LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავარიისას დაღუპული 15 წლის ნიკა ჯორჯაძის დედა შვილის სახელზე ახალ ბრენდს აფუძნებს

39811
nika-jorjadze-news13

2019 წლის 15 აპრილს ავტოავარიის შედეგად პიარმენეჯერ სალომე გველესიანის ვაჟი, ნიკა ჯორჯაძე დაიღუპა. ნიკა 15 წლის გახლდათ… მისი სახელისთვის მარადიული სიცოცხლის მისანიჭებლად, სალომემ გადაწყვიტა, ახალი ბრენდი Reckless დააფუძნოს და იქ წარმოადგინოს შვილის განსაკუთრებული სტილი, სადაც სხვადასხვა ტიპის სამოსს ძალდაუტანებლად და საინტერესოდ აერთიანებდა და გამოხატოს ნიკას თაობის ადამიანების ტკივილი და სიხარული, მათი ცხოვრების მთავარი მისაწრაფებები და მნიშვნელოვანი ღირებულებები, რომლებსაც მხოლოდ ერთმანეთს უზიარებენ.

ნიკას დაღუპვის შემდეგ სალომემ შვილის შესახებ ბევრი ახალი რამ გაიგო, მათ შორის ისიც, რომ ნიკა სიმღერებს წერდა და საუნდქლაუდზე ათავსებდა სახელით Reckless. სწორედ აქედან წამოვიდა ბრენდის სახელიც, რომელიც ფუნქციონირებას 2020 წლის გაზაფხულიდან დაიწყებს. ბრენდის ლოგო გიო ქვლივიძემ სრულიად უსასყიდლოდ შექმნა მას შემდეგ, რაც სალომესგან უფროსი ვაჟის შესახებ ბევრი საინტერესო ამბავი მოისმინა…

სალომე გველესიანი  fortuna.ge-ს ესაუბრა ამ იდეის შესახებ:

„ჩემმა მეგობარმა, ნინო ხასიამ შთამაგონა, ნიკას სახელზე ბრენდი დამეფუძნებინა. მგონია, რომ ასე ჩემს შვილთან კომუნიკაციის ახალ შესაძლებლობას მივაგენი, ფერით, ფორმით, სუნით… იდეა ორი თვის წინ დაიბადა. მის მეგობრებს ვკითხე, რას დაარქმევდნენ ნიკას ბრენდს და რადგან ის სიმღერებს საუნდქლაუდზე Reckless-ის ფსევდონიმით ათავსებდა, სწორედ ეს სიტყვა შევარჩიეთ. გარდა იმისა, რომ ნიკას ფსევდონიმი იყო, ძალიან კარგად გამოხატავს მის თაობას, ერთდროულად პოზიტივსაც ასახიერებს და ნეგატივსაც…

მეც ბევრი რამ შევიტყვე ჩემი შვილის თაობის შესახებ, მას შემდეგ, რაც ნიკა აღარ არის. მისი მეგობრები მოვიდნენ ჩემთან არა როგორც დედასთან, არამედ როგორც მეგობართან. ბოლო თვეების განმავლობაში უამრავი ფოტო და ვიდეო ვნახე, რომელიც მის პირად ცხოვრებას ასახავს. ბევრი რამ არ ვიცოდი და სწორად გამიგეთ, არც უნდა მცოდნოდა. ყველას აქვს თავისი პირადი ცხოვრება, რომელიც არავინ უნდა იცოდეს. მიუხედავად იმისა, რომ 100%-ით მეგობრები ვიყავით, არც მე და არც მისმა ახლო წრემ არ იცოდა იმის შესახებ, რომ ის რეპკომპოზიციებს წერდა, შემდეგ აღმოვაჩინეთ. ტექსტებს თავად წერდა ინგლისურად, რაღაც ფრაზებს ვერ ვარჩევ, სამწუხაროდ, ტექსტები კი ვერსად აღმოვაჩინე. ჩემდა გასაკვირად, ისიც აღმოვაჩინე, რომ ბევრი გოგო ჰყოლია (იღიმის)…

ნიკას უამრავი ინტერესის სფერო ჰქონდა, ისეთივე, როგორიც მის თაობას, ბიტბოქსი, რეპშეჯიბრებები, კალათბურთი. ეს ლაიფსთაილი, ასევე მისი ჩაცმის განსაკუთრებული სტილი, სადაც სხვადასხვა მიმართულებას საინტერესოდ აერთიანებდა ისე, რომ ამაზე გამორჩეულად არასდროს ფიქრობდა, ყველაფერი -ახალი ბრენდის კონცეფციაში გაერთიანდა. მისი ჩაცმის სტილი ბევრისთვის იყო შთაგონება…

ნიკას ამბის შემდეგ ბევრი რამ სრულიად სხვანაირად დავინახე. ბევრი რამ ცხადი გახდა… წარმოდგენა არ მქონდა, როგორ ცხოვრობდა მისი თაობა და ახლა გავიგე. ჩვენ გვგონია, რომ ეს არის ფერადი თაობა პრობლემების გარეშე, სკოლაში მიდიან, მოდიან, მაგრამ მათ აქვთ ბევრი შიში და კომპლექსი. ძალიან ღრმა და საინტერესოა მათი ცხოვრება. ნიკას თაობის ადამიანებს ისევე აწუხებთ კომპლექსები, როგორც ჩვენ გვაწუხებდა მათ ასაკში. შესაძლოა, ამას არ გამოხატავენ, მაგრამ შიგნით ზუსტად იგივე დუღილი აქვთ, რაც ჩვენ გვქონდა.

ჩემთვის ეს ბოლო თვეები წყაროსავით არის, ყოველდღე ახალს ვიგებ ნიკას შესახებ და ამას სინანულით არ ვამბობ, პირიქით. გარემოებებმა ბევრი რამ ამოატივტივა, რაც შესაძლოა, საერთოდ არ მცოდნოდა…

ნიკას ძალიან უყვარდა ნიცშე და ის ფრაზა, რომელიც მისი სახელობის ბრენდს დაედება მთავარ საფუძვლად. მინდა, ეს ბრენდი ზუსტად ასახავდეს ნიკას, იყოს ძალიან კომფორტული და არაგაპრანჭული, ისეთი, როგორ ბუნებრივადაც გამოსდიოდა ნიკას ბევრი რამ…“

ნიკას შექმნილი კომპოზიცია

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები