LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმმა ევროპულ ქალაქებს აჯობა – პრესტიჟული ტურისტული ჯილდო ჩვენია

309
starii-bulvar

ბათუმი World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა. ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე ბათუმმა ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული მიიღო და ისეთ მნიშვნელოვან ნომინანტებზე, კონკურენტებზე მოიპოვა გამარჯვება, როგორებიცაა: სოფია (ბულგარეთი), მატერა (იტალია), ბაქო (აზერბაიჯანი), ლუბლიანა (სლოვაკეთი), კუტნა ჰორა (ჩეხეთი), მოსტარი (ბოსნია ჰერცეგოვინა) და დერი (ჩრდილოეთ ირლანდია).

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, World Travel Awards-ის ჯილდო, ბათუმის გარდა, ევროპის წამყვანი საზღვაო მიმართულებისთვის მიიღო ალგარვემ (პორტუგალია), ფესტივალებისა და ივენთების წამყვანი მიმართულებისთვის გლაზგომ (შოტლანდია) და ევროპის წამყვანი ტურისტული მიმართულებისთვის პორტუგალიამ. ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ საუკეთესო სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ავიაკომპანიები და ტურისტული ატრაქციები.

,,ჩვენი სტრატეგია ძალიან დიდი ხანი მოდიოდა აქეთკენ. ვულოცავ მთელ ქვეყანას, კუთხესა და ქალაქს ამ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას და აღიარებას. დღეს ჩვენ ვართ ყველაზე სწრაფად მზარდი ევროპული მიმართულება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი განვითარებისთვის, ჩვენი ეკონომიკისთვის. ეს ყველა იმ ადამიანის გამარჯვებაა, ვინც არ დაიზარა და ხმა მისცა ბათუმს“,- აცხადებს სულხან ღლონტი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე.

ცნობისთვის, World Travel Awards-ის ღონისძიება 1993 წლიდან ტარდება. დაჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები