტზე. თუმცა, ახლა ყველაფერი ძალიან დაგვიანებულია. ბავშვები არ ვართ და მკაფიოდ განვაცხადეთ – ეს შეთანხმება ანულირებულია!

ჩვენ პრინციპული გადაწყვეტილება მივიღეთ. ამ გადაწყვეტილებას არ გადავხედავთ, ვერ გადავხედავთ, უპრინციპობას ჩვენ ვერ გვაპატიებს ჩვენი ამომრჩეველი და საქართველოს მოსახლეობა. შეთანხმება ანულირებულია და უფრო მეტიც, ასეთი ტიპის შეთანხმებას, ჩვენ ხელს აღარასდროს მოვაწერთ, “ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები