LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაჩალიაშვილის საქმეზე FBI არ ჩაერთვება: ოჯახი ოფიციალურ განცხადებას დღის ბოლოს გააკეთებს

148
BeFunky-collage - 2020-09-03T140301.580

23 წლის პროგრამისტის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში ფედერალური ბიურო არ ჩაერთვება. ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა გენერალურ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, სამართალდასმცველი უწყება დაუკავშირდა პარტნიორი ქვეყნის საგამოძიებო ბიუროს, თუმცა მათ საქმეში ჩართვაზე უარი განაცხადეს. ლომჯარიას განმარტებით, ფედერალური ბიურო საქმეში ჩართულობის კომპეტენტურობას ვერ ხედავს.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს FBI-ის პასუხის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია. მიხეილ რამიშვილი “ფორტუნასთან” საუბრისას აცხადებს, რომ პროკურატურას ფედერალური ბიუროს მხრიდან გამოძიებაში ჩართვაზე უარყოფითი პასუხის შესახებ ინფორმაცია არ მიუცია არც ოჯახისთვის.

რამიშვილის განმარტებით, 23 წლის პროკრამისტის გარდაცვალების შესახებ ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა დღის ბოლომდე ჩაბარდება. მისივე თქმით, დღეს 17:00 საათზე, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხება თამარ ბაჩალიაშვილის დედა და მხოლოდ ამის შემდეგ, ოჯახი გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას.

შეგახსენებთ, რომ დღეს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს შეხვდა, სადაც საუბარი იყო ბოლო დროის ყველაზე გახმაურებულ საქმეებზე. ომბუდსმენმა შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიისთვის კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ  გენერალურ პროკურორთან ყველა ის კითხვა დასვა, რაც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს ჰქონდათ.